თუმცა მთავარი და გაცილებით დიდი პრობლემები ნოიერს უშუალოდ
ანტიპატიის პიკი გასულ კვირას დაფიქსირდა, როცა „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა ნოიერისა და ულტრა-დაჯგუფებების შეხვედრას გაუკეთეს ორგანიზება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ვითარება განმუხტულიყო, ცეცხლზე ნავთი დაესხა: ულტრასებმა მანუელს სპეციალური წესები გადასცეს, რომელსაც მანუელი „ბაიერნში“ თამაშის პერიოდში უნდა დაემორჩილოს. ქცევის წესები ფეხბურთელს? ერთი შეხედვით ეს აფსურდია, მაგრამ ფაქტია, რომ ულტრასებმა ნოიერს ულატიმატუმი წაუყენეს - ან ისე მოიქცევი, როგორც ჩვენ გვინდა, ანაც შენს წინააღმდეგ პროტესტი არასდროს დასრულდებაო.
ჟურნალმა „შპორტ ბილდმა“ ნოიერისთვის დაწესებული კანონების სია გუშინ გამოაქვეყნა. ეს „კანონმდებლობა“ მანუელისთვის ხუთმა ფან-კლუბმა შეადგინა და აღსანიშნავია, რომ ხუთივე ფან-კლუბი ისტორიული და მძლავრია. ესენი არიან: „შიკერია მიუნხენი“, „ინფერნო ბავარია 10“, „მიუნიხმანიაკსი 96“ და „ალარმშტუფე როთი“.
„კანონმდებლობის“ მიხედვით, მანუელ ნოიერს...
1. ...არ აქვს უფლება, რომ მატჩების შემდეგ ფანებს მეგაფონით ესაუბროს.
2. ...არ აქვს უფლება, რომ თანაგუნდელებთან ერთად ფანების წინაშე მუხლი მოიყაროს და ტრადიციული „ჰუმბა“ იმღეროს.
3. ...არ აქვს უფლება, სამხრეთ ტრიბუნას მიუახლოვდეს.
4. ...არასდროს არ უნდა ისროლოს მაისურა სამხრეთ ტრიბუნაზე.
5. ...არასდროს არ უნდა აკოცოს „ბაიერნის“ ლოგოს.
ფან-კლუბების გაერთიანებამ სპეციალური ინფორმაციაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ მას (მანუელ ნოიერს) ავუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ, როცა „ბაიერნის“ ფორმა აცვია. ჩვენ მასზე აზრი არ შეგვიცვლია და არც შევიცვლით, მაგრამ თუ მანუელ ნოიერი ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ გვინდა და ყველა პუნქტს დააკმაყოფილებს, მომავალში აღარ დავუსტვენთ და მის მიმართ პროტესტს შევწყვეტთ. ჩვენთვის მთავარია, რომ მან გარკვეული დისტანცია დაიჭიროს. ასეთ შემთხვევაში პრობლემები აღარ შეექმნება და როგორც კი თუნდაც ერთ პუნქტს დაარღვევს, მაშინვე პრობლემებს შევუქმნით.“
ერთი სიტყვით, რაკი ულტრასებმა ნოიერთან იდენტიფიცირება აქამდე ვერ მოახერხეს (მას მერე, რაც მანუელი ბაიერნელი გახდა, თვეზე მეტი გავიდა), ვერც ამიერიდან მოახერხებენ. ასე რომ, „შიკერიასა“ და სხვა ულტრა-დაჯგუფებათა წარმომადგენლები მანუელს არასდროს შეურიგდებიან. ისინი გერმანიის ნაკრების მეკარეს 2009 წელს ოლივერ კანის დაცინვას ვერ პატიობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"