ოსაკადან პირდაპირ მიუნხენში

AutoSharing Option
მას მერე, რაც გადაწყდა, რომ ახალგაზრდა იაპონელი ფეხბურთელი ტაკაში უსამი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს (ეს კი სამიოდ დღის წინ მოხდა), მის შესახებ გერმანიაში ბევრი ითქვა და დაიწერა. მოგეხსენებათ, როგორ უყვართ გერმანელებს ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული სტატუსების მინიჭება და ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც ეს უსამია – ევროპაში აქამდე ყველასათვის უცნობი მოთამაშე, რომელმაც თვით რეკორდმაისტერში უნდა მოსინჯოს ძალები.

იაპონიაში მასზე ამბობენ, ტოპ-ტალანტიაო. ამასთან, ის არის პირველი იაპონელი ფეხბურთელი, რომელიც „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს და უსამი მიუნხენურ გრანდში გარკვეულწილად ექსპერიმენტიცაა. ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი კი მას
უკვე თომას მიულერს ადარებს და მეტიც – ამსგავსებს.

იაპონიაში სიამოვნებით ჰყვებიან ხოლმე ამბავს ერთ პატარა ბიჭზე, რომელიც ათი წლისაც არ იყო, მაგრამ უკვე ბევრი რამ გაეგებოდა და სრულყოფილების ძებნაში ახალ-ახალ გამოწვევებს აწყდებოდა...

როგორც ჩანს, ტაკაში უსამისაც მობეზრდა თანამემამულე თანატოლებთან ბურთაობა, თუმცა მარტო მობეზრება საკმარისი რომ არ იქნებოდა, ესეც ცხადია – ალბათ ტყუილად არ ამბობენ, უსამი გამორჩეული ტალანტიაო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ბაიერნში“ ვერ აღმოჩნდებოდა. თუ ჩვენს იაპონელ კოლეგებს დავუჯერებთ, ხანდახან სამი-ოთხი თალატოლიც კი ვერ ართმევდა ბურთს.

ერთი სიტყვით, იმ პატარა, ათწლამდელი ბავშვისა არ იყოს, იაპონელი მიმომხილველები უსამიზეც ძალიან ბევრ რამეს ჰყვებიან. მათ შორის ამას: ერთხელ ტაკაშის თანაგუნდელებისთვის უთხოვია, აბა, მთელი გუნდი დამიდეგით და თქვენს მოტყუებას ვეცდებიო...

მომდევნო ნაბიჯი
...უსამიმ ბურთი მიიღო და დრიბლინგი წამოიწყო. ამბობენ, ცხრა მოწინააღმდეგეს უპრობლემოდ გასცდა და მხოლოდ მეათეს მოტყუება გაუჭირდა, თუმცა ბოლოს ისიც სიცარიელეში მიაწვინაო. ამას იაპონელები ამბობენ და იქვე ამატებენ, გასაკვირი სულაც არაა, რომ ეს ვუნდერკინდი ახლა „ბაიერნმა“ ინათხოვრაო.

17 წლის იყო, როცა აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის ნება დართეს, 18 წლის იყო, როცა „ჯეი ლიგის“ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ახლა კი 19 წლისაა და კარიერული წინსვლისკენ მომდევნო ნაბიჯი გადადგა – „გამბა ოსაკადან“ „ბაიერნში“ გადავიდა.

ბაიერნს ტაკაში ზამთარშიც უნდოდა
რეკორდმაისტერმა უსამი ჯერ მხოლოდ ნახევარი წლით ინათხოვრა და ამბობენ, მიუნხენელებმა ამ არენდისთვის 300 000 ევრო გადაიხადესო. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ისიც გამოარკვიეს, რომ თუ უსამი ბავარიული გრანდის მწვრთნელსა და ბოსებს თავს მოაწონებს, ზამთარში „ბაიერნი“ „ოსაკას“ მილიონნახევარ ევროს გადაუხდის და ტაკაშიც სრულფასოვანი ბაიერნელი გახდება. მანამდე კი, პატარა იაპონელი „ზებენერშტრასეზე“ ჯერ მხოლოდ სტუმარია.

აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერს მისი გადაბირება ზამთარშიც უნდოდა და მიუნხენელებმა იაპონური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული უსამი მიუნხენში სინჯებზეც დაპატიჟეს, მაგრამ „ოსაკასთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი ახალი გაფორმებული ჰქონდა და მიუნხენში სინჯებზე ჩასვლა ამიტომაც იუარა.

ქება ჰაინკესისგან
ახლა კი „ბაიერნს“ სერიოზული კონკურენტები ჰყავდა, რადგან ამ ნახევარ წელიწადში ტაკაში უსამის ამბავი ევროპაში ყველა წამყვანი კლუბის შეფობისთვის ცნობილი გახდა. ეპატიჟებოდნენ „შალკესა“ და „ლევერკუზენში“, „პალერმოსა“ და „ჩეზენაში“, ინგლისში, ესპანეთში, რუსეთში, სადაც ძალიან მაგარ პირობებს სთავაზობდნენ, პორტუგალიაში (ლისაბონის „ბენფიკა“) და ა.შ.

უსამიმ კი უპირატესობა „ბაიერნს“ მიანიჭა – მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენურ გრანდში უკვე აღარ მუშაობს მწვრთნელი, რომელმაც მას თავის დროზე თვალი დაადგა. ლუის ვან გაალს ვგულისხმობთ, რომელიც იუპ ჰაინკესმა შეცვალა. „ბაიერნის“ ჰოლანდიელი ექს-დამრიგებელი ამბობდა, ტაკაში უსამი ძალიან ნიჭიერი გამთამაშებელია და უდიდესი პოტენციალი აქვსო. იაპონელს ჰაინკესიც აქებს: „უსამი მართლა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. ვერცხლისწყალივით მოძრავი, ძალიან ტექნიკური ბიჭია. ამასთან, უაღრესად მშრომელი და დადებითი პიროვნებაა,“ - ამბობს „დონ იუპი“.

გომესის სრულყოფილი პარტნიორი?
ჰაინკესს ამ ფეხბურთელში ყველაზე მეტად მისი მრავალმხრივობა მოსწონს. უსამის შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში – გარდა ტიპური ცენტრფორვარდისა. მაგალითად, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში შეუძლია, იყოს როგორც მარჯვენა გარემარბი, ისე გამთამაშებელი და მარცხენა გარემარბი და რაც მთავარია, სამივე პოზიციაზე ერთნაირად კარგად თამაშობს.

იმ ექსპერტების აზრით, ვისაც უსამის თამაში ცოცხლად აქვს ნანახი, უსამისთვის იდეალური ის იქნება, რომ „ბაიერნმა“ ორი თავდამსხმელით იასპარეზოს, მას კი მეორე, მოძრავი ფორვარდის როლი ჰქონდეს, რომელსაც მარიო გომესის პასებით მომარაგება დაევალებაო. ამას იაპონელი საფეხბურთო ჟურნალისტი ტოშიკი სუძუკი ამბობს.

შედარება მიულერთან
გარდა იმისა, რომ ბურთს ორივე ფეხით თავისუფლად ფლობს, უსამის მთავარი პლუსი ნერვაუტოკებლობაა. კართან ყოველთვის ცივსისხლიანია და საგოლე მომენტებს უპრობლემოდ იყენებსო, ამბობს სუძუკი. შესაბამისად, გერმანელი ჟურნალისტები პარალელს თომას მიულერთან ავლებენ და სხვათა შორის, არა მარტო ამიტომ...

ისევე, როგორც მიულერი, თამაშს უსამიც გრძნობს და საჯარიმოს მისადგომებთან თუ საჯარიმოში, ყოველთვის ძალიან ჭკვიანურად მოძრაობს. სხვამხრივ, უსამი მიულერზე გაცილებით სხარტია. კითხვაზე, თავისი სტილით ლიონელ მესის უფრო ჰგავს, თუ კრიშტიანო რონალდოს, სუძუკი პასუხობს, მესიო...

პარალელები შინჯი კაგავასთან
სამაგიეროდ, უსამის სტაბილურობა აკლია და არც ფიზიკურადაა მაინცდამაინც კარგად მომზადებული. თვითონ განსაკეთ, „ჯეი ლიგაში“ თითქმის ყოველთვის სადღაც მე-60, 70-ე წუთისთვის ცვლიდნენ. სტატისტიკა კი ნორმალური აქვს: შარშანდელ სეზონში, როცა ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. წელს კი 11 მატჩში, მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 პასია.

„დორტმუნდელ შინჯი კაგავასთან პარალელების გავლება ძალიან ძნელია, რადგან უსამის ჯერ არ დაუმტკიცებია, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელია. კაგავას იაპონიაშივე ჰქონდა დამტკიცებული, რომ გამორჩეული ტალანტია, რადგან „ჩერეცო ოსაკაში“ ყველაფერი ის იყო, ყველა შეტევას ის იწყებდა და აგრძელებდა. „გამბა ოსაკაში“ კი ტაკაში უსამი ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ „გამბას“ ნახევარდაცვასა და შეტევაში გაცილებით დიდი კონკურენციაა და ხანდახან სკამს ამიტომაც ახეხინებდნენ. ასე რომ, მას ჯერ არ უგრძვნია ის ყოველკვირეული წნეხი, რასაც კაგავა თავის დროზე იაპონიაშივე გრძნობდა. შინჯის დორტმუნდში თავის გატანა სწორედ ამიტომ არ გაუჭირდა,“ - ამბობს იაპონური ფეხბურთის გერმანელი ექსპერტი კარსტენ ნაიტცელი.

ასე რომ, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს უსამი, „ბაიერნისთვის“ ის ჯერ მაინც ექსპერიმენტია, რომელიც ან გაამართლებს, ან არა. მან არც გერმანული იცის და არც ინგლისური, „ჯეი ლიგიდან“ პირდაპირ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში გადასვლა კი ხუმრობა არ არის. თუმცა საკმარისად თავდაჯერებული ჩანს, რამაც, შეიძლება, ადაპტაცია იოლად გადაატანინოს. სუძუკი ამბობს, იაპონიაში მასზე ამბობენ, რომ ძალიან აროგანტი და ამაყიაო. ყოველ შემთხვევაში, იაპონური საზომით ნაღდად ასეა.

შანსი აუცილებლად მიეცემა
„ბაიერნში“ ფლანგებიდან არიენ რობენი და ფრანკ რიბერი უტევენ ხოლმე, რომლებსაც უსამი ძირითადი შემადგენლობიდან ნაღდად ვერ ამოაგდებს. თუმცა ფრანგიცა და ჰოლანდიელიც, საკმაოდ ხშირად იღებენ ტრავმებს, რაც იაპონელის შანსი იქნება. ჰამით ალთინთოფის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, რიბერის ან რობენის შეცვლა დღეს რეკორდმაისტერში მხოლოდ მიულერს, ტონი კროოსს და დანიელ პრანიჩს შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსამი უშანსოდ არ არის. თუმცა თავად მას რომ ჰკითხოთ, იაპონელი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად მიეცემა და თანაც, არაერთხელ.

„ეს არის შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩამოვედი და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. მინდა, გერმანულ პუბლიკას ჩემი დრიბლინგები ვაჩვენო და „ბაიერნის“ ქომაგები ძალიან გავახარო. ჩემი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაა, „ბაიერნი“ კი ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო შანსს მაძლევს,“ - აი, ასეთი ამბიციურია ტაკაში უსამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული