ჰოლანდიელი პაციენტი

AutoSharing Option
შარშან, ასეთი ტრავმის გამო ჰოლგერ ბადშტუბერს ორი თვე გაუცდა, რას იმას ნიშნავს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ახლა იგივე ტრავმა რეკორდმაისტერის მარგალიტ არიენ რობენსაც აქვს.

27 წლის ჰოლანდიელი გარემარბი მუხლში ტკივილებს არ გრძნობს, მაგრამ არც ბადშტუბერი გრძნობდა და გაუფრთხილებლობას ორთვიანი პაუზა მოჰყვა. რობენი ისედაც ძალიან ხშირად შავდება ხოლმე და კარიერის ერთი მესამედი ლაზარეთში აქვს გატარებული - შესაბამისად, მიუნხენელებს რობენის გაუფრთხილებლობით გამოწვეული ტრავმა ნამდვილად არ აწყობთ.

ციურიხში და კაიზერსლაუტერნში "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა არიენი დაასვენა. რობენი
არც ჰოლანდიის ნაკრებს დაეხმარება (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში), რადგან ჰოლანდიელს უმცირეს რისკზე წასვლაც კი არ უნდა.

ამრიგად, მისი თამაში ბუნდესლიგის მომდევნო ტურშიც (10 სექტემბერს, "ფრაიბურგთან") საეჭვოა, აი, იმ მატჩიდან ოთხი დღეში კი, რეკორდმაისტერს რობენი მაგრად დასჭირდება: ბავარიელები 14 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ვილიარეალს" ხვდებიან.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ და მსუბუქად ვვარჯიშობ. თუმცა ექიმები მეუბნებიან, რომ ამ დღეებში ჩემი სრული დატვირთვა დიდ რისკთანაა დაკავშირებული და თუნდაც მცირე რისკზე წასვლაც კი აღარ მინდა.

რამდენიმეთვიან იძულებით პაუზას ნაღდად ვეღარ გადავიტან. ამიტომაც მირჩევნია, რომ ეს ორი კვირა დავისვენო და ჩემპიონთა ლიგის სტარტს სრულ მზადყოფნაში შევხვდე, - აცხადებს რობენი და იქვე დასძენს, - საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდით: "ვილიარეალი", "ნაპოლი", "მანჩესტერ სიტი". სამივე გუნდი ძლიერია, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. თუ სერიოზული მიზნებისთვის იბრძვი, სწორედ ძლიერ მეტოქეებს უნდა მოუგო."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული