ოპერაცია ბორდელი

AutoSharing Option
კვირას გამთეენისას, „კაიზერსლაუტერნის“ ფეხბურთელებს ისეთი ისტორია გადახდათ, „ბილდმა“ ამის შესახებ გუშინ სტატია რომ გამოაქვეყნა, გარეთ თავი არცერთს აღარ გამოეყოფა.

მოკლედ, შაბათს საღამოს „ლაუტერნის“ მეკარე ტობიას ზიპელმა (23 წლის) და ნახევარმცველებმა, თანოს პეცოსმა (20) და ივო ილიჩევიჩმა (24) გართობა გადაწყვიტეს და რა თქმა უნდა, კლუბ „ნახთშიხთს“ მიაშურეს, სადაც გვარიანად გამოთვრნენ. შუაღამისას, კლუბიდან გამოსვლის შემდეგ კი, მთვრალები ზიპელის BMW M3-ში მოკალათდნენ და ბორდელ Eros Center-ისკენ აიღეს გეზი.

ავტომობილის დაპარკინგების დროს, ზიპელმა დაყენებულ მანქანას დაარტყა, მერე მის გვერდით გააჩერა და ბიჭები საროსკიპოში შევიდნენ.
ავარია ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა კი ზიპელი, პეცოსი და ილიჩევიჩი პირდაპირ ბორდელში აიყვანეს.

„საქმე ორი მუხლით აღიძრა: ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და მეორე ავტომობილის დაზიანება. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,“ - აცხადებს კაიზერსლაუტერნის პროკურორი პაულ შაიდნერი.

სამივე ფეხბურთელმა გუშინ ჰერქსჰაიმში გუნდთან ერთად ივარჯიშა. მენეჯერი შტეფან კუნტცი სამივეზე გაბრაზებულია და მათ საქციელს გმობს. „ბრალდებები ჩვენთვის უკვე ცნობილია, მაგრამ რაკი გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სხვა ოფიციალურ კომენტარს არ გავაკეთებთ,“ - ნათქვამია „კაიზერსლაუტერნის“ ოფიციალურ განცხადებაში. ცხადია, კომენტარზე ფეხბურთელებმაც უარი თქვეს.

ფაქტია, რომ ზიპელს მართვის მოწმობას მინიმუმ ცხრა თვით ჩამოართმევენ და ცხადია ისიც, რომ იქნება საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმაც. გერმანიის კანონმდებლობაში ასეთ დროს ფულადი ჯარიმა დამნაშავის შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება: რაც უფრო დიდია შემოსავალი, მით უფრო იზრდება ჯარიმაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული