დღეს, 10 სექტემბერს მიუნხენის „ბაიერნს“ „ფრაიბურგთან“ საშინაო მატჩში გამარჯვება და ლიდერობის შენარჩუნება უნდა, მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ კი „ჰერტას“ უმასპინძლებს და წესით, მარტივად უნდა მოიგოს. „ვერდერისა“ და „ჰამბურგის“ ჩრდილოური დერბი მნიშვნელოვანი მოვლენაა (მით უმეტეს, რომ ჰამბურგელები ბოლო ადგილზე არიან და ქულები ჰაერივით სჭირდებათ), ხვალ კი, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ფელიქს მაგათი თავისი „ვოლფსბურგით“ რალფ რანგნიკის „შალკეს“ დაუპირისპირდება.
ჩემპიონების
ვაღიარებთ, „ჰერტას“ ჩემპიონად მოხსენიება ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონსაც ხომ ჩემპიონი ჰქვია. ბერლინელები პირველ ტურში „ნიურნბერგთან“ რომ დამარცხდნენ, მას მერე წაუგებლად ასპარეზობენ და ჰამბურგსა და ჰანოვერში ორ საპატიო ფრესაც მიაღწიეს. ამჯერად, ლევან კობიაშვილის გუნდი გაცილებით რთული ამოცანის წინაშე დგას.
თანაც, „დორტმუნდს“ გამარჯვება აუცილებლად სჭირდება, რათა „ბაიერნი“ ძალიან წინ არ გაუშვას. თუმცა მოქმედი ჩემპიონი ჯერ ვერ ბრწყინავს, რაც, შესაძლოა, „ჰერტას“ შანსი იყოს. დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდებს: „სანერვიულო არაფერია, თამაშს აუცილებლად გამოვასწორებთ,“ - ამბობს კლოპი.
გომესი სისეს წინააღმდეგ
„ბაიერნი“ „ალიანც არენაზე“ „ფრაიბურგს“ ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელებს სამი ქულის აღება აქვთ დაგეგმილი - მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერს არიენ რობენი კვლავ არ ეყოლება. სამაგიეროდ, ფორმაშია ტოპ-თავდამსხმელი მარიო გომესი, რომელმაც წინა ტურში „კაიზერსლაუტერნთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა. თუმცა, „ფრაიბურგსაც“ ჰყავს თავისი გოლეადორი, რომელიც გომესს დიდად არ ჩამოუვარდება - პაპის დემბა სისეს ვგულისხმობთ, რომელსაც აგვისტოში „ფრაის“ დატოვება უნდოდა, მაგრამ ბრაისგაუელების მიერ მოთხოვნილი 15 მილიონი ევრო არავინ გადაიხადა და სენეგალელიც „ფრაიბურგში“ მინიმუმ ზამთრამდე დარჩა.
გომესის დარად, გასულ ოთხ ტურში სისესაც ოთხი გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში მოწინავეა. ვნახოთ, დღეს ვინ აჯობებს და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გომესს „ბაიერნში“ გაცილებით უკეთესი მეპასეები ჰყავს, ვიდრე სისეს, რომელიც თამაშებს ხშირად მარტო იგებს ხოლმე.
მაინცს შიურლე ენატრება
„მაინცი“ „ჰოფენჰაიმს“ სტუმრობს. თომას ტუხელის ბიჭებმა ევროპის ლიგიდან ნაადრევად გავარდნა ნორმალურად გადაიტანეს, აი, ლიდერ ანდრე შიურლეს დაკარგვა კი (ლევერკუზენში გადავიდა) - ვერა! ჯერჯერობით ყველაზე გამორჩეული მაინცელი თავდამსხმელი სამი ალაგუია, სხვები კი იმის ნახევარსაც ვერ აკეთებენ, რასაც შარშან ამ დროს აკეთებდნენ, როცა „მაინცი“ ბუნდესლიგის ცხრილს ყველასათვის მოულოდნელად სათავეში ედგა. რაც შეეხება კარნავალელთა მეტოქეს: „ჰოფენჰაიმს“ იოზიპ შიმუნიჩის დაკარგვის შემდეგ (ეს უკანასკნელი ზაგრების „დინამოში“ გადავიდა) დაცვაში გაუჭირდათ. „სოფლელების“ მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკიც ამბობს, ახალი ცენტრალური მცველი რომ არ შევიძინეთ, ძალიან მივქარეთო. მის განკარგულებაში ახლა მხოლოდ ოთხი ცენტრალური მცველია.
კაკაუ შტუტგარტშიც გაიტანს?
„შტუტგარტმა“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო (3:0 შალკესთან), მაგრამ მერე აურია. მომდევნო სამ ტურში შვაბებს აღარ მოუგიათ და ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ქულა აქვთ. მწვრთნელი ბრუნო ლაბადია ამბობს, გაცილებით მეტი შეგვიძლიაო და თუ მართლა ასეა, „შტუტგარტს“ თავისი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი დღეს ძალიან კარგ ფორმასი მყოფ, ჯერ კიდევ დაუმარცხებელ „ჰანოვერთან“ მიეცემა. შვაბთა თავდამსხმელმა კაკაუმ გერმანიის ნაკრების ფორმით გოლი გაიტანა (2:2 პოლონეთთან) და კლუბში თავდაჯერებული დაბრუნდა - შტუტგარტის ქომაგებს დღესაც მისი იმედი აქვთ. „ჰანოვერი“, როგორც გითხარით, დაუმარცხებელია და „წითლები“ ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ „მერსედეს ბენც არენადან“ მინიმუმ ქულა მაინც წაიღონ.
ტიფერტი: გაგვიჭირდება!
მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ სეზონი მშვენივრად დაიწყო და ქომაგებს იმედი მიეცათ, რომ მათი საყვარელი გუნდი წელს გადარჩენისთვის არ იბრძოლებს, მაგრამ მერე გუნდის 22 წლის ლიდერი მარკო როისი დაშავდა და ყველას ხასიათი წაუხდა. როისმა ტრავმის გამო გერმანიის ნაკრებში თამაში იუარა და მისი ასპარეზობა „კაიზერსლაუტერნთანაც“ კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამაგიეროდ, ლუსიენ ფავრს დაცვის ბურჯი შტრანცლი უბრუნდება. მოედანზე გასასვლელად მზად არიან ბობადილია და არანგოც.
კაიზერსლაუტერნში კი ნელ-ნელა შიშმა იმატა. ოთხი ტურის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზე ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გუნდის თამაში იმდენად უკეთესის სურვილს ტოვებს, რომ „წითელი ეშმაკების“ კაპიტანი კრისტიან ტიფერტიც აღიარებს, წელს ელიტაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდებაო. მარკო კურცის შეგირდებს ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგიათ და აგვისტოს მიწურულს უმთავრესი ფეხბურთელი, ივო ილიჩევიჩიც დაკარგეს - ეს უკანასკნელი „ჰამბურგში“ გადავიდა.
ჩრდილოეთის დერბი გერეროსთან ერთად
სპორტული თვალსაზრისით ჩრდილოეთის დერბი რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს (სეზონის დასაწყისში კი უმნიშვნელობა გამორიცხულია), „ვერდერისა“ და „ჰამბურგის“ დაპირისპირებას ყოველთვის დიდი ამბები სდევს ხოლმე თან. ბრემენელთათვის ეს პირველი თამაში იქნება მას მერე, რაც გუნდი დაცვის ბურჯმა პერ მერტეზაკერმა დატოვა. სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, „მუსიკოსების“ განაცხადში კვლავ ვიხილოთ ბრაზილიელი უკანახაზელი ნალდო, რომლის დაბრუნებას ბრემენელი ქომაგები მოუთმენლად ელიან. „ვერდერის“ თავკაცი თომას შააფი უშუალოდ დღეს გადაწყვეტს, ღირს თუ არა უკვე ნალდოს ძირითად შემადგენლობაში გამწესება.
„ჰამბურგში“ მწვრთნელ მიხაელ იონინგს სასწრაფოდ გამარჯვება სჭირდება - თუ არა და დიდია იმის შანსი, რომ გააგდონ. HSV ბოლო ადგილზე ჯერჯერობით უიმედოდაა და 4 ტურში უკვე 14 გოლი აქვს მიღებული. „ჰამბურგს“ მარჯვენა მცველი დენის დიკმაიერი ისევ დაუშავდა და მას 22 წლის ახალწვეული მაიკლ მანსიენი შეცვლის. სამაგიეროდ, სათამაშოდ მზადაა პერუელი თავდამსხმელი პაოლო გერერო, რომელსაც ფრენის იმდენად ეშინია, რომ „ჰამბურგის“ შვეიცარიულ ტურნეზე თვითფრიმავში მიღებული სტრესის გამო ვერ იასპარეზა...
მაგათი ხვდება რანგნიკს და რაულს
ხვალ, პირველი მატჩი „კიოლნისა“ და „ნიურნბერგის“ არცისე საინტერესო თამაშია. კიოლნელებმა სანაკრებო პაუზამდე „ჰამბურგთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს (4:3), რამაც „თხების“ თავკაცი სტალე სოლბაკენი „ჩემოდნებიდან ჩამოსვა“. „ნიურნბერგთან“ შეხვედრისთვის ამ უკანასკნელს ძირითადი მეკარე მიხაელ რენზინგი უბრუნდება. სამაგიეროდ, აგვისტოს მიწურულს შეძენილი ჯემალი ტრავმირებულია და ხვალ ვერ იასპარეზებს. „ნიურნბერგის“ მთავარი იარაღი ყოფილი კიოლნელი ჰეგელერია. 23 წლის ფეხბურთელი ნებისმიერ პოზიციაზე ბრწყინავს - სადაც არ უნდა ათამაშოს დიტერ ჰეკინგმა, ჰეგელერი ყველგან საუკეთესოა ხოლმე.
ზემოთაც ვთქვით, რომ ტურს „შალკესა“ და „ვოლფსბურგის“ მეტად საინტერესო ჯახი დახურავს. ამ შეხვედრის უმთავრესი ინტრიგა მწვრთნელების, ფელიქს მაგათისა და რალფ რანგნიკის დაპირისპირებაა - „დესპოტი ფელიქსი“ და „პროფესორი რალფი“ არ მალავენ, რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. სპორტული თვალსაზრისით, ეს სეზონი რანგნიკის გუნდმა საკმაოდ კარგად დაიწყო: ოთხი ტურში მოპოვებული 9 ქულა გელზენკირხენელთათვის ოპტიმალური მიღწევაა. „ვოლფსბურგმა“ კი მტკივნეული სტარტი (3 ქულა) აიღო და შესაბამისი იყო მაგათის რეაქციაც: ფელიქსმა აგვისტოს ბოლო დღეებში სატრანსფერო ბაზარს კიდევ ერთხელ შეუტია და ჰლებისა და იონსონის სახით მეთერთმეტე და მეთორმეტე ახალწვეულები წარმოადგინა. სამაგიეროდ, „ვოლფსბურგი“ დიეგომ, კიაერმა და პეკარიკმა დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ბელორუსი ჰლები „მგლებს“ ჯერ ვერ დაეხმარება.
საინტერესოა მაგათისა და რაულის შეხვედრაც: ხომ გახსოვთ, ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი „შალკეში“ თავის დროზე სწორედ ფელიქსმა გადაიყვანა და როცა მაგათი გელზენკირხენიდან წავიდა, „შალკეს“ დატოვებაზე რაულიც საკმაოდ სერიოზულად ფიქრობდა...
გუშინ
აუგსბურგი-ლევერკუზენი 1:4
დღეს
ბორუსია (დ)-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: გიოტცე, კელი (ორივე ბორუსია)
ტრავმა: კოხი, ოვომოიელა, ბაკალორცი, ბარიოსი - ნოიმანი
ბაიერნი-ფრაიბურგი 17:30
ტრავმა: ბრენო, რობენი, უსამი, ოლიჩი - ბუტშერი, როზენტალი
მაინცი-ჰოფენჰაიმი 17:30
ტრავმა: ფ. ჰელერი, სალაი - იაისლე, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, ვაისი, იბიშევიჩი
შტუტგარტი-ჰანოვერი 17:30
ტრავმა: ბაუერი, ბიჩაქჩიჩი, დელპიერი, ნიდერმაიერი, აუდელი, შიბერი - მილერი, აკდარი, ანდრეასენი, კარლიტოსი
ბორუსია (მ)-კაიზერსლაუტერნი 17:30
ტრავმა: კაჩუნგა - ორბანი, შიმუნეკი, კუემაა, ნემეცი, ცელნერი
ვერდერი-ჰამბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: ილიჩევიჩი (ჰამბურგი)
ტრავმა: ბიონიში, სილვესტრი, ავდიჩი, აიქი - დიკმაიერი, შტეპანეკი, სალა, სონი
ხვალ
კიოლნი-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ბუნიაკუ (ნიურნბერგი)
ტრავმა: პეტიტი, პეცონი - რ. შეფერი, ნილსონი, დიდავი, ფრანტცი
ვოლფსბურგი-შალკე 19:30
ტრავმა: კრისი, ა. ფრიდრიხი, ჰლები, კალენბერგი - ესკუდერო, ჰუგლანდი, ყენია, კლუგე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"