ვოლფსბურგი: ფრიდრიხს კაპიტნად ნიშნავენო...

AutoSharing Option
"ვოლფსბურგმა" გერმანიის ნაკრების მცველ არნე ფრიდრიხში 2 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს ნამდვილად არ არის "მგლების" ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, მაგრამ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც გერმანიის ექს-ჩემპიონმა შეიძინა, ფრიდრიხი ყველაზე სახელოვანია. 31 წლის გამოცდილი უკანახაზელი "ვოლფსბურგს" ორშაბათს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის სამზადისში ჩაერთო. ოფიციალურ პრეზენტაციაზე არნემ თქვა: "ვოლფსბურგში" უდიდეს პოტენციალს ვხედავ. ჩვენ მართლაც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მე უკვე 31 წლის ვარ და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვიბრძოლო უმაღლესი მიზნებისთვის!"

ამრიგად, "მგლები" ახალი სეზონისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადებიან, რაც მენეჯერ დიტერ
ჰიონესის ბედნიერების საბაბია. ბოსის თქმით, გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ კიდევ რაღაც მოხდეს. მაგალითად, დიდი შანსია, რომ "ვოლფსბურგი" 29 წლის იტალიელმა მცველმა, ანდრეა ბარძალიმ დატოვოს. როგორც იცით, ფრიდრიხთან ერთად, "მგლებმა" ახალგაზრდა დანიელი მცველი სიმონ კიაერიც იყიდეს, რის გამოც ბარძალის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აღარ აქვს. იტალიელს კი თამაში უნდა დიტერ ჰიონესმა მას გუნდიდან წასვლის ნება დართო. "კიკერის" ინფორმაციით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს იტალიაში დაბრუნება არ სურს, ისე კი, სერია A-ს არაერთი კლუბი ეპატიჟება.

სამაგიეროდ, უკვე ასი პროცენტით გადაწყდა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი გრაფიტე "ვოლფსბურგში" დარჩება. ჰიონესის თქმით, 31 წლის გოლეადორის წასვლა უკვე საბოლოოდ გამოირიცხა. გრაფიტეს შენარჩუნების მიზეზები: ჯერ ერთი, მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა თქვა, რომ ბრაზილიელი ძალიან სჭირდება და ამასთან, გრაფიტეთი დაინტერესებულ კლუბებს (ყაზანის "რუბინი", მოსკოვის "ლოკომოტივი"), "ვოლფების" მიერ მოთხოვნილი თანხა, 9 მილიონი ევრო ეძვირებათ. რაც შეეხება ედინ ჯეკოს, დიტერ ჰიონესი ამბობს, მიუნხენის "ბაიერნსაც" უარი შევუთვალეო.

დავუბრუნდეთ ფრიდრიხს, რომელმაც ახალ გუნდში პირველი ვარჯიშის შემდეგ, ასეთი განცხადება გააკეთა: "მე არ ვარ სასწაულმოქმედი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. ვფიქრობ, საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისათვის, რომ "ვოლფსბურგის" დაცვის ცენტრი ჩემთან ერთად გაცილებით სტაბილური იყოს, ვიდრე წინა სეზონში."
არნეს ტრანსფერითა და შემართებით თვითონ მაკლარენიც უაღრესად კმაყოფილია. "ფრიდრიხს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაკვირდებოდი და გაოცებული დავრჩი. არ მესმის, როგორ გავარდა ბერლინის "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში, თუკი ამ გუნდს დაცვაში არნე ფრიდრიხი ჰყავდა," - თქვა მაკლარენმა.

ვინ იქნება მგლების კაპიტანი?

ამასობაში, ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "ვოლფსბურგს" ახალ სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება და გუნდის თავს მაკლარენი უახლოეს მომავალში დაასახელებს. "მგლების" კაპიტანი აქამდე ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ჟოსუე გახლდათ - მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კარგად არ იცის. მაკლარენს კი ისეთი კაპიტანი სურს, რომელიც ყველა თანაგუნდელს დაელაპარაკება. დიდი შანსია, რომ "მგლების" კაპიტანი სწორედ ფრიდრიხი გახდეს. არნე ბერლინშიც ლიდერი და კაპიტანი იყო. შესაბამისად, სამკლავურის მორგების საუკეთესო შანსი სწორედ მას აქვს. თვითონ ფეხბურთელი ამბობს, რომ კაპიტნობაზე პრეტენზია არ აქვს.

ფრიდრიხის გარდა, კაპიტნობის რეალური კანდიდატები არიან შვეიცარიელი მეკარე დიეგო ბენალიო, მარცხენა მცველი მარსელ შეფერი და მარჯვენა მცველი საშა რიტერი. გამორიცხული არც ისაა, რომ მაკლარენმა კაპიტნად სულაც ჯეკო დანიშნოს და ამით ბოსნიელ თავდამსხმელს წასვლა გადააფიქრებინოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული