რეკორდმაისტერი 7 ფეხბურთელით დაიქოქა!

AutoSharing Option
გუშინდელი დილის შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნში“ უკვე აღარავის ახსოვს გასული სეზონი, რომელიც გერმანიის რეკორდმაისტერმა უჩვეულოდ ცუდად ჩაატარა, რადგან გუშინ, დილის ათ საათზე ბავარიულმა გრანდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო - რა თქმა უნდა, ახალ მწვრთნელთან, იუპ ჰაინკესთან ერთად.

ასისტენტებთან, პეტერ ჰერმანთან, ჰერმან გერლანდთან და მეკარეების მწვრთნელ ტონი ტაპალოვიჩთან ერთად, „დონ იუპი“ ფეხბურთელების მხოლოდ მცირერიცხოვან რაოდენობას (სულ 7) მიესალმა. მათ შორის იყვნენ ახალწვეულები რაფინია და ნილს პეტერსენიც. მათთან ერთად ივარჯიშეს დიეგო კონტენტომ, ლუის გუსტავომ, იორგ ბუტმა, მესამე მეკარე როუვენ ზატელმაიერმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა,
რომელსაც ამას წინათ გერმანიის ნაკრებში არ უთამაშია და შვებულება არ გაუხანგრძლივდა. ბუნდესგუნდის 13 მოთამაშე, მათ შორის ბუნდესმეკარე მანუელ ნოიერი, რომელიც „ბაიერნში“ „შალკედან“ გადავიდა, ჰაინკესის განკარგულებაში პარასკევიდან იქნებიან. გაცხადდა ერთი საკმაოდ საინტერესო სიახლეც: „ბაიერნში“ პირველად ითამაშებს იაპონელი ფეხბურთელი - როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხელებმა ტაკაში უსამი იყიდეს.

„ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის მზადება ტრადიციული ტონით დაიწყო და გერმანიის მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის „ბორუსიას“ ომი გამოუცხადა. მეტიც, მიუნხენელები დარწმუნებულები არიან, რომ რეკორდმაისტერი „დორტმუნდს“ საჩემპიონო ტახტიდან აუცილებლად ჩამოაგდებს - აკი თომას მიულერმაც თქვა, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით, სხვა რამე გამორიცხულიაო. თუმცა ბავარიელები მხოლოდ გერმანიის ჩემპიონობას როდი უმიზნებენ - მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა (ფინალი ხომ მიუნხენში გაიმართება) და გერმანიის თასიც მოგებაც უნდათ. 66 წლის ჰაინკესი, რომელიც თავის სამწვრთნელო კარიერაში „ბაიერნს“ სათავეში მესამედ ჩაუდგა, ამბობს, რომ რეკორდმაისტერში დაბრუნება და სახელდობრ ეს სეზონი მისთვის უდიდესი გამოწვევაა.

ლამი: მინიმუმ დუბლი გვინდა!
მიზნებისა და გეგმების შესახებ ყველაზე მეტი კაპიტან ფილიპ ლამს უნდა ეთქვა და მანაც სიტყვები არ დაინანა: „ბაიერნი“ იმდენად მაღალი კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომ ამ სეზონში მინიმუმ დუბლის შესრულება გვინდა. 2010/2011 წლების სეზონი უკვე დავიწყებას მიეცა და რაც მთავარია, გავძლიერდით კიდეც. გერმანიის ჩემპიონობა და თასის მოგება აუცილებელია, აი, ჩემპიონთა ლიგაში კი, მართალია, ფინალში გასვლაზე ვოცნებობთ, მაგრამ ვფიქრობ, პროგრამა მინიმუმი მერვედფინალის გადალახვა უნდა იყოს.“

ლამის განცხადებაში ფანებს ალბათ მხოლოდ ბოლო წინადადება არ მოეწონებათ, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშს რეკორდმაისტერს წარმატებაში არავინ ჩაუთვლის. სამაგიეროდ, ქომაგები კაპიტანს აუცილებლად დაეთანხმებიან იმაში, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში პირველიდან ბოლო ტურამდე უნდა დომინირებდეს. თუმცა ფილიპი ამბობს, არც ეს იქნება მარტივიო, ფანებს კი მართლა არ მოეწონებათ ის, რომ ლამი მიზნებზე საუბრისას თავსაც იზღვევს. კაპიტანი ოპტიმისტურად უყურებს ჰაინკესის მესამე ერის დაწყებას „ბაიერნში“. დონ იუპი მიუნხენურ კლუბს პირველად 1987-დან 1991 წელს წვრთნიდა, მეორედ კი 2009 წელს, დროებითი მწვრთნელის რანგში იმუშავა.

„იუპმა თითოეული ფეხბურთელის შესახებ ყველაფერი იცის. მან უწყის, როგორ ფუნქციონირებს „ბაიერნი“ და რა სჭირდება ამ გუნდს წარმატებისთვის. გული კარგს მიგრძნობს,“ - ეს „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

ბოატენგი და ჯენინგსი
მიუხედავად იმისა, რომ რაფინიას ტრანსფერის გამო მან დაცვის მარცხენა ფლანგზე უნდა გადაინაცვლოს, სადაც თამაში ნაღდად არ ეპიტნავება, ფილიპ ლამსაც უხარია ის, რომ გუნდის მწვრთნელი ჰაინკესი იქნება. „იუპი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, ჩამოყალიბებული სტილითა და სტრატეგიით. ჰაინკესი არც შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და არც დაცვითს. ის ყოველთვის ისე იქცევა, როგორც საჭიროება მოითხოვს. ვან გაალის დროს ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გვჭირდებოდა, თუ არ გვჭირდებოდა, ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით. ასე კი არ შეიძლება,“ - ამბობს კაპიტანი.

ამ ეტაპზე „ბაიერნის“ სატრანსფერო აქტივობებიდან ყველაზე აქტუალური თემა დაცვის ცენტრის გაძლიერებაა და „მანჩესტერ სიტისთან“ ჟერომ ბოატენგის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შევიდა. თვითონ ფეხბურთელმა უკვე თქვა, მიუნხენელებს ყველაფერზე შევუთანხმდი და „ბაიერნში“ გადასვლა მინდაო. ახლა მთავარია, კლუბებიც შეთანხმდნენ და გერმანიის ნაკრების მცველი „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება.

გამოიკვეთა და დაკონკრეტდა დეილ ჯენინგსის მოსალოდნელი ტრანსფერიც. ბრიტანული გამოცემების ცნობით, შაბათს ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი მიუნხენში შაბათს ჩავა და დასკვნით მოლაპარაკებებს გამართავს. ბავარიელები მზად არიან, მასში ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადონ და თუ ჯენინგსი რეკორდმაისტერში ადგილს დაიმკვიდრებს, სატრანსფერო თანხა 1.7 მილიონამდე გაიზრდება. სამაგიეროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჰაინკესი და კომპანია ლევერკუზენელი არტურო ვიდალის გადაბირებას ვერ შეძლებენ. „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელები ყოველდღე იმეორებენ, ვიდალს „ბაიერნს“ არაფრისდიდებით არ დავუთმობო.

უსამის ტრანსფერი გადაწყდა
სამაგიეროდ, უკვე გადაწყდა და ოფიციალურად დადასტურა 19 წლის იაპონელის, ტაკაში უსამის ტრანსფერი. ეს უკანასკნელი ნახევარმცველია, „გამბა ოსაკაში“ თამაშობდა და იაპონიაში უდიდეს ტალანტადაა მიჩნეული. უსამის მარჯვენა ან მარცხენა გარემარბის ფუნქციების შესრულება შეუძლია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელი იქნება.

იაპონელებმა უსამის ტრანსფერი გუშინ დაადასტურეს. ნიჭიერი ფეხბურთელი „ბაიერნში“ თავიდან ნახევარწლიანი არენდით ითამაშებს და თუ რეკორდმაისტერის მწვრთნელს თავს მოაწონებს, ბავარიელები მის კონტრაქტს იანვარში გამოისყიდიან. „ასეთი შანსი ადამიანს ყოველდღე ნამდვილად არ ეძლევა. ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, საუკეთესო ვარსკვლავებთან ერთად უნდა ვითამაშო. თავს არ დავზოგავ იმისათვის, რომ „ბაიერნში“ ყველას თავი მოვაწონო,“ - ამბობს უსამი, რომელსაც იაპონიის ნაკრებში დებიუტი ცოტა ხნის წინ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა მანამდე მხოლოდ სამი ფეხბურთელი, მანუელ ნოიერი (შალკედან), ნილს პეტერსენი (კოტბუსიდან) და რაფინია (ჯენოადან) გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული