ეს ბიჭი აღარ დაიკარგება!

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ უქმეებზე იმდენი მოახერხა, რომ მთელი საფეხბურთო გერმანია აალაპარაა. ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან კლოპს ასეთი რამ პირველად არ მოუხერხებია - საინტერესო ისაა, რომ იურგენს ყველა უარყოფით კონტექსტში ახსენებდა. ეს კი უკვე სიახლეა. ამასობაში, ფელიქს მაგათმა „ვოლფსბურგში“, თამამად ვთქვათ, „მოხუცებულთა თავშესაფარი“ გახსნა და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ „დესპოტ ფელიქსს“ ეს ამბავი ძალიან ცუდად შემოუტრიალდეს.

ზოგადად, მე-4 ტურში ბევრი რამ იყო ყურადსაღები, მაგრამ ტურის გამოხმაურებაში მეტწილად მაინც ცენტრალური მატჩის გარშემო უნდა ვიტრიალოთ. ჩემპიონ „დორტმუნდისა“ და
ვიცე-ჩემპიონ „ლევერკუზენს“ შორის შემდგარ დაპირისპირებაში გოლები არ გასულა, მაგრამ იმდენი სკანდალი მოხდა, რომ სპექტაკლი მაინც შემდგარად უნდა ჩაითვალოს. ანტიგმირი უდავოდ კლოპი იყო თავისი მიუნჰაუზენური არგუმენტებით, გმირი კი „ფარმაცევტების“ 19 წლის მეკარე ბერნდ ლენო, რომელიც, თამამად უნდა ითქვას, ნიჭიერი გერმანელი მეკარეების სიაში უკვე მოწინავე პოზიციაზეა.

ეს და სხვა საინტერესო მოვლენების ანალიზი ბუნდესლიგის მე-4 ტურის გამოხმაურებაში.

ტურის გმირი
გაიცანით და დაიმახსოვრეთ: ბერნდ ლენო!
ცხოვრებაში ისეთი მომენტებიც დგება ხოლმე, როცა გინდა, რომ საუთარ თავს ჩაეხუტო. ორი აზრი არ არსებობს: ამ უქმეებზე ასეთი მომენტი „ლევერკუზენის“ სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერს ჰქონდა - კერძოდ, „დორტმუნდთან“ 0:0-ის შემდეგ. ვიცე-ჩემპიონს ჩემპიონთან მიღწეული ფრე ვერასდროს აღაფრთოვანებს: ამ შემთხვევაში ფიოლერის ბედნიერების მიზეზი 19 წლის ბიჭი ბერნდ ლენო გახლდათ - ბიჭი კი არა, კაცი, რომელიც შაბათს „ლევერკუზენის“ კარს იცავდა. ამ უკანასკნელმა მოიგერია ყველაფერი, რაც მოსაგერიებელი ან მოუგერიებელი იყო და „ბაიერს“ 0:0 გადაურჩინა. ფიოლერს კი ის უხაროდა, რომ 19 წლის მანამდე ყველასათვის უცნობი კიპერი „შტუტგარტიდან“ სწორედ რუდიმ ინათხოვრა. ბრავო ფიოლერსა და მის სკაუტებს!

როგორც იცით, „ფარმაცევტების“ ძირითადი მეკარე რენე ადლერი კიდევ დიდხანს დაისვენებს. შესაბამისად, ლენოს ასეთი კარგი თამაში „ლევერუზენისთვის“ ნამდვილი მისწრებაა. რუდი კი ტელეკომპანია ZDF-ის გადაცემა „დოპელპასში“ მართლა ამაყად ამბობდა: „ადლერის ტრავმამ საკმაოდ ვაჟკაცური ნაბიჯის გადადგმა გვაიძულა. ლენოს ტრანსფერზე დიდხანს ვფიქრობდით და დიახ, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ მე ვთქვი. ოღონდ მას შემდეგ, რაც ბერნდი პირადად ვნახე, მას თვალებში ჩავხედე და ჯერ საკუთარ თავს ვკითხე, გაუძლებდა თუ არა ეს ბიჭი უდიდეს ზეწოლას. ღირდა თუ არა მის იმედად ჩემპიონთა ლიგაში ყოფნა.“
ფაქტია, რომ ლენომ გერმანიის ჩემპიონთან მართლა ბრწყინვალედ ითამაშა. ზენიტი კი რობერტ ლევანდოვსკის ურთულესი, ნახევრად მაკრატელა დარტყმის მოგერიება გახლდათ.

ტურის აღმოჩენა
ზოგი ვირუსი მარგებელია
წინა კვირა ლუკას პოდოლსკიმ საწოლში გაატარა - „კიოლნის“ თავდამსხმელს ვირუსებმა შეუტიეს, გრიპმა ლოგინს მიაჯაჭვა. თუმცა „თხების“ მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი ამაზე დიდად არ ნერვიულობდა, რადგან პოდოლსკი საწოლში ზუსტად იმდენს მოძრაობდა, რამდენსაც ბუნდესლიგის პირველ სამ ტურში მოედანზე ყოფნის დროს. მართალია, პოლდიმ პარასკევს წამოდგომა მოახერხა, მაგრამ შაბათს, სხვადასხვა მედიკამენტებით გაჟღენთილი „პრინცი“ სოლბაკენმა „ჰამბურგთან“ მატჩში მაინც სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

პოდოლსკი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ზუსტად სამ წუთში მილოვოე ნოვაკოვიჩს საგოლედ უპასა. პასიცაა და პასიც, ნოვაკოვიჩის გოლი კი, რომლის წყალობითაც ანგარიში კიოლნელთა სასარგებლოდ 2:1 გახდა, მთლიანად პოდოლსკისა და მისი კონტრშეტევის დამსახურება გახლდათ. ამიტომაც თქვა სოლბაკენმა, გერმანიაში, კონტრიერიშებზე პოლდიზე სახიფათო თავდამსხმელი არ არსებობსო. ცხადია, ლუკასის ასეთი თამაშის შემდეგ, კიოლნში პოლდის „გალათასარაიში“ გადასვლის შესახებ არავის არაფრის გაგონება აღარ უნდა.

ტურის პენალტისტი
ნახევარი მარიო და მეხუთედი ეშმაკები
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში „ციურიხთან“, მარიო გომესმა არცთუ მსუბუქი ტრავმა მიიღო და აგერ უკვე ორი კვირაა, ტკივილები აწუხებს, მაგრამ ამ არცთუ მსუბუქმა ტრავმამ ბუნდესლიგის მოქმედ ბომბარდირს „კაიზერსლაუტერნთან“ შეხვედრაში ხელი ოდნავადაც არ შეუშალა: ბავარიელებმა 3:0 მოიგეს და გეხსომებათ, სამივე გოლი გომესის ანგარიშზეა.

თუმცა მორიგი ჰეთ-თრიკის შესრულებაში გომესს ტრავმა ხელს დიდად ვერც შეუშლიდა, რადგან ამ სამი გოლიდან, ორი პენალტით გაიტანა. ამ ორი პენალტიდან კი მხოლოდ ერთხელ იხეირა პირდაპირ. აირიეთ? აგიხსნით! საქმე იმაშია, რომ მესამე თერთმეტმეტრიანის დროს გომესის დარტყმა „ლაუტერნის“ მეკარე კევინ ტრაპმა მოიგერია, მაგრამ კაიზერსლაუტერნელი მცველები იმდენად ზანტები აღმოჩნდნენ, რომ მათ ისევ ისედაც ძალიან ნელმა და თანაც ტრავმირებულმა გომესმა დაასწრო და დამატებაზე იხეირა. ასე რომ, ჯერ კიდევ საკითხავია, გომესია ასეთი მაგარი, თუ „კაიზერსლაუტერნი“ იყო ზედმეტად უსუსური.

ფაქტი ის არის, რომ მარიო ტრავმამ ისე შეაწუხა, კვირას გერმანიის ნაკრებს ვერ შეუერთდება.

ტურის ენაგრძელი
მარტოკაცი იურგენი
იურგენ კლოპი იხტიბარს არ იტეხდა: მისი აზრით, მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა „ბორუსიას“ ვუნდერკინდი მარიო გიოტცე მოედნიდან გააძევა. არადა, ამ უკანასკნელმა ლევერუზენელ ჰანო ბალიტშს ფეხი მოუქნია, ან განგებ არც მოუქნევია, როგორც კლოპი მიიჩნევს.

„ეს ჩვეულებრივი ორთაბრძოლა იყო. გიოტცეს 13 წლიდან ვუყურებ და მეტოქე გუნდის ფეხურთელისთვის ფეხი განგებ ერთხელაც არ მოუქნევია და ასეთ რამეს ახლა რატომ გააკეთებდა? - ბრაზობდა დორტმუნდელთა სხვა დროს ენაკვიმატი თავკაცი და მსაჯს ლანძღავდა, - როგორც ჩანს, ჰერ შტარკი თავს დავალებულად გრძნობდა, რადგან მანამდე ლევერკუზენელი გააძევა.“

არადა, სხვა მსაჯებმა, მსაჯების უფროსმა მარკუს მერკმა და ზოგადად გერმანიის საფეხბურთო ლიგის ბოსებმა შტარკი აქეს და გადაწყვეტილებაც მოუწონეს - მიუხედავად იმისა, რომ მარიომ ბალიტშს ფეხი ვერ მოარტყა და შესაძლოა, განგებაც არ მოუქნევია, მაინც გასაგდები იყოო. ასე რომ, კლოპი თვისი მოსაზრებით მარტოკაცი იყო. ასეთი რამ კი, მის სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება...

ტურის კლოუნი
მაგათი და ბებრები
ფრაიბურგელებს ექვსი გოლის გატანაც შეეძლოთო, ჩიოდა „ვოლფსბურგის“ მარჯვენაფლანგელი პატრიკ ოხსი ბრაისგაუში განცდილი კრახის (0:3) შემდეგ. მისი გუნდის დაცვა ნახვრეტებიანი იყო, თავდასხმა მთვლემარე - ფელიქს მაგათის „ვოლფსბურგი“ დღესდღეობით მოხუცებულთა თავშესაფარს უფრო გავს, ვიდრე ამბიციურ საფეხბურთო კლუბს.

მოხუცებულთა თავშესაფარი ტყუილად არ გვიხსენებია: ფეხბურთელებს, რომლებიც მაგათმა ამ ზაფხულს იყიდა, ბუნდესლიგის სხვა არც ერთ გუნდში არ მიიღებდნენ. ვგულისხმობთ 32 წლის სოტირიოს კირიაკოსს, 29 წლის, მაგრამ დიდი ფეხბურთიდან დიდი ხნის ჩამოწერილ თომს ჰიტცლშპერგერსა და 34 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩს. ფელიქსმა კი ისინი „ვოლფსბურგში“ მხსნელებად ჩაიყვანა. ფაქტია, 4 ტურის შემდეგ მაგათი ბებერ კლოუნს გავს, თუმცა რისი მაგათია, აქედანაც რომ არ გამოძვრეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ვარაუდით, ფელიქსი დღეს კიდევ ვინმეს იყიდის. ფაქტია ისიც, რომ დიეგოს, თომას კალენბერგს ან იან პოლაკს აუცილებლად გაყიდის. ამბობენ, ექს-აინტრახტელ კრისს უმიზნებსო, რომელიც სხვათა შორის 33 წლისაა და შესაბამისად, მაგათის კონცეფციაში იდეალურად ჯდება.

IV ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
ბერნდ ლენო (ლევერკუზენი, 1) - კრისტიან ლელი (ჰერტა, 1), დანიელ ვან ბუიტენი (ბაიერნი, 1), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ, 1) - ვილიამ კვისტი (შტუტგარტი, 1) - პატრიკ ებერტი (ჰერტა, 1), თომას მიულერი (ბაიერნი, 2), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 1) - მარკო არნაუტოვიჩი (ვერდერი, 1), მარიო გომესი (ბაიერნი, 1), ალექსანდერ ესვაინი (ნიურნბერგი, 1).

როგორც ჩანს, „შტუტგარტს“ საყრდენ ნახევარმცველ ვილიამ კვისტში მილიონები ტყუილად არ გადაუხდია. ეს უკანასკნელი მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რაც უკვე საკმაოდ კარგი მიღწევაა. მასთან ერთად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში ასევე მეორედ ვხედავთ თომას მიულერსაც.

საუკეთესო ფეხბურთელები
4 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 2.00
2. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.00
3. მარ-ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.13
4. ვილიამ კვისტი შტუტგარტი 2.38
5. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.38
6. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.50
7. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.50
8. კრისტიან ლელი ჰერტა 2.50
9. ბერდ ლენო ლევერკუზენი 2.50
10. ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 2.50

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 4 4 2 6
2. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 4 4 1 5
3. მოჰამედ აბდელაუ ნიურნბერგი 4 3 1 4
4. მარიო გომესი ბაიერნი 4 4 0 4
5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 4 1 3 4
6. რაული შალკე 4 2 2 4
7. მარკო როისი ბორუსია (მ) 4 2 2 4
8. სამი ალაგუი მაინცი 4 2 1 3
9. კევინ გროსკროიტცი ბორუსია (დ) 4 3 0 3
10. საშა მიოლდერსი აუგსბურგი 4 3 0 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული