ოტმარ ჰიტცფელდი: დემოკრატი არასოდეს ვყოფილვარ

AutoSharing Option
რუსულმა “სპორტ ექსპრესმა” შვეიცარიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლეგენდარულ ოტმარ ჰიტცფელდს ინტერვიუ ჩამოართვა. შეხვედრა ხანგრძლივი გამოდგა, განსახილველი თემები - მრავალფეროვანი და რესპონდენტი - მეტად ენაწყლიანი. ჩვენ მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორია უმთავრესი საფეხბურთო ტენდენციები?
- საუკეთესო გუნდები ახლა ბევრად უფრო უკეთ კომბინირებენ, ვიდრე 10 წლის წინ. ამის ნათელი მაგალითია “ბარსელონა”. თანაც გუნდში გენიალური ფეხბურთელები არიან. ითამაშო ისე, როგორც “ბარსამ”, ეს ოცნებაა. არ ვიცი რამდენი მილიონი დახარჯეს კატალონიელებმა ტრანსფერებში, მაგრამ თამაშის ხარისხი შემსრულებელთა დონეზეა დამოკიდებული.

- არიან კლუბები, რომლებიც არანაკლებს ხარჯავენ, მაგრამ
ასე ვერ თამაშობენ.
- დიახ, ვიცი, მაგრამ ჩვენ ტენდენციებზე ვმსჯელობთ. ის, რომ უკეთ კომბინირებენ, ბავშვთა გუნდების მაგალითზეც ჩანს. 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ამ მხრივ გამაოცეს შვეიცარიელებმა, ბელარუსებმა, დანიელებმა, ინგლისელებმა. პატარები სულ სხვა გარემოში იზრდებიან, სხვა სკოლას გადიან. ისინი თავიდანვე სწავლობენ ზონურ დაცვას და მაშინაც კი არ იბნევიან, როცა რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში ხვდებიან. შეიცვალა ვარჯიშების სისტემაც: გრძელ დისტანციებზე სირბილით დღეს დიდი ხანია აღარ იწყება. დღეს ყველაზე მეტს მოკლე სპრინტსა და მოკლე მონაკვეთში პასების გაკეთებას უთმობენ.

- ამ სტილის ავტორი გვარდიოლაა?
- არა. ვფიქრობ, ეს იდეა იქამდეც იარსებებდა. საერთოდ “ბარსას” ფილოსოფია ყოველთვის კომბინაციური ფეხბურთისკენ იყო გადახრილი. ასე იყო ჯერ კიდევ მიხელსისა და კრუიფის, მოგვიანებით კი ვან გაალის დროსაც. მათ ამ კლუბს მრავალი ჰოლანდიური ელემენტი შესძინეს. მათ ქვეყანაში ხომ ტექნიკასა და ტემპს ყოველთვის დიდად აფასებდნენ. მოკლედ, “ბარსელონაში” ასეთ ფეხბურთს ყოველთვის ასწავლიდნენ, გვარდიოლა კი, მოგეხსენებათ, სწორედ ამ სკოლის აღზრდილია. მას ამჟამად განსაკუთრებული თაობა ჰყავს. მესი კი უბრალოდ საუკეთესოა მსოფლიოში. საერთაშორისო ასპარეზზე ხშირად ის არის ხოლმე გუნდის შედეგების გარანტია.

- მაგრამ ესპანეთმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესის გარეშე მოიგო.
- ამ ნაკრებს ჰყავდა გენიალური ჩავი, თამაშის წამყვანი და გადამწყვეტი გოლების ავტორი ინიესტა, დიდებული ფორვარდები ვილია და ტორესი, სტაბილურად მოთამაშე დაცვა. ერთი სიტყვით, ესპანურმა საფეხბურთო განათლებამ სუპერგენერაცია გამოზარდა. ძალიან მაინტერესებს რა იქნება 10 წლის შემდეგ. ოდესღაც ასეთი თაობა გერმანიაშიც იყო - ბეკენბაუერი, მიულერი, მაიერი, ოვერატი, ნეტცერი. ეს ხალხი თავის დროზე მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობდა და დიდად განსაზღვრავდა მსოფლიო ფეხბურთის სახეს.

- გარისკავთ და იტყვით, ვინ გაიმარჯვებს ევრო 2012-ზე?
- ფეხბურთში მე რეალისტი ვარ. ვიცი, რამდენად უნდა გაგიღიმოს ბედმა, რომ ფინალში გახვიდე და კიდევ რამდენი რამ გჭირდება, რომ გადამწყვეტი თამაში მოიგო. ყველაფერ ამის დაპროგრამება შეუძლებელია. ესპანეთი ისევ ძლიერი იქნება, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გერმანიის გაახალგაზრდავებულ ნაკრებსაც.

- მაგათს, მოურინიოსა და ვან გაალს მწვრთნელ-დიქტატორებს უწოდებენ. თქვენ კი იშვიათად, მაგრამ დემოკრატ მწვრთნელად მოგიხსენიებენ. ეთანხმებით ასეთ დაყოფას?
- დემოკრატი? არა, ფეხბურთელებთან ასეთი არ ვყოფილვარ. მწვრთნელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ავტორიტარული მიდგომა. გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი საქმეა და დისკუსიის დრო და ადგილი არასოდეს რჩება. დემოკრატია კი ზუსტად ბევრ მსჯელობას ნიშნავს. ამით კი დიდად არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული. მეორე საქმეა, რომ ბევრ დროს ვუთმობ, ავუხსნა ფეხბურთელს, თუ რატომ ვიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს კორექტულად და ადამიანურად მოვექცე. მწვრთნელი თუ ავტორიტარი არ არის, მას შანსი არ აქვს, რადგან გუნდს ყოველთვის სჭირდება მკაცრი კონტროლი. თუმცა ეს არ არის ხელის შემშლელი პირობა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობისთვის.

- მათეუსი, ელბერი, რიბერი... თითქმის ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც თქვენთან უთამაშია, ამტკიცებს, რომ ჰიტცფელდი საუკეთესო მწვრთნელია იმათ შორის, ვისთანაც მათ კარიერაში უმუშავიათ.
- მე ყოველთვის ვიყავი პატიოსანი და სამართლიანი – მაშინაც კი, როცა, როგორც მწვრთნელი, მკაცრ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. ნებისმიერ შემთხვევაში ხალხს პატივი უნდა სცე. ჩემთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ყოველი ფეხბურთელი კი პიროვნებაა.

- “ბაიერნში” მათეუსთან მშვენიერი ურთიერთობები გქონდათ. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თქვენ მას მწვრთნელის რანგში შეხვდით. როგორ მოგწონთ ის ამ ამპლუაში?
- მეტოქის რანგში მათეუსის დანახვა საინტერესო იყო. მისმა ბულგარეთმა კარგად ითამაშა ჩვენთან - 0:0. იმედია, ოდესმე ლოთარი აუცილებლად გახდება მწვრთნელი ბუნდესლიგაში.

- 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერის” წინააღმდეგ 80-ე წუთზე მათეუსის ნაცვლად ფინკი შეუშვით, ფეხბურთელი, რომელმაც დაუშვა შეცდომა, რისი წყალობითაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ გაზეთებში წერდნენ მათეუსის სიტყვებს, რომ მას თავისუფლად შეეძლო მატჩის ბოლომდე გაძლება. რეალურად რა მოხდა?
- მეორე დღეს “ბილდმა” მართლა დაწერა, რომ მათეუსს უნდოდა ბოლომდე ეთამაშა. როცა პუბლიკაცია ვნახე, მას გუნდთან ერთად შევხვდი და ვკითხე, “ლოთარ, თამაშის განმავლობაში ორჯერ მოითხოვე შეცვლა და ეს გუნდში ყველამ დაინახა”. მან დამიდასტურა, რომ შეცვლა მან მოითხოვა. ორი დღის შემდეგ იმავე “ბილდმა” დაწერა, რომ მათეუსმა დასვენება თავად ითხოვაო.

- ეს წაგება ალბათ ყველაზე მტკივნეულია თქვენს კარიერაში.
- ბუნებრივია. ფინალში დამარცხება ყოველთვის მტკივნეულია. პენალტების სერიაში გერმანიის თასის ფინალიც წამიგია და ესეც ძალზე უსიამოვნო იყო, რაც შეეხება ლიგის ფინალს... მაშინ, 1999-ში, ნამდვილად არ ვიცოდით, რომ ორი წლის შემდეგ ამ ტიტულს მაინც მოვიგებდით. მაშინ ეს რომ გვცოდნოდა, ისეთი მტკივნეული აღარ იქნებოდა. 20 წელი იყო გასული, “ბაიერნს” ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი არ ჰქონდა მოგებული. ეს შოკი იყო... მით უფრო, რომ ჩვენ მაშინ აშკარად უკეთ ვთამაშობდით.

- მოგწონთ თუ არა ტიმოშჩუკი “ბაიერნში”?
- “ბაიერნში” 20 ფეხბურთელი მაინც თამაშობს ხოლმე სხვადასხვა რანგის ნაკრებში. როცა ფეხბურთელი სათამაშოდ იქ გადადის, ის ყველაფერს თითქმის ნულიდან იწყებს და თავიდან უხდება მზის ქვეშ კუთვნილი ადგილის ძებნა. ანატოლის თავიდან პრაქტიკულად არ აძლევდნენ შანსს. ასეთ სიტუაციაში კი თავდაჯერება კლებულობს.

- ვან გაალს აშკარად ვან ბომელი უფრო მეტად მოსწონდა.
- ვან ბომელი ტიმოშჩუკის მოსვლამდეც წამყვანი ფეხბურთელი იყო. ახალმა ფეხბურთელმა კი თავისი შანსი უნდა ეძებოს და გამოიყენოს.

- ვინ არის თქვენთვის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი?
- ის, ვინც იგებს ყველაზე მთავარ საკლუბო თუ სანაკრებო ტიტულებს, ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატს, ასე რომ, დავასახელებ დელ ბოსკესა და გვარდიოლას.

- ცოტა ხნის წინ მოურინიო გააკრიტიკეთ.
- მე აღვნიშნე, რომ მოურინიო გვარდიოლასთან მიმართებაში მიუღებლად იქცეოდა. ის კოლეგას თავს დაესხა ზუსტად “რეალი”-“ბარსას” მატჩის წინ და ეს არაკორექტული იყო. ამ დონეზე ასე მოქცევა არ შეიძლება, სწორედ ამის გამო ვუწოდე მოურინიოს ქედმაღალი ადამიანი.

- რამდენიმე კითხვა, რომელსაც ფანები დაგისვამდნენ. პელე თუ მარადონა, ან იქნებ მესი?
- ვფიქრობ, მათი შედარება არ შეიძლება. ისინი თავიანთი ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. პელესა და მარადონას ახლა რომ ეთამაშათ, ისინი უპირველესი ვარსკვლავების გვერდით იდგებოდნენ.

- შეგიძლიათ ყველა დროის სიმბოლური ნაკრების თქვენეული ვარიანტი დაგვისახელოთ?
- ძალიან ძნელია, მაგრამ ვცადოთ... კარში ზეპ მაიერი, დაცვის ცენტრში ბეკენბაუერი და კარლოს ალბერტო, მარჯვნივ - ლამი, მარცხნივ - მალდინი.

- ნახევარდაცვა?
- ავიყვანოთ მარადონა, პელე, კრუიფი და ზიდანი. თავდასხმაში გერდ მიულერი და მესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული