კიოპკეს რჩევა ადლერს: დარჩი!

AutoSharing Option
ლევერკუზენის „ბაიერის“ 26 წლის მეკარე რენე ადლერს „ფარმაცევტებთან“ კონტრაქტი მხოლოდ 2012 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გერმანიის ნაკრების მეორე მეკარე ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, გაისად „ლევერკუზენიდან“ წასვლა უფასოდ შეეძლება. შესაბამისად, კლუბის ბოსები ძალიან ნერვიულობენ და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ადლერი ახალ კონტრაქტზე დაითანხმონ, რადგან რენეს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს.

„ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერის“ ხელმძღვანელებმა ადლერს მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და მზად არიან, წელიწადში სამი მილიონი ევრო გადაუხადონ, მაგრამ ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელებს ნამდვილად გაახარებდა
გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელ ანდრეას კიოპკეს განცხადება, რომელმაც ადლერს ბუნდესლიგაში დარჩენა ურჩია.

„რენეს ვურჩევ, გერმანიიდან არ წავიდეს. ბუნდესლიგის პროგრესი სახეზეა, გაისად გერმანიიდან ჩემპიონთა ლიგაში უკვე ოთხი გუნდი გავა და გერმანული კლუბები ევროტურნირებზე სულ უფრო და უფრო კარგად ასპარეზობენ. აქედან გამომდინარე, რენესთვის გერმანიაში დარჩენა იდეალური გადაწყვეტილება იქნება. აქ მას შეუძლია, იმაშიც დარწმუნებული იყოს, რომ დაპირებულ ხელფასს აუცილებლად მიიღებს. სხვა ქვეყნებში კი შედარებით არასტაბილური მდგომარეობაა,“ - აცხადებს 49 წლის კიოპკე.

რჩევა ბუნდესლიგაში დარჩენასთან დაკავშირებით, ადლერის შემთხვევაში ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ანდი კიოპკე მას „ლევერკუზენში“ დარჩენას ურჩევს, რადგან რენე ყველასათვის საოცნებო გერმანულ კლუბში, მიუნხენის „ბაიერნში“ უკვე ვეღარ გადავა, რადგან რეკორდმაისტერმა მანუელ ნოიერის სახით გერმანიის ნომერ პირველი კიპერი შეიძინა. შესაბამისად, „ბაიერნს“ ახალი მეკარე კიდევ დიდხანს აღარ დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული