მას ბუნდესლიგაში დაბრუნება უნდა და ისიც იცის, რომელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. თუკი აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა კითხვის ნიშნები, გუშინ „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების მცველმა ჟერომ ბოატენგმა ყველასათვის გასაგებად თქვა, მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა მინდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი უფრო რეალური გახდა და ახლა მთავარი ისაა, თუ რას იტყვიან მანჩესტერელები. ჟერომმა კი თავისი სურვილი ასე განმარტა: „მიუნხენური კლუბი გერმანიაში საუკეთესოა, ევროპის მასშტაბით კი ექვს საუკეთესოს შორისაა. მინდა, რომ ყველაფერი მალე გაირკვეს.“
რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში (ორშაბათის
ნომერი) კიდევ ერთხელ დაადასტურა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბოატენგი გადმოვიბიროთო. როგორც ჩანს, „სიტის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინიც მოლბა და უკვე თანახმაა, 22 წლის მცველს შეელიოს. თავად ჟერომს გერმანიაში დაბრუნება ძალიან უნდა, იქ კი, „ბაიერნი“ უდავოდ საუკეთესო მისამართია. თანაც, ბოატენგს „ბაიერნში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშებენ - იქ, სადაც ასპარეზობა ყველაზე მეტად უყვარს.
ჟერომ ბოატენგს „სიტისთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, მანჩესტერელებს კი მასში 12.5 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი. კვირის დასაწყისში ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, „სიტი“ „ბაიერნისგან“ 20 მილიონს ითხოვსო...