ბაიერნი: ორი თვე რობენის გარეშე!

AutoSharing Option
გუშინ, მიუნხენის "ბაიერნის" სამედიცინო შტაბმა რეკორდმაისტერის ქომაგებისთვის, შეფებისთვის და მწვრთნელ ლუის ვან გაალისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა: არიენ რობენი ფეხბურთს ორი თვე ვერ ითამაშებს. მიუნხენური გრანდის მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა ჰოლანდიელ დრიბლიორს კუნთის საკმაოდ მძიმე ტრავმის დიაგნოზი დაუსვა.

ისევე, როგორც მუნდიალის სხვა მონაწილეების უმეტესობა, მიუნხენში 26 წლის რობენიც ორშაბათს დაბრუნდა და მიულერ-ვოლფარტთან ტრადიციული სამედიცინო შემოწმება გაიარა. ასეთ შემოწმებას შვებულებიდან დაბრუნებული ყველა ფეხბურთელი გადის ხოლმე. გუშინ კი, მიულერ-ვოლფარტს ასეთი მძიმე დიაგნოზის დასმა მოუხდა. "ყველანი შოკში ვართ. არ მეგონა, თუ არიენს ასეთი მძიმე
ტრავმა აღმოაჩნდებოდა. თუ გვინდა, რომ ორ თვეში მაინც ითამაშოს, მან სასწრაფოდ მკურნალობა უნდა დაიწყოს," - უთხრა "ბაიერნის" მთავარმა ექიმმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ამრიგად, რობენი ნაღდად გამოტოვებს ბუნდესლიგის პირველ ტურებს და ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ პირველ ორ მატჩს (შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა 14-15 სექტემბერს იწყება). გაგახსენებთ იმასაც, რომ რობენს ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატზე აწუხებდა კუნთის ტრავმა, რომელიც მან სულაც მუნდიალის დაწყებამდე, მაგრამ არა "ბაიერნში", არამედ ჰოლანდიის ნაკრებში აიკიდა. რეკორდმაისტერის ექიმები ჰოლანდიელი ლიდერის ტრავმას ჰოლანდიის ნაკრების ექიმებს აბრალებენ და ფიქრობენ, რომ "ნარინჯისფრების" სამედიცინო შტაბმა მუნდიალამდე რობენს "აგრესიული თერაპია" ჩაუტარა, რათა არიენს მსოფლიოს ჩემპიონატზე ეთამაშა.

"მხოლოდ იმედგაცრუებულები კი არა, გაბრაზებულები ვართ, ვინ მოთვლის, მერამდენედ ვხდებით იძულებულები, რომ რომელიმე ნაკრების გამო ვიზარალოთ. ჩვენ არიენ რობენი ჰოლანდიის ნაკრებს სრულიად ჯანმრთელი ჩავაბარეთ", - ეს "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

"თუ ჰოლანდიის ნაკრების ექიმებმა მუნდიალის წინ რობენი შეამოწმეს და მას ეს ტრავმა ვერ დაუდგინეს, მაშინ უნდა ვთქვა, რომ ჰოლანდიის ნაკრებში არაპროფესიონალი ექიმები მუშაობენ. მათ რამდენჯერმე შევთავაზე დახმარება, მაგრამ უარს ამბობდნენ," - განრისხებულია მიულერ-ვოლფარტიც.

თვითონ რობენი კი ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ტკივილები არ უგრძვნია: "თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ფინალშიც 120 წუთი თავისუფლად ვითამაშე. ტკივილი არც ფინალის შემდეგ მიგრძვნია და ამიტომაც წავედი შვებულებაში. ასე რომ, ამ დიაგნოზიც მეც ძალიან გაკვირვებული და შოკირებული ვარ!"

კროოსის პრეტენზიები

ამასობაში, ტონი კროოსი, რომელიც "ლევერკუზენში" ერთწლიანი იჯარის შემდეგ, "ბაიერნში" დაბრუნდა, რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზიას გამოთქვამს. "ჩემს შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ. ფაქტია, "ბაიერნს" რომ არ ვჭირდებოდე, აქ არავინ დამაბრუნებდა," - თქვა შვებულებიდან დაბრუნებულმა კროოსმა პირველი ვარჯიშის შემდეგ.

ვან გაალი 20 წლის ნახევარმცველის ადგილს 4-2-3-1 სქემაში, ცენტრალური ფორვარდის უკან ხედავს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ტონის რომელიმე ფლანგზეც შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. თავდამსხმელის უკან ლუისი თომას მიულერს ათამაშებს ხოლმე, რომელსაც სასტარტო თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აქვს. ამრიგად, თავიდან კროოსს ალბათ რობენის პოზიციაზე ვიხილავთ.
"მინდა, რაც შეიძლება მეტ მატჩში მივიღო მონაწილეობა და "ბაიერნის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გავხდე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 60 შეხვედრა უნდა ჩავატარო და 50 გოლი გავიტანო," - ამბობს ტონი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოლ,რა სათაურია ! ცოტააა 2 თვე !
Kicker
22:37 03-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული