მერტე და მესუთი ცუდად მღერიან

AutoSharing Option
ფეხბურთელები, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის გამო შვებულება ძალიან გაუხანგრძლივდათ, "ვერდერშიც" დაბრუნდნენ. ბრემენული კლუბის შემთხვევაში მათი რაოდენობა მხოლოდ სამია: ტიმ ვიზე, პერ მერტეზაკერი და მესუთ იოზილი. "მუსიკოსების" მთავარი მწვრთნელი თომას შააფი, ცხადია, კმაყოფილია იმით, რომ ახლა უკვე ყველა შეგირდი მის განკარგულებაშია, მაგრამ ზემოთ ხსენებული სამეულიდან, ორმა აურია. არევაში კი იმას ვგულისხმობთ, რომ მუნდიალიდან დაბრუნების შემდეგ, რაკი სამხრეთ აფრიკაში თავი გამოიჩინეს და მთხოვნელებიც მოუმრავლდათ, იოზილი და მერტეზაკერი უკვე "სხვანაირად მღერიან".

დავიწყოთ იოზილით, რომლის საკითხი ყველაზე აქტუალურია. "ვერდერისა" და გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი პირველ ვარჯიშზე
კარგად დასვენებული და ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა. "მართლა კარგად დავისვენე და მიხარია, რომ სულ მალე ისევ ფეხბურთს ვითამაშებ," - განუცხადა მესუთმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. კითხვაზე, აპირებს თუ არა ის "ვერდერის" დატოვებას ახლავე და რამდენია იმის შანსი, რომ ბრემენულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს (იოზილს ხელშეკრულების ვადა გაისად ეწურება), ახალგაზრდა ფეხბურთელმა, "ვერდერის" შეფებისა და ქომაგების საუბედუროდ, ასე უპასუხა: "მე აქ ვარ და მეტს ვერაფერს გეტყვით."

უბედურება კი ის არის, რომ თუ იოზილი ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, რაც მისი ადრინდელი კომენტარებიდანაც ჩანს, გამოდის, რომ ბრემენელები მას გაისად უფასოდ დაკარგავენ - არადა, მესუთის ფასი მინიმუმ 20 მილიონი ევროა. "ბილდის" კორესპონდენტი იოზილს ჩაეკითხა, ახლა აქ ხარ, მაგრამ როდემდეო, რაზეც იგივე პასუხი მიიღო: "ვერდერთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და აქ ამიტომაც ვარ." "ბილდის" ჟურნალისტი კი წერს, რომ იოზილს მონდომება არ ეტყობა და ფაქტია, რომ გაისად კლუბის უფასოდ დატოვებაზე ფიქრობს.

რაც შეეხება მერტეზაკერს: პერის შესახებაც ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაციები. მიმომხილველებმა მისი ბედი არაერთხელ დაუკავშირეს ლონდონის "არსენალს" და "მეთოფეების" მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც დაადასტურა, რომ მერტეს შეძენა უნდა. გერმანიის ნაკრების უკანახაზელმა სპეკულაციებისთვის ბოლოს მოღება არც კი სცადა – პირიქით, ცეცხლზე ნავთი დაასხა.
"შვებულებაში ყოფნის დროს, დასვენების გარდა, არაფერზე მიფიქრია. ვიცი, რომ მთხოვნელები მყავს, მაგრამ ჯერ არაფერი მომხდარა," - თქვა მერტეზაკერმა. კითხვაზე, მოხდება თუ არა რამე უახლოეს მომავალში, პერმა მხოლოდ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა...
სამაგიეროდ, ტიმ ვიზე ნამდვილად "ვერდერში" რჩება და უაღრესად მოტივირებულია...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული