მიხეალი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც "არისტოკრატთა" ისტორიას წერდა, ფეხბურთელი, რომელმაც გუნდთან ერთად დუბლი შეასრულა და წავიდა. სამახსოვროდ კი ლონდონიდან ამობრუნებული მუხლი წაიღო - საჩუქარი კევინ-პრინს ბოატენგისგან.
თასის ფინალი იყო თამაში, სადაც მრავლად ვიხილეთ წვრილმანი სიმულაციები, ბალაკის ყვირილი კი ტრავმის მიღების შემდეგ ისტორიული გახდა. მაშინ, როცა ბალა მინდორს ტოვებდა, ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ის სამუდამოდ მიდიოდა.
ინტერვიუ ფეხბურთელთან "დეილი
"მე არ მქონდა შანსი ფანებს ოფიციალურად დავმშვიდობებოდი, რადგან კლუბთან კონტრაქტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. იმედი მქონდა, რომ დავრჩებოდი," - ამბობს ბალაკი.
იმ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ტრავმამდე ის გერმანიის ნაკრების კაპიტანი იყო, 98 მატჩით ეროვნულ გუნდში და მსოფლიოს ჩემპიონატს ელოდებოდა. ტრავმის გამო კი 3 თვე გაატარა "თამაშგარეთ", ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ტოვებდა ნაკრებს. ტრავმამდე ის "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი კლუბის პრესსამსახურისგან მხოლოდ მცირე კომენტარსღა ეღირსა.
საინტერესო და უჩვეულოა იმ ადგილას დაბრუნება, სადაც მიხაელი იწყებდა თავის ბრწყინვალე კარიერას. ის ისევ იმ რესტორანში სადილობს, სადაც 22 წლის ბიჭი დადიოდა ხოლმე.
მასპინძელი კი ყოველ ჯერზე ძველებურად ემოციურად ხვდება. რესტორნის კედლებს ბალაკის ზუსტად ის ფოტოები ამშვენებს, რომელიც იქ 10 წლის წინ ეკიდა. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. "როცა აქ პირველად მოვედი, მე მქონდა ტალანტი და მცირე გამოცდილება, მეტი არაფერი," - ამბობს ფეხბურთელი.
ახლა ბანერი მისი გამოსახულებით "ლევერკუზენის" არენას ამშვენებს სხვა გამოჩენილ ფეხბურთელებთან ერთად. თავად მიხაელი კი უკვე გამოცდილი პროფესიონალია, კარიერის ბოლო სტადიაზე. უკანასკნელი ათწლეულის ერთ-ერთი საკულტო გერმანელი მოთამაშე მსოფლიოს საუკეთეთო მოთამაშეთა სიაში შედის. "ჩელსიდან" მისი წასვლის მიზეზები დღემდე საინტერესოა.
მწვრთნელს ხომ მართლა არ სურდა მისი გუნდიდან გაშვება: "მეც მინდოდა კლუბში დარჩენა, განსაკუთრებით მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, მაგრამ უჩვეულოა, როცა ამდენი ხანი გრძელდება მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზე. ყველას სურვილია, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაარკვიოს. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ჩემთან დაკავშირებით კლუბმა მიიღო და არა მწვრთნელმა".
შარშან, როცა ფრენკ ლემპარდმა ტრავმის გამო ხანგრძლივი პაუზა აიღო, აშკარა გახდა, რომ "ჩელსის" საჩემპიონო ბრძოლის გასაგრძელებლად სწორედ ისეთი გამოცდილი ხალხი სჭირდებოდა, როგორიც ბალაკია. და ეს იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ რომან აბრამოვიჩმა ახალ ფეხბურთელებში 120 მილიონი გირვანქა დახარჯა.
ბალაკი ამბობს: "გერმანიაში ვამბობთ, რომ ის, რაც დიდი ხნის წინ არის ნათქვამი, უკვე არააქტუალურია. ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. ამ დროს რაღაც უნდა შეცვალო. მაგალითად, შეიძლება აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდეს, რათა გუნდი რაღაც დონეზე მაინც განსხვავებული გახდეს. ეს ნორმალურია".
ანჩელოტი
მაშინ, როცა ბალაკი წარსულზე მსჯელობს, ძალიან ფლეგმატური ჩანს. ოდესღაც მას, აღმოსავლეთი გერმანიის მკვიდრს, მოუხდა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რათა დასავლეთში რეპუტაცია შეექმნა. "აქ მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა მეღონა, რათა ბუნდესლიგაში წარმატებისთვის მიმეღწია," - იხსენებს ფეხბურთელი.
ამას მაშინ მიხვდა, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო და სულ სხვა, კომუნისტური სამყაროდან იყო მოსული. "შეიძლება ორივე ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი," - ასკვნის ის. რომელ ფაქტორსაც არ უნდა ექცია ის იმ პიროვნებად, რასაც ახლა წარმოადგენს, ყველაფერმა ერთად ასწავლა თამაშის ცინიზმი და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულების წესები. ყოველივე ამის გამო ბალაკი კარლო ანჩელოტის მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღლა აყენებს, რადგან: "ის ყოველთვის ყველასთან სამართლიანი იყო.
კარლო მუდამ ნახულობდა საუკეთესო გამოსავალს რთულ სიტუაციებში. რთულში იმიტომ, რომ, გარწმუნებთ, ძალიან ძნელია უხელმძღვანელო ისეთ გუნდს, სადაც უმრავლესობას საკუთარი "ეგო" ძალიან განვითარებული აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბმა რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ დამრიგებელში არ არის პრობლემა. თავად ფეხბურთელებიც ხდებიან წარუმატებლობის მიზეზი".
მოურინიო
ბალაკს პრესამ და ლუიშ ფელიპე სკოლარიმ 2009 წლის იანვარში მწვრთნელის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი. ფეხბურთელი ამას უარყოფს: "ასე არ ყოფილა. არ ვიცი, ვინ უთხრა მას ეს. ბრალდებამ ძალიან გამაკვირვა, რადგან ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
ვფიქრობ, მისი პრობლემა ის იყო, რომ გუნდთან სწორი მიდგომა ვერ იპოვა. როცა "ჩელსიში" მივედი, პირველი სწორედ ის ვთქვი, რომ წამყვან ფეხბურთელებს პირადი ამბიციები უნდა დაევიწყებინათ და საერთო საქმე ეკეთებინათ". რაც შეეხება ჟოზე მოურინიოსთან დამოკიდებულებას: "მასთან საერთო ენა მალე გამოვნახე. ის შესანიშნავი ორატორი და კარგი ორგანიზატორი იყო". თუმცა 2007 წელს, როცა ბალაკმა ტრავმა მიიღო და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
"ვხედავდი, რომ ჩემზე გაბრაზებული იყო. თუმცა ვხვდებოდი, რომ გულის სიღრმეში იცოდა, მე მართალი ვიყავი. ეს მართლა რთული სიტუაცია იყო. მთელი შვიდი თვე ვერ ვთამაშობდი, ის ალბათ ფიქრობდა, რა სჭირს მიხაელს, რატომ არ სურს დაბრუნებაო, რადგან, წესით, მკურნალობას სამი თვე უნდა წაეღო. ის ჩემთან აღარაფერზე ლაპარაკობდა და მე ვგრძობდი, რასაც განიცდიდა".
გრანტი
მოურინიოს შემცვლელ ავრამ გრანტს ბალაკი ასე ახასიათებს: "ის ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ ძალიან რთულია ჟოზეს შემდეგ გუნდში მუშაობა... ავრამი ჟოზესგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მაგრამ ფეხბურთი კი ძალიან კარგად ესმოდა. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელები შეჩვეულები იყვნენ მოურინიოს სუფთა ინგლისურ, აგრესიულ სტილს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად ავთამაშდით, სეზონი მართლა კარგი გამოგვივიდა, მოვიგეთ პრემიერლიგა და გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რატომ გაუშვეს? არ ვიცი... ის კარგი მწვრთნელი იყო "ჩელსისთვის". ბალა განსაკუთრებულად მიიჩნევს გუუს ჰიდინკს და ფიქრობს, რომ მის ხელში "ჩელსიში" თავად საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"