მათეუსმა ბუნდესლიგაზე ხელი ჩაიქნია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ლოთარ მათეუსმა, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელია, სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, ბუნდესლიგაში მუშაობის პერსპექტივაზე ხელი ჩაიქნია. როგორც იცით, წლებია, ლოთარს ბუნდესლიგაში მუშაობის დაწყება უნდა, მაგრამ მისი დანიშვნის სურვილი დღემდე არცერთმა გერმანულმა კლუბმა არ გამოთქვა.

"მორჩა, ამიერიდან გერმანიაში მუშაობაზე აღარ ვიფიქრებ და ამით ნერვებს აღარ მოვიშლი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მივხვდი, რომ სულაც არაა აუცილებელი, მაინცდამაინც ბუნდესლიგაში ვმუშაობდე," - უთხრა ჟურნალ "11 ფროინდეს" მათეუსმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ყველაზე მეტი, 150 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლოთარი მიიჩნევს, რომ ბოლო ათი
წლის განმავლობაში მის სახელს გერმანიაში მხოლოდ იმისთვის იყენებდნენ, რომ პრესაში სკანდალური სტატიები დაწერილიყო. "პირადად მე საკუთარი თავი რომელიმე გერმანული კლუბისთვის არასდროს შემოთავაზებია. უბრალოდ, როგორც კი სადმე მწვრთნელს გაუშვებდნენ, ჟურნალისტები მაშინვე ჩემს გვარს ამოატივტივებდნენ ხოლმე. ეს ყველაფერი სპეკულაციები იყო და ამ სპეკულაციებმა ჩემი პრესტიჟი შელახა, - აცხადებს 50 წლის მათეუსი და იქვე დასძენს, - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ოდესმე რომელიმე გერმანული კლუბი ჩემი სამსახურით დაინტერესდება, წინადადებას არ განვიხილავ. მიმაჩნია, რომ მე გერმანიაში უნდა ვმუშაობდე."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული