ასეთი შეხვედრების ბოლოს პროჟექტორების შუქზე, მუსიკის ფონზე დიდი პერსონები ტრიბუნებზე შეკრებილ ხალხს საუკუნო სიყვარულს ეფიცებიან, ისინიც თავის მხრივ ცრემლად იღვრებიან... ყოველ შემთხვევაში იდეალურ შემთხვევაში ასე უნდა იყოს.
რეალურად ყოველ გმირს კარიერის ასეთი დასასრული წილად არ ხვდება ხოლმე. მიხაელ ბალაკს ეროვნულ ნაკრებში გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონდა, არადა, დაგეგმილი ასე იყო: 10
9 წლის წინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბალაკმა ბრაზილიასთან კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა, ეს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იყო. მუნდიალის გადამწყვეტი მატჩისთვის ლევერკუზენის “ბაიერის” ლიდერი (“ბაიერნში” მისი გადასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო) დისკვალიფიცირებული გახლდათ. ეს შემთხვევა უმძიმესი სეზონის “ლოგიკურ” დასასრულად იქცა, რომელშიც ფეხბურთელმა მეორე ადგილზე დაასრულა ბუნდესლიგაც, წააგო ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის გადამწყვეტი შეხვედრებიც.
“2002 წლის წყევლა”, შეიძლება ითქვას, მთელ მის ფანტასტიკურ კარიერას ფონად გასდევდა. ბალაკს გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ 2000-იანი წლების საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი, ინდივიდუალისტი, რომელიც ასე აკლდა გერმანიას ამ პერიოდში. ის “ბაიერნში” სწორედ მაშინ თამაშობდა, როცა ბუნდესლიგა ის იყო კრიზისიდან გამოდიოდა. მას ერთი პენალტი დააკლდა, რათა 2008 წელს “ჩელსისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოეგო, არც გერმანიის ნაკრებთან ერთად ჰყოფნიდა ბედი, რომ თავს ზემოთ სასურველი თასი აღემართა და ბედის ირონიით, ახლა, როცა გერმანიას ისევ შესწევს ძალა უმაღლესი ჯილდოებისთვის იბრძოლოს, მიხაელ ბალაკის საუკეთესო წლები უკვე წარსულს დარჩა.
2010 წელს მას უკანასკნელი შანსი ჰქონდა ეროვნულ გუნდს გამარჯვებისკენ გასძღოლოდა და კარიერა, როგორც ჩემპიონს, ისე დაესრულებინა, მაგრამ როგორც მრავალჯერ, ისევ იღბალმა დაუდო ფეხი. ვარსკვლავმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რამაც ის მსოფლიოს ჩემპიონატს (მის გამოსათხოვარ ტურნირად რომ უნდა ქცეულიყო) მიღმა დატოვა.
თუკი 2010-მდე ის ნელ-ნელა ეცემოდა, სამხრეთ აფრიკის შემდეგ უკვე თავისუფალი ვარდნის რეჟიმში გადავიდა. ტრავმები, ასაკი, ძველებური მოტივაციის გაქრობა და შედეგად ბალაკი “ლევეკუზენშიც” კი ლამის სათადარიგო ფეხბურთელად გადაიქცა. პარალელურად კი გერმანიის ნაკრები, კაპიტნის გარეშე ყოველ შეხვედრაში სულ უფრო უკეთ გამოიყურებოდა. გასაგები გახდა, 34 წლის ფეხბურთელის საერთაშორისო კარიერას წერტილი ჰქონდა დასმული.
ლიოვმა შესთავაზა მას თავისი სცენარი: ბრაზილიასთან გამოძახება და ნაკრებთან პატივით გამოთხოვება. მაგრამ ყველაფერმა ერთად აღებულმა - იმედგაცრუებამ, სიამაყემ და პატივმოყვარეობამ მას ამის უფლება არ მისცა. კაპიტანმა გადაწყვიტა, წასულიყო, ოღონდ ისეთი სცენარით, მას რომ სურდა. სამწუხარო რეალობაა, რომ დასასრული სადღაც ძალიან ახლოსაა. ის წავიდა, თანაც ჩრდილში.
საფეხბურთო სამყაროში გერმანიის ნაკრების ლეგენდარული 13 ნომერი თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ უიღბლობის ყველაზე ნათელ მაგალითად. მან ითამაშა 2002 და 2006 წლების ჩემპიონატებზე და ცოტა დააკლდა მოგებამდე, ნაბიჯი არ ეყო 2002 და 2008 წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე, მან თითქმის მოიგო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი, ითამაშა თითქმის 100 თამაში ბუნდესგუნდში, ორჯერ “ლევერკუზენში” და ორჯერ “ჩელსიში” ვიცე-ჩემპიონი გახდა. ყოველივე ამის შემდეგ თითქმის ჩემპიონი მიდის... დიდებული, მაგრამ უიღბლო კარიერის მწარე დასასრული. მადლობა, მიხაელ!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"