ლიოვმა გიუნდოგანს დაუძახა!

AutoSharing Option
ოთხშაბათს, გერმანიის ნაკრები მეტად მნიშვნელოვან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: ბუნდესგუნდი შტუტგარტში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუშინ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტია: "ნიურნბერგიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგებული, წარმოშობით თურქი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ თქვა უარი თურქეთის ნაკრებზე და ბუნდესგუნდში თამაში გადაწყვიტა.

სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებში მადრიდის "რეალის" ვარსკვლავები, სამი ხედირა და მესუთ იოზილი არ არიან გამოძახებულები. ისინი "სამეფო გუნდთან" ერთად აშშ-სა და ჩინეთში იმყოფებოდნენ, რის გამოც ლიოვმა ორივე დაასვენა.

"სამის და მესუთს ტელეფონით ვესაუბრე და ავუხსენი,
რატომ არ ვიძახებ ნაკრებში. "რეალთან" ერთად ორი მოგზაურობის შემდეგ დაღლილები არიან და ბუნდესგუნდში მათი თამაში მეტად სარისკოა. ხედირა და იოზილი ოფიციალურ მატჩებში უფრო გვჭირდება და მართალია, ბრაზილიასთან ტესტ-მატჩსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გარისკვა არ ღირდა," - უთხრა ლიოვმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებში პირველად გამოჩნდება გიუნდოგანი. ეს უკანასკნელი აქამდე მხოლოდ გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა ხოლმე, ახლა კი ლიოვის ყურადღების ცენტრშიც მოექცა და დიდი შანსია, რომ ეროვნულ გუნდში ილქაის დებიუტი სწორედ ბრაზილიასთან შედგეს.

"ილქაიმ უდიდესი პროგრესი განიცადა და ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. გიუნდოგანი ძალიან ტექნიკური, ნიჭიერი ნახევარმცველია, რომელსაც ამიერიდან უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობ. ბრაზილიასთან ამხანაგური შეხვედრა მშვენიერი შანსია იმისა, რომ ეს ბიჭი ახლოს გავიცნო და ბუნდესგუნდს შევაგუო," - ამბობს იოგი.

ბუნდესმწვრთნელმა გერმანიის ნაკრებში "შტუტგარტის" წარმოშობით ბრაზილიელი თავდამსხმელი კაკაუც დააბრუნა, რომელსაც წელს ბუნდესნაკრებში ტრავმების გამო არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. "ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება. მიხარია, რომ ბრაზილიასთან მატჩისთვის ნაკრებში გამომიძახეს," - ეს თვითონ 30 წლის კაკაუს სიტყვებია, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

"სელესაოსთან" მატჩისთვის ლიოვმა მიუნხენის "ბაიერნიდან" რვა ფეხბურთელს უხმო. კაპიტან ფილიპ ლამის გარდა, რეკორდმაისტერიდან ბუნდესგუნდში მანუელ ნოიერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ტონი კროოსი, ჟერომ ბოატენგი და მარიო გომესი არიან გამოძახებულები. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ტიმ ვიზე (ვერდერი)

მცველები: დენის აოგო (ჰამბურგი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), ფილიპ ლამი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (ვოლფსბურგი), ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე).

ნახევარმცველები: სიმონ როლფესი (ლევერკუზენი), სვენ ბენდერი (ბორუსია დ), ტონი კროოსი (ბაიერნი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ), თომას მიულერი (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (ბორუსია დ), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), მარკო როისი (ბორუსია მ), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), კაკაუ (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული