ერთწლიანი პირობითი პატიმრობა იმას არ ნიშნავს, რომ ლუკაში ციხეში უნდა ჩაჯდეს - ის თავისუფალი იქნება და ფეხბურთსაც უპრობლემოდ ითამაშებს. თუმცა დამნაშავედ სცნეს, უფრო სწორად, დანაშაული თვითონ აღიარა. პირობით პატიმრობასთან ერთად კი, 37 000 ევროს
როგორც ალბათ თვითონაც მიხვდით, საქმე მატჩის მანიპულირებას ეხება. ლუკაშ პიჟჩეკმა თვითონ მიმართა პოლონეთის სამართალდამცავ ორგანოს და აღიარა, რომ 2005/2006 წლების სეზონში, როცა „ლუბინის“ ღირსებას იცავდა, თანაგუნდელებთან ერთად კრაკოველ ფეხბურთელებს 25 000 ევრო გადაუხადა იმისათვის, რომ პიჟჩეკის გუნდთან დამარცხებულიყვნენ. „ლუბინს“ იმ შეხვედრის მოგება ძალიან სჭირდებოდა, რადგან სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში უეფას თასის საგზურს მოიპოვებდა.
პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანციშეკ შმუდა აცხადებს, ლუკაშზე უარის თქმას არ ვაპირებ, ხუთი წლის წინ რომ „გაერთო“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებიდან უნდა მოვკვეთოო. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან პიჟჩეკი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ძალიან სჭირდება. პიჟჩეკს ამის გამო არც დორტმუნდში შეექმნება პრობლემები - „ბორუსიას“ მენეჯერმა მიხაელ ცორკმა თქვა, რომ ეს თემა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
გერმანიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი ამბობს, მიხარია, რომ ლუკაშმა დანაშაული თვითონვე აღიარაო. ერთადერთი ადამიანი, ვინც პიჟჩეკის პოლონეთის ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა, ლეგენდარული მეკარე იან ტომაჟევსკია. 63 წლის ტომაჟევსკიმ ნაკრებიდან ლუკაშის მოკვეთა (მინიმუმ ორი წლით) მოითხოვა. მისი თქმით, მანიპულაციის ნებისმიერი სახე, მათ შორის მეტოქე გუნდისთვის ფულის გადახდა სასტიკი დანაშაულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"