ულტრასები აღარ ხუმრობენ!

AutoSharing Option
გუშინწინ მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში პირველი სერიოზული ტესტ-მატჩი გამართა და არასასიამოვნო მარცხი განიცადა - რეკორდმაისტერმა „ლიგა ტოტალის“ თასზე, ნახევარფინალურ მატჩში „ჰამბურგთან“ 1:2 წააგო. ამხანაგურ შეხვედრაში წაგება დიდად მტკივნეული არ იქნებოდა, რომ არა მანუელ ნოიერის საბედისწერო შეცდომა. სწორედ „ბაიერნის“ 25 წლის კიპერის შეცდომას მოჰყვა გოლი, რომლითაც ჰამბურგელებმა ანგარიში გახსნეს. როგორც ჩანს, მიუნხენური კლუბის ულტრასების აგრესიამ „შალკედან“ 25 მილიონ ევროდ ნაყიდ მეკარეზე მაინც ძალიან უარყოფითად იმოქმედა - მანუელს „ჰამბურგთან“ მატჩში თავდაჯერება აკლდა.

თუმცა მთავარი და გაცილებით დიდი პრობლემები ნოიერს უშუალოდ
მიუნხენში, „ზებენერშტრასეზე“ ელის, რადგან ულტრასები არ შოშმინდებიან და მასზე ზეწოლას, მისი ტრანსფერის გაპროტესტებას (მიზეზებზე არაერთხელ ვწერდით და აღარ გავიმეორებთ) აგრძელებენ. მართალია, ივლისის დასაწყისში, სეზონის ოფიციალურ გახსნაზე „ბაიერნის“ ფანობამ მანუელი კარგად მიიღო, მაგრამ მაშინ კლუბის ხელმძღვანელებმა ულტრასები სტადიონზე არ შეუშვეს. ულტრასებით დაკომპლექტებული ფან-კლუბების ჯგუფი კი ნოიერზე აგრესიის განხორციელებაზე განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ ულტრასები „ალიანს არენის“ სამხრეთ ტრიბუნაზე სხედან ხოლმე.

ანტიპატიის პიკი გასულ კვირას დაფიქსირდა, როცა „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა ნოიერისა და ულტრა-დაჯგუფებების შეხვედრას გაუკეთეს ორგანიზება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ვითარება განმუხტულიყო, ცეცხლზე ნავთი დაესხა: ულტრასებმა მანუელს სპეციალური წესები გადასცეს, რომელსაც მანუელი „ბაიერნში“ თამაშის პერიოდში უნდა დაემორჩილოს. ქცევის წესები ფეხბურთელს? ერთი შეხედვით ეს აფსურდია, მაგრამ ფაქტია, რომ ულტრასებმა ნოიერს ულატიმატუმი წაუყენეს - ან ისე მოიქცევი, როგორც ჩვენ გვინდა, ანაც შენს წინააღმდეგ პროტესტი არასდროს დასრულდებაო.

ჟურნალმა „შპორტ ბილდმა“ ნოიერისთვის დაწესებული კანონების სია გუშინ გამოაქვეყნა. ეს „კანონმდებლობა“ მანუელისთვის ხუთმა ფან-კლუბმა შეადგინა და აღსანიშნავია, რომ ხუთივე ფან-კლუბი ისტორიული და მძლავრია. ესენი არიან: „შიკერია მიუნხენი“, „ინფერნო ბავარია 10“, „მიუნიხმანიაკსი 96“ და „ალარმშტუფე როთი“.

„კანონმდებლობის“ მიხედვით, მანუელ ნოიერს...
1. ...არ აქვს უფლება, რომ მატჩების შემდეგ ფანებს მეგაფონით ესაუბროს.
2. ...არ აქვს უფლება, რომ თანაგუნდელებთან ერთად ფანების წინაშე მუხლი მოიყაროს და ტრადიციული „ჰუმბა“ იმღეროს.
3. ...არ აქვს უფლება, სამხრეთ ტრიბუნას მიუახლოვდეს.
4. ...არასდროს არ უნდა ისროლოს მაისურა სამხრეთ ტრიბუნაზე.
5. ...არასდროს არ უნდა აკოცოს „ბაიერნის“ ლოგოს.

ფან-კლუბების გაერთიანებამ სპეციალური ინფორმაციაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ მას (მანუელ ნოიერს) ავუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ, როცა „ბაიერნის“ ფორმა აცვია. ჩვენ მასზე აზრი არ შეგვიცვლია და არც შევიცვლით, მაგრამ თუ მანუელ ნოიერი ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ გვინდა და ყველა პუნქტს დააკმაყოფილებს, მომავალში აღარ დავუსტვენთ და მის მიმართ პროტესტს შევწყვეტთ. ჩვენთვის მთავარია, რომ მან გარკვეული დისტანცია დაიჭიროს. ასეთ შემთხვევაში პრობლემები აღარ შეექმნება და როგორც კი თუნდაც ერთ პუნქტს დაარღვევს, მაშინვე პრობლემებს შევუქმნით.“

ერთი სიტყვით, რაკი ულტრასებმა ნოიერთან იდენტიფიცირება აქამდე ვერ მოახერხეს (მას მერე, რაც მანუელი ბაიერნელი გახდა, თვეზე მეტი გავიდა), ვერც ამიერიდან მოახერხებენ. ასე რომ, „შიკერიასა“ და სხვა ულტრა-დაჯგუფებათა წარმომადგენლები მანუელს არასდროს შეურიგდებიან. ისინი გერმანიის ნაკრების მეკარეს 2009 წელს ოლივერ კანის დაცინვას ვერ პატიობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული