დონ იუპის მოწინავე მოწაფეები

AutoSharing Option
მიუნხენის „ბაიერნი“ იტალიური შეკრებიდან დაბრუნდა. ბავარიელებმა ტრენტინოში 14 დღე გაატარეს და როგორც რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ამბობს, შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. „კიკერმა“ „ბაიერნის“ შეკრება შეაჯამა და ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებმაც იტალიაში საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენც ვნახოთ, რომელი მოთამაშეები არიან საუკეთესო ფორმაში.

პირველი, რაზეც ჩვენი გერმანელი ჟურნალისტები ამ ორი კვირის განმავლობაში „ბაიერნის“ შესახებ წერდნენ, ის იყო, რომ რეკორდმაისტერში ყველა კარგ ხასიათზეა. ეს კი, მიუნხენური გრანდის ფანებს ძალიან კარგად ენიშნათ - სეზონის წინ სიმსუბუქე და უწნეხობა „ბაიერნს“ ძალიან კარგად აქვს დაცდილი.
გარდა ჩინებული განწყობისა, იტალიური შეკრებიდან დაბრუნებულ „ბაიერნზე“ „კიკერის“ კორესპონდენტი იმასაც წერს, რომ იუპ ჰაინკესის ხელში, 2011/2012 წლების სეზონის კარიბჭესთან მდგარი რეკორდმაისტერი ჰარმონიული, დისციპლინირებული და მოტივირებული გუნდია. რაც შეეხება ფეხბურთელებს: აი, ის მოთამაშეები, რომლებიც „კიკერმა“ გამოარჩია და რომლებიც, ხსენებული გამოცემის ჟურნალისტის მტკიცებით, ახალ სეზონს ყველაზე უკეთეს ფორმაში ხვდებიან.

მანუელ ნოიერი
ტრენტინოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის დროს 30 ულტრასის მიერ გადმოფენილმა, ნოიერის საწინააღმდეგო პლაკატმა „ბაიერნში“ სიტუაცია კი დაძაბა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ფანების ამ გამოხტომას თვითონ მეკარეზე, რომელშიც ბავარიელებმა 25 მილიონი ევრო გადაიხადეს, დამთრგუნველად არ უმოქმედია.

„ემოციური მიწისძვრა“ რეკორდმაისტერში იმით დამთავრდა, რომ ხელმძღვანელებმა თქვეს, ასეთი გულშემატკივრები ჩვენთვის მიუღებელნი არიან - ვინც ნოიერს ბაიერნელად არ მიიღებს, ის მთელი „ბაიერნისთვის“ მიუღებელი იქნებაო. თავად მანუელმა კი თქვა, რომ პლაკატი, რომელიც ულტრასებმა გადმოუფინეს, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა მეკარემ იქვე დასძინა, ეს პრობლემა არ არის მანამდე, სანამ მხოლოდ 30 კაცი ფიქრობს ასეო.

ზოგადად, მანუელი შეკრებაზე ძალიან კარგად წარმოჩინდა. ვარჯიშებზე უდიდესი მონდომება ეტყობოდა და მისთვის დამახასიათებელი სეივებიც უხვად აკეთა. თუმცა ბავარიელთა ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი ამბობს, მანუელს ჯერ კიდევ ცოტათი ეტყობა, რომ თავს უცხოდ გრძნობს - ჯერ კიდევ მორცხვობსო.

ფრანკ რიბერი
სულ სხვანაირად მოტივირებული ჩანდა თვითონ რიბერიც, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი ყატართან ტესტ-მატჩის (4:2) შემდეგ გახლდათ - იმ შეხვედრაში ფრანგს კაპიტნის სამკლავური ეკეთა და ამით ძალიან ამაყობდა. 28 წლის დრიბლიორი არ მალავს, რომ თავს ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე შარშან, ან შარშანწინ.
„ახლა ზედმეტ რაღაცებზე აღარ ვფიქრობ და მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. ვან გაალის ხელში ბაიერნელობა ნაკლებად მიხაროდა, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ,“ - ამბობს რიბერი. როგორც ჩანს, მისი მთავარი პრობლემა სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტი იყო, რომლის ხელშიც რიბერიმ ვერა და ვერ აჩვენა ის, რაც შეუძლია. ახლა კი ისიც მსუბუქადაა, ძველებურად ხშირად ხუმრობს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მუდმივად ესაუბრება და ვარჯიშებსა თუ ტესტ-მატჩებში ბოლომდე იხარჯება. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელის შეცვლამ ყველაზე უკეთ სწორედ ფრანკ რიბერიზე იმოქმედა.

ივიცა ოლიჩი
ხორვატ თავდამსხმელს ფაქტობრივად მთელი წელი გაუცდა - უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ: 7 თვე ფეხბურთი არ უთამაშია. ამიტომაც იყო, ექსპერტების უმრავლესობას და თვითონ ოლიჩსაც ეჭვი რომ ეპარებოდათ - მოახერხებდა კი ის სრულფასოვნად დაბრუნებას და ფორმის აღდგენას? მაგრამ ხომ იცით, როგორი შრომისმოყვარეა - ივიცა დაბრუნდა და შეიძლება ითქვას, შეკრებაზე სენსაციურად კარგად გამოიყურებოდა. მან თითქმის ყველა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, ყატარს გოლიც გაუტანა და ექიმებთან ერთად, ჰაინკესიც აღფრთოვანებულია - ოლიჩი დაბრუნდა, მომავალ სეზონში მისი იმედიც უნდა გვქონდესო.

ნილს პეტერსენი
მართალია, მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობა ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ როცა მოკრძალებული „კოტბუსიდან“ პირდაპირ მიუნხენის „ბაიერნში“ აღმოჩნდები, ცხადია, თავს ისე ვერ გრძნობ, როგორც თევზი წყალში.

„ბაიერნი“ ისეთი გუნდია, რომელიც თითოეულ ვარჯიშზეც კი მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. „კოტბუსში“ ვარჯიშის დროს მხოლოდ ორ რამეზე ვაკეთებდით აქცენს: სირბილზე და ბრძოლისუნარიანობაზე, აქ კი იმდენ რამეს ვაკეთებ, რომ უკვე სათვალავი ამერია,“ - ამბობს პეტერსენი, რომლისთვისაც „ბაიერნი“ ახალი, სულ სხვა, მანამდე არნახური სამყაროა. ორ ტესტ-მატჩში 4 გოლის გატანა ცოტას არ ნიშნავს და ჰაინკესს რომ ჰკითხოთ, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. „ნილსი ძალიან კარგად გამოიყურება. ის ჩამოყალიბებული, მაღალი კლასის თავდამსხმელია, რომელიც თავის შესაძლებლობებს „ბაიერნშიც“ დაამტკიცებს და ორი წლის შემდეგ ოთხჯერ ძვირი ეღირება,“ - ამბობს დონ იუპი პეტერსენზე.

ჰოლგერ ბადშტუბერი
ეს უკანასკნელი ორი წლის წინ ვან გაალმა აღმოაჩინა და ბადშტუბერი მაშინ გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხეს. დღეს უკვე 22 წლის ჰოლგერი სადებიუტო სეზონში მართლაც კარგი იყო - იმდენად კარგი, რომ გერმანიის ნაკრებსაც გაუშინაურდა, აი, გასული სეზონი კი აშკარად ჩააგდო. ეს უფრო მეორე წრეზე ითქმის, როცა ბადშტუბერი უკვე ძალიან ცუდად თამაშობდა, რის გამოც რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.

„ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გასული სეზონი მართლაც უმძიმესი იყო როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის, მაგრამ წარსულზე ფიქრიც კი აღარ მინდა. ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები,“ - ამბობს ბადშტუბერი.

რაც ყველაზე საინტერესოა, მას ჰაინკესიც ენდობა და აფასებს. ჰოლგერს კი არც ის აშინებს, ბავარიელები ახალი ცენტრალური მცველის ყიდვას რომ აპირებენ - ჩემი საქმის მე ვიცი, სასტარტო შემადგენლობისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებო.

დანიელ ვან ბუიტენი
სხვათა შორის, იგივეს ამბობს ბავარიელთა მეორე მცველი დანიელ ვან ბუიტენიც და როგორც ჩანს, ჰაინკესი მასზე უფრო აკეთებს აქცენტს, რადგან 66 წლის მწვრთნელმა მომავალი სეზონისთვის რეკორდმაისტერის დაცვის ბურჯად სწორედ აყლაყუდა ბელგიელი დაასახელა. როგორც იცით, ჰაინკესს „ლევერკუზენშიც“ ძალიან მაღალი და გამოცდილი ცენტრალური მცველი ჰყავდა უკანა ხაზის შეფად (სამი ჰიიპია).

„ვან ბუიტენი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი და ნაღდი პროფესიონალია. ამასთან, ის მაღალი კლასის მცველი და შესანიშნავი ადამიანია. ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც მას სჭირდება, მწვრთნელის ნდობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვან ბუიტენი ჩემგან ნდობას მიიღებს. თუკი დაცვაში მთელი გუნდი ისე ითამაშებს, როგორც საჭიროა, დანიელ ვან ბუიტენი დაცვის იდეალური ბურჯი იქნება,“ - აცხადებს ჰაინკესი „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
საერთო ჯამში, „დონ იუპი“ მოსამზადებელი შეკრებითა და ფეხბურთელების ფორმით კმაყოფილია და მიზნებსაც სერიოზულს ისახავს: „ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ახლა კარგად ორგანიზებულიც იქნება. ჩვენი მიზანი გერმანიის ჩემპიონობა და გერმანიის თასის მოგებაა. ჩემპიონთა ლიგაში კი მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა მინდა.“

ფინალი კი მიუნხენში უნდა გაიმართოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული