გერმანიის დუბლების დადებითი შედეგი

AutoSharing Option
კოპენჰაგენის "პარკენზე" იოაჰიმ ლიოვმა განახლებული ნაკრები გაიყვანა. გერმანიის ნაკრების თავკაცმა მუნდიალზე წაყვანილი ფეხბურთელების უმრავლესობა დაასვენა და გუნდის უახლოესი რეზერვი გამოსცადა. გერმანელთა განაცხადში სულ 16 ფეხბურთელი იყო შეყვანილი და მანუელ ნოიერის გარდა, მატჩში მონაწილეობა ყველა მათგანმა მიიღო. როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, მიხაელ ბალაკისა და ფილიპ ლამის არყოფნაში, გერმანელებს თომას ჰიტცლშპერგერმა უკაპიტნა. მეტოქისგან განსხვავებით, დანიელებმა ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშეს.

შესუსტებული შემადგენლობის ფონზე, ბუნდესგუნდს ურიგოდ სულაც არ უთამაშია და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო. მარიო გომესმა ანგარიში ჰიტცლშპერგერის გადაცემით გახსნა, რასაც დანიელთა გამოცოცხლება და
მათ მიერ გაფუჭებული რამდენიმე რეალური საგოლე შესაძლებლობა მოჰყვა.

73-ე წუთზე პატრიკ ჰელმესმა კრისტიან გენტნერის პასით გაიტანა და ალბათ, გერმანელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს, მაგრამ ერთ წუთში ვეტერანმა დენის რომედალმა თავისიანებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა.

დარჩენილ დროში მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და მიზანსაც მიაღწიეს. 15 მეტრიდან თავი მადს იუნკერმა გამოიჩინა, რომელიც მართალია 29 წლისაა, მაგრამ მხოლოდ მეორე სანაკრებო მატჩს ატარებდა.

დანიელები ამ შეხვედრაში მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ, კოპენჰაგენში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.


დანია-გერმანია 2:2
გოლები: 0:1 გომესი (19), 0:2 ჰელმესი (73), 1:2 რომედალი (74), 2:2 იუნკერი (87)
დანია: სორენსენი – იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი (28. ტომსენი) – იენსენი (46. სილბერბაუერი), ერიქსენი, კვისტი (67. ლორენტცენი) – რომედალი, პედერსენი (55. იუნკერი), ენევოლდსენი (46. შიონე)
გერმანია: ვიზე – ბეკი (56. რიტერი), ბოატენგი (78. შულცი), ტასკი, მ. შეფერი – გენტნერი, ჰიტცლშპერგერი (66. ჰელმესი) – ტრეში, კროოსი, მარინი (56. ჰანტი) – გომესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული