მანუელმა ჟურნალისტებისგან 210 ხმა მიიღო და სხვათა შორის, მხოლოდ 20 ხმით გაასწრო ახალ თანაგუნდელ მარიო გომესს (190 ხმა). მესამე
ნოიერის გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია, რადგან ის ფაქტი, რომ "შალკე" მთლად არ შერცხვა და თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა ბრწყინვალედ, სწორედ გელზენკირხენელთა ყოფილი კაპიტნის დამსახურებაა. ნოიერმა არაერთი შეხვედრა ჩაატარა უმაღლეს დონეზე. მაგალითები გნებავთ? რა პრობლემაა: "ბაიერნთან" (2:0 ბუნდესლიგაში და 1:0 გერმანის თასზე) მატჩებში მან "კიკერისგან" საუკეთესო შეფასება, ერთიანი მიიღო; დორტმუნდის "ბორუსიასთან" მეორე წრეში მიღწეული ფრეც (0:0) მხოლოდ ნოიერის დამსახურება გახლდათ; პიკი კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრა გახლდათ, რომელიც "შალკემ" 0:2 წააგო და რომ არა ნოიერი, გელზენკირხენელები, ძალიან დიდი ანგარიშით განადგურდებოდნენ.
"სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ, რადგან ვფიქრობდი, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას რომელიმე დორტმუნდელი მოიპოვებდა, მაგალითად შაჰინი ან გიოტცე. თანაც, მეკარეს ასეთ სტატუსს იშვიათად ანიჭებენ ხოლმე. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია - როცა მითხრეს, ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესოდ დაგასახელესო, თავიდან ხუმრობა მეგონა," - უთხრა ნოიერმა "კიკერს".
მანუელი ცამდე მართალია, როცა ამბობს, მეკარეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად იშვიათად ასახელებენ ხოლმეო. გერმანიაში ასეთი რამ ბოლოს 2000 და 2001 წლებში მოხდა და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ იმის გამოცნობა, თუ ვინ გახდა მაშინ საუკეთესო -რა თქმა უნდა, ოლივერ კანი. სულ კი, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი წოდება მხოლოდ რამდენიმე მეკარეს ეღირსა: 1965 წელს დორტმუნდის "ბორუსიას" კიპერ ჰანს ტილკოვსკის, 1975, 77 და 78 წლებში "ბაიერნის" მეკარე ზეპ მაიერს, 1984 და 86 წლებში "კიოლნის" კარის დარაჯ ტონი შუმახერს, ხოლო 1993 წელს კი "ნიურნბერგის" მეკარე ანდრეას კიოპკეს, რომელიც დღეს გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელია.
რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მწვრთნელს -აქ "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა პირველობა არავის დაუთმო. 44 წლის ჩემპიონმა სპეციალისტმა საუკეთესოს წოდება უდიდესი უპირატესობით მოიგო: კლოპმა 972-დან 743 ხმა მიიღო! მეორე ადგილზე "ჰანოვერის" დამრიგებელი მირკო სლომკა გავიდა (52 ხმით), რომელმაც მოკრძალებული კლუბი ევროპის ლიგაში გაიყვანა, მესამეზე კი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" გადამრჩენელი ლუსიენ ფავრი (38 ხმით).
"ეს აღიარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ცუდ გუნდს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელიც კი ვერაფერს მიაღწევინებს," - ტრადიციულად ენაწყლიანი გახლდათ კლოპი.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 23 წლის ფატმირ ბაირამაი დაასახელეს, რომელმაც ბირგიტ პრინცსა და ინკა გრინგსს აჯობა. საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 972-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო. ამ გამოკითხვას "კიკერი" 1960 წლიდან ატარებს. ჟურნალის მთავარი რედაქტორი რაინერ ჰოლცშუ მანუელ ნოიერს კვირას, ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩის წინ (ბაიერნი-გლადბახი) დააჯილდოვებს.
გერმანელი ჟურნალისტების რჩეულნი
1. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) 210 ხმა
2. მარიო გომესი (ბაიერნი) 190 ხმა
3. ნური შაჰინი (ბორუსია დ) 142 ხმა
4. მარიო გიოტცე (ბორუსია დ) 101 ხმა
5. მესუთ იოზილი (რეალი) 86 ხმა
6. მატს ჰუმელსი (ბორუსია დ) 43 ხმა
7. რაული (შალკე) 27 ხმა
8. ანდრე შიურლე (მაინცი) 25 ხმა
9. მარკო როისი (ბორუსია მ) 22 ხმა
10. არიენ რობენი (ბაიერნი) 18 ხმა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"