უარი "მანჩესტერს", ჰუნტელაარი რჩება!

AutoSharing Option
„შალკეს“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა ბოლო მოუღო მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გელზენკირხენული კლუბი დატოვოს.

გაირკვა, რომ მისი გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა, მაგრამ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰუნტელაარმა განმარტა, რომ „შალკედან“ წასვლას არ აპირებს. „მანჩესტერი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ „შალკედან“ წასვლას არ ვაპირებ. მინდა, რომ გელზენკირხენულ კლუბში კარგი სეზონი ჩავატარო,“ - განაცახადა ჰუნტელაარმა.

ევროპის ტოპ-კლუბებში თამაშის გამოცდილება ჰუნტელაარს აქვს და მხოლოდ გუნდის სახელის გამო ასეთი ნაბიჯის გადადგმას აღარ აპირებს. 2008/2009 წლების სეზონის მეორე ნახევარი მან მადრიდის „რეალში“ გაატარა, საიდანაც
„მილანში“ ამოყო თავი, მანამდე კი, ჰოლანდიაში „ეინდჰოვენის“, „გრააფსხაპის“, „ჰერენვენის“ და „აიაქსის“ ღირსებაც იცავდა. „რეალსა“ და „მილანში“ ჰუნტელაარს ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდნენ და ალბათ სწორედ ამიტომ ვერ რისკავს „მანჩესტერში“ გადასვლასაც. „შალკეში“ კი, სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აძლევენ.

გელზენკირხენულ კლუბში ჰუნტელაარი ერთი წლის წინ, „მილანიდან“ გადავიდა და „შალკეს“ მისი შეძენა 14 მილიონი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგის 24 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო. ჰუნტელაარს „შალკესთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს.

გუშინდელი დღის შემდეგ, სხვა შალკელებთან ერთად ჰუნტელაარიც ვარჯიშობს და შეიძლება ითქვასხ, რომ ახალი სეზონისთვის დიდი მონდომებით ემზადება. მასთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს კაპიტნობის კანდიდატმა ბენედიქტ ჰიოვედესმა, აცუტო უჩიდამ და კირიაკოს პაპადოპულოსმაც. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა შვეიცარიელი მარიო გავრანოვიჩიც, რომელმაც დანიაში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა ამ უკანასკნელმა გამოჯანმრთელებულ რაულთან ერთად, მხოლოდ მსუბუქად ივარჯიშა.

შალკეს სისეც უნდა
ამასობაში, გელზენკირხენელები ჰუნტელაარის შენარჩუნებით არ კმაყოფილდებიან და კიდევ ერთი ახალი თავდამსხმელის ყიდვას აპირებენ. „შპორტ ბილდის“ ინფორმაციით, „შალკე“ „ფრაიბურგის“ გოლეადორ პაპის დემბა სისეს უმიზნებს – ფეხბურთელს, რომელმაც გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.

ხსენებული გამოცემა გუშინდელ ნომერში წერდა, რომ „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ფრაიბურგელ კოლეგებს დაუკავშირდა და მათ სისეს შესახებ ჩამოუგდო სიტყვა. „შპორტ ბილდის“ ინფორმაციით, „ფრაიმ“ 15 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც „შალკეს“ ბოსს ეძვირა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ვაჭრობა აუცილებლად გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული