ბალამანია ლევერკუზენი

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევერკუზენში ბალამანიაა. მიხაელ ბალაკის ხმაურიანმა ტრანსფერმა "ბაიერის" გულშემატკივრები ეიფორიაში ჩააგდო. ამასთან, კლუბს პოტენციური სპონსორებისგან მსუყე წინადადებებიც მოუმრავლდა და ერთი სიტყვით, 33 წლის მიხაელის ტრანსფერით "ფარმაცევტები" არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ ფინანსურადაც იხეირებენ. თვითონ განსაჯეთ: დღემდე ბალაკის 20 000 მაისურაა გაყიდული.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს: მიხაელმა გუშინ ახალ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა. მასთან ერთად, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პროცესში გუნდის კაპიტანი სიმონ როლფესიც ჩაერთო. თუმცა, "ფამაცევტების" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ბალაკს და როლფესს უახლოეს ტესტ-მატჩებში მაინც
არ ათამაშებს, რადგან რისკზე წასვლა არ სურს - დიდი შანსია, რომ მიხაელს და სიმონს ტრავმები "შეუბრუნდეთ".

ბალაკს ფეხბურთი მაისის შუა რიცხვების შემდეგ აღარ უთამაშია. გეხსომებათ, ის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დაშავდა, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზა. მასთან ერთად, მუნდიალზე როლფესსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ახალგაზრდა საყრდენმა ტრავმა მიხაელზე გაცილებით ადრე მიიღო. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები 11 აგვისტოს კოპენჰაგენში დანიას ამხანაგურად ეთამაშება და ბალაკი და როლფესი არც იმ შეხვედრაში იასპარეზებენ. სამაგიეროდ, ბუნდესლიგის სტარტისთვის "ლევერკუზენს" ორივე ლიდერი მწყობრში ეყოლება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში (22 აგვისტოს) "ბაიერი" დორტმუნდის "ბორუსიას" ხვდება.

კასტრომ კონტრაქტი გააგრძელა

ამასობაში, "ლევერკუზენის" ფლანგის მცველმა გონსალო კასტრომ "ბაიერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2014 წლამდე აქვს. მის ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს ეწურებოდა. "გონსალო კასტრო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ძალიან მიხარია, რომ მასთან შეთანხმება არ გაგვიჭირდა," - ეს გუნდის სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია. "გონსო" "ლევერკუზენში" 1999 წლიდან თამაშობს და ბუნდესლიგაში "ბაიერის" მაისურით 149 მატჩი (7 გოლი) აქვს ჩატარებული. ამასთან, კასტრომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 5-ჯერ იასპარეზა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული