პაულ ბრაიტნერი: განსაკუთრებული ტიტული არ მჭირდება

AutoSharing Option
“ბაიერნის” ლეგენდა პაულ ბრაიტნერი მაისამდე მშობლიურ კლუბში სკაუტთა სამსახურში უფროსი კონსულტანტის თანამდებობას იკავებდა. ახლა კი მას აბსოლუტურად თავისუფალი გრაფიკი აქვს, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი კონკრეტული ვალდებულების გარეშე.

მასთან ინტერვიუ “აბენდცაიტუნგმა” აიღო. ჰერ ბრაიტნერი მისთვის ახალ და საკმაოდ უცნაურ სამსახურსა და “ბაიერნზე” გველაპარაკება.

- “ბაიერნმა” ახალი სამსახური შემოგთავაზათ. შეგვიძლია, რომ მოგილოცოთ?
- როგორ გითხრათ... ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს რაღაც ძალიან ახალია, რადგან, პრინციპში, ადრეც იმავე საქმეს ვიყავი შეჭიდებული, რასაც ახლა.

- ყოველ შემთხვევაში ასეთი სახელით თანამდებობა ბუნდესლიგაში აქამდე არავის ჰქონია. რაღაც
ამის მსგავსი თანამშრომლობა ფორმდება ხოლმე სახელოვან ფირმებსა და შოუბიზნესის ვარსკვლავებს შორის, რომლებიც სარეკლამო სახეებს წარმოადგენენ ხოლმე.
- შეიძლება აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ის უკვე არსებობს და ძალიანაც მაწყობს. მიმაჩნია, რომ ეს სავსებით ნორმალური რამაა. რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, როცა “ბაიერნის” სახელით რეკლამის გაკეთება შემიძლია? ეს რეპრეზენტატიული, სოლიდური საქმეა და მას სიამოვნებით შევასრულებ.

- რისი თქმა გსურთ, უარი თქმა მოგიწევთ მმართველი საბჭოს არაოფიციალური მრჩევლის თანამდებობაზე?
- არ მჭირდება არანაირი სახელი და რაღაც განსაკუთრებული ტიტული. მე არ ვარ ვალდებული კონსულტაცია გავუწიო კარლ-ჰაინც რუმენიგეს, კარლ ჰოპფნერსა და ული ჰიონესს, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველთვის დავაფიქსირებ ჩემს აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუკი ვინმე დაინტერესდება ამით. ჩვენ ხომ ერთმანეთს ლამის უკვე საუკუნეა ვიცნობთ. უბრალოდ მე შეფსკაუტი აღარ მქვია.

- ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენივე ინიციატივით უარს ამბობთ გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობაზე?
- არა, არ ნიშნავს ამას. უწინდებურად ვივლი ქვეყნიდან ქვეყანაში ჩვენს პარტნიორებთთან ერთად. ამას მართლა სიამოვნებით გავაკეთებ. რაც შეეხება კლუბში ოპერატიულ, ყოველდღიურ საქმიანობას, ამისთვის სრულიად საკმარისია კალეს, კარლისა და ულის გარჯა. “ბაიერნის” ინტერესებს ისინი გერმანიის საფეხბურთო კავშირის კომიტეტებშიც დაიცავენ, პროფესიული ლიგაშიც და უეფაშიც.

- ესე იგი კლუბის სარეკლამო წარმომადგენლობა თქვენი ერთადერთი საქმე არ იქნება.
- მართალი ხართ. ყველაფერთან ერთად მე “ბაიერნის” ვეტერანების გუნდს ვხელმძღვანელობ, სადაც 25-30 ფეხბურთელია. ისინი, ვისაც ამის დრო კიდევ გვაქვს, როცა მიზეზი მოგვეცემა, ბურთს ვაგორებთ ხოლმე.

- მაისის ბოლოს სწორედ თქვენმა გუნდმა “რეალის” ვარსკვლავებთან “სანტიაგო ბერნაბეუზე” ძლიერი წვიმის აკომპანემენტით 3:7 წააგეთ. მეტოქე მართლა დიდი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მათ შორის იყვნენ ზიდანი და ფიგუ. თანაც ტრიბუნებზე 80 354 მაყურებელი იჯდა.
- დიახ, ეს თამაში “რეალის” წინააღმდეგ ჩემთვის, თუმცა რატომ მხოლოდ ჩემთვის, სხვებისთვისაც, იყო ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩვენი აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ.

- ისე ჩანდა, თითქოს მინდვრის დატოვება საერთოდ არ გინდოდათ...
- არა, თამაშის ბოლომდე მინდორზე დარჩენა არც მიცდია. მე ხომ საამისოდ მზად არ ვარ, რადგან კვირაში მხოლოდ ერთხელ დავრბივარ. თანაც განაცხადში 18 ფეხბურთელი გვყავდა და თავის რიგს ყველა ელოდა. თამაშით დატკბობის შანსი ყველას უნდა მისცემოდა.

- კაპიტნის სამკლავური მარტინ ჰეგელესგან მიიღეთ, ადამიანისგან, რომელიც “ბაიერნში” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯმენტშია და ამჟამად ტაკაში უსამიზე მზრუნველობა ევალება.
- წლის განმავლობაში სპონსორების ან გულშემატკივრებისთვის ვეტერანთა გუნდი საშუალოდ 6 ან 8 შეხვედრას ატარებს. მიღებული შემოსავლები “ბაიერნის” მიერვე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში ირიცხება. ასეთი საბენეფისო მატჩების ორგანიზებაში მეხმარებიან კლუბის სხვა თანამშრომლებიც, ისინი ვინც სპონსორებთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე არიან პასუხისმგებლები. უპირველესად რაიმონდ აუმანზე ვლაპარაკობ. ის რეგულარულად აგროვებს ინფორმაციას, სად უნდათ რომ ჩვენი გუნდის ჩავიდეს. ასე რომ, ამ საქმიანობაში მარტო არ ვარ და მოწყენაც არ მემუქრება. ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო საქმიანობაა. 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც მიუნხენში გაიმართება, საპატიო წარგზავნილი უნდა ვიყო. ასე რომ, ვაგრძელებ ტრადიციას და ესტეფეტას გარი ლინეკერისგან ჩავიბარებ, ვისაც ანალოგიური თანამდებობა ჰქონდა ლონდონში გამართულ ფინალზე. იქამდე მადრიდში, როცა “ინტერთან” 2:0 დავმარცხდით, ეს როლი ემილიო ბუტრაგენიოს ჰქონდა.

- როგორ შეაფასებთ “რეკორდმაისტერს”?
- “ბაიერნში” 2007 წელს დავრუნდი და იმ წელს რიბერი, ტონი, კლოზე ვიყიდეთ და გერმანიაში დუბლი შევასრულეთ...

- თქვენ პარალელის გავლება ხომ არ გსურთ მაშინდელ და ახლანდელ შენაძენებს შორის? წელს ხომ “ბაიერნმა” ნოიერი, ბოატენგი, რაფინია, პეტერსენი და უსამი გადაიბირა, ტრანსფერებში კი სულ 44,1 მილიონი დახარჯა.
- დიახ, ზუსტადაც ასეა. ველოდები, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონის ტიტულს დამაჯერებელ სტილში დავიბრუნებთ. ეს, ასე ვთქვათ, საბაზო და ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია.

- ჩემპიონთა ლიგაც სასურველი იქნებოდა, მით უფრო, რომ მიუნხენის ოფიციალურ წარგზავნილს შეეძლება საკუთარი გუნდს სეზონის უმთავრეს შეხვედრაში გამოუძღვეს წინ.
- ჩვენი დევიზი ასეთია, წინ ვიაროთ იქამდე, ვიდრე ფეხებს შეუძლია ჩვენი თრევა. ბუნებრივია, რომ საკუთარ სტადიონზე ფინალში თამაში ჩვენთვის დიდებული შანსი იქნებოდა, მაგრამ ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ლიგაში გუშინდელი წაფორხილების კომპენსირება დღეს უკვე შეუძლებელია ხდება ხოლმე. ყურადღების ოდნავ მოდუნება, კონცენტრაციის დაკარგვა და უკვე ტურნირს მიღმა დარჩები. ასე მოგვივიდა ზუსტად “ინტერთან” 2010 წელს, როცა შინ 3:2 წავაგეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული