გერმანია (4-1-4-1): ნოიერი - ტრეში, ჰუმელსი (88. ბოატენგი), ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი (85. როლფესი) - თ. მიულერი, გიოტცე (88. კაკაუ), კროოსი, პოდოლსკი (46. შიურლე) - გომესი (46. კლოზე).
ბრაზილია (4-2-2-2): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, ანდრე სანტოსი - რალფი, რამირესი (86. ლუის გუსტავო) - ფერნანდინიო (69. განსო), რობინიო (86. რენატო) - ნეიმარი, პატო (77. ფრედი).
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (61-პენ), 2:0 გიოტცე (67), 2:1 რობინიო (71-პენ), 3:1 შიურლე (80), 3:2 ნეიმარი (92)
გაფრთხილება: განსო
მაყურებელი: 54 767
უნიჭიერესმა ნახევარმცველმა თავის მეშვიდე სანაკრებო შეხვედრაში ბრწყინვალე იყო და ასი პროცენტით გაამართლა ის მეტსახელი, დორტმუნდში რომ შეარქვეს - "გიოტცინიო". მარიო ბრაზილიასთან მოგებულ ამხანაგურ, მაგრამ მაინც ისტორიულ შეხვედრაში მოედანზე საუკეთესო იყო.
სამიდან ორი გოლი უშუალოდ გიოტცეს დამსახურება გახლდათ. ბასტიან შვაინშტაიგერის პენალტამდე სწორედ მან მისცა უზადო პასი ტონი კროოსს, ეს უკანასკნელი კი ლუსიომ წააქცია. შვაინიმ თერთმეტმეტრიანი უპრობლემოდ გაიტანა და გერმანელები დააწინაურა. მეორე გოლი კი, "გიოტცინიომ" უკვე თავად შეაგდო - ეს 67-ე წუთზე მოხდა: გერმანელებმა სწრაფად შეუტიეს, კლოზემ კროოსს უპასა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი გიოტცეს გაატანა, რომელმაც ჟულიო სეზარს გვერდი მოხდენილად აუარა და თითქმის ცარიელი კარი (ლუსიომ გარკვეულწილად ჩაასწრო) მახვილი კუთხიდან დალაშქრა.
"გაოცებული ვარ! მარიო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რაღაც-რაღაცებს კი მართლა გენიალურად აკეთებს. ბრავო!" - მართლა გაოგნებული იყო ლიოვი.
"მოედანზე გატარებული თითოეული წამით ძალიან ვისიამოვნე. მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. მე კი პირველ რიგში ის გამიხარდა, რომ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ცხოვრებაში პირველად ვითამაშე. ცხადია, ფანტასტიკურია ისიც, რომ ბრაზილიასთან მოვიგეთ და მე გოლიც გავიტანე," - ეს კი თავად მარიოს სიტყვებია.
ზოგადად, გერმანიის ნაკრების გამარჯვება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან ასი პროცენტით დამსახურებული იყო. აღსანიშნავია, რომ გერმანიამ ბრაზილიას 1993 წლის შემდეგ პირველად მოუგო. "სელესაოს" მთავარი შემსრულებლები, ნეიმარი და პატო კი დაკარგულები იყვნენ - ბუნდესგუნდის ცენტრალურმა მცველებმა მატს ჰუმელსმა და ჰოლგერ ბადშტუბერმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ პატოსა და ნეიმარს თავიანთი ნიჭი ფაქტობრივად არ გამოუვლენიათ. "სელესაომ" პირველი გოლი პენალტით გაიტანა (ლამმა დანი ალვეში მოცელა, თერთმეტმეტრიანი რობინიომ გარდასახა), მეორე კი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე (ნეიმარის შორეული დარტყმა მანუელ ნოიერისთვის აუღებელი გამოდგა).
გიოტცესთან ერთად, გერმანიის ნაკრებიდან უდავოდ შვაინშტაიგერი უნდა გამოვარჩიოთ. უნდა ითქვას, რომ გერმანელებმა თამაში ინერტულად დაიწყეს და სწორედ შვაინშტაიგერი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც მოინდომა და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. გარდა ზუსტად შესრულებული პენალტისა, შვაინიმ მესამე გოლშიც ლომის წვლილი შეიტანა, როცა ვიზავის ბოლომდე ებრძოლა, ბურთი აართვა, მერე კი ანდრე შიურლეს საგოლედ უპასა.
მოკლედ, გერმანიას ბრაზილია შემოეჩაგრა და მარიო გიოტცეც უკვე ძალიან კარგად გავიცანით. ახლა საინტერესოა, რა მოხდება ბუნდესგუნდში, როცა ლიოვი მესუთ იოზილს დააბრუნებს. ფაქტია, იოგის გიოტცეს ამოგდება გაუჭირდება და ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ იოზილის დაბრუნებას ნახევარდაცვაში ლუკას პოდოლსკი შეეწირება. პოლდიმ ბრაზილიასთან, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ითამაშა. სხვათა შორის, იგივე ეხება მარიო გომესსაც.
"არავის და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ძალიან კარგი გუნდი გვყავს," - თქვა შვაინშტაიგერმა საფინალო სასტვენის შემდეგ. ჩვენ მხოლოდ ერთს დავამატებთ: ...და საოცარი "გიოტცინიო"!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"