კარსტენ იანკერი - წლების წამის დასავიწყებლად

AutoSharing Option
კარსტენ იანკერი არ ყოფილა ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელი, ვისაც გერმანიის ნაკრებში ოდესმე უთამაშია, ის არ ყოფილა არც ყველაზე ტექნიკური და არც ყველაზე პოპულარული, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე "მანშაფტს" ფიზიკურად მასზე ძლიერი ფეხბურთელი ჰყოლია წინა ხაზში.

"პნევმატური ჩაქუჩი” - აი, სახელი, რომელიც მას გულშემატკივრებმა უწოდეს არანორმალური ძალისა და შრომისუნარიანობის გამო.

37 წლის კარსტენი ამჟამად ვენაში წყნარი ცხოვრებით ტკბება.

- თქვენ ერთ-ერთი იყავით იმ “ბაიერნში”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შეძლებს თუ არა წლევანდელი რეკორდმაისტერი ამ შედეგის გამეორებას?
- ვნახოთ. “ბაიერნი” მშვენიერ სეზონს
ატარებს. თავისთავად ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. მიუნხენელები ბუნდესლიგას აუცილებლად მოიგებენ.

- 1999 წელს ბედმა დაგაღალატათ?
- “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში ნამდვილად დაგვაღალატა, მაგრამ შემდეგ, როცა ტიტული მოვიგეთ, ბედი მართლა ჩვენს მხარეს იყო.

- ყველას ახსოვს 1999 წლის ფინალში მაკრატელათი თქვენ მიერ ხარიხისთვის გარტყმული ბურთი. ეს ეპიზოდი გახსენდებათ?
- უკვე აღარ ვიხსენებ ხოლმე. ნამდვილად დიდი დრო დამჭირდა, რომ ეს სცენა თავიდან ამომეგდო. ამ მომენტს ფიქრებში განუწყვეტლივ ვუბრუნდებოდი და ვუბრუნდებოდი. ალბათ იმიტომ, რომ წაგება ძალიან გულსატკენი იყო.

- თქვენი აზრით, სად გაატარეთ პროფესიული კარიერის საუკეთესო წლები?
- ეს ხომ აშკარაა - რა თქმა უნდა “ბაიერნსა” და “რაპიდში”. მიუნხენში გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი გავხდი და უამრავი ტიტული მოვიგე. ჩემი ორი შვილიც ამ ქალაქში დაიბადა. მართალია ახლა ვენაში ვცხოვრობ, მაგრამ ისევ და ისევ “ბაიერნის” ვეტერანი ვარსკვლავების გუნდის სახელით ვთამაშობ. რაც შეეხება “რაპიდს”, ყველაფერი იქ დაიწყო და წარმატებული პროფესიონალი ფეხბურთელი სწორედ ამ გუნდში გავხდი.

- დღემდე სტუმრობთ ხოლმე “ბაიერნის” ბაზას ზაბენერ შტრასეზე?
- წელიწადში “ბაიერნის” ორ ან სამ თამაშს აუცილებლად ვესწრები. ძირითადად პირადი მიზეზების გამო ვერ ვიცლი. ზაბენერ შტრასეს იშვიათად ვსტუმრობ.

- “ბაიერნი” თქვენი კარიერის საუკეთესო წლები ყოფილა. როგორ შეაფასებთ იმ ორ სეზონს, რომელიც “უდინეზეში” გაატარეთ?
- ეს ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი იყო. თავდაპირველად კიდევ არა უშავდა, მაგრამ ნელ-ნელა მერე ყველაფერი გაუარესდა.

- რისი თქმა შეგიძლიათ მიროსლავ კლოზეზე?
- კარგად გამოიყურება. თავისი ადგილი ახალ გუნდში იოლად მონახა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა “ლაციოს” შემადგენლობაში.

- იტალიის შემდეგ ჯერ “კაიზერსლაუტერნში” გადახვედით, შემდეგ ჩინეთში “შანხაი შენხუაში” აღმოჩნდით. ამ პერიოდზე რაღას გვეტყვით?
- ჩინეთი სულ სხვა სამყაროა, იქ მხოლოდ ნახევარი წელიწადი გავატარე, მაგრამ ეს იყო მართლა ძალიან საინტერესო თვეები.

- რატომ მაინცდამაინც ჩინეთი? ფული გადამწყვეტი ფაქტორი იყო?
- საერთოდ მათ წინადადებას ამ ასპექტში არა უშავდა. სპორტში საერთოდ ძნელია ვინმემ მომავალი წინასწარ დაგეგმოს. მეც ასე მომივიდა. ფორმა ჩინეთში აღვიდგინე და სათამაშოდ ავსტრიას დავუბრუნდი.

- დაბრუნდით და თქვენი კარიერა იქ დასრულდა კიდეც. შეიძლება ოდესმე ბუნდესლიგას მწვრთნელის რანგში დაუბრუნდეთ?
- ნამდვილად არ ვიცი. ასე ვიტყოდი, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. მწვრთნელთა კურსები დავამთავრე და ახლა “რაპიდის” ბავშვთა გუნდის მწვრთნელად ვმუშაობ. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, ოჯახი ჩემთვის ახლა ნამდვილად პირველ ადგილზეა. ჩემი მეუღლე ყოველთვის ულაპარაკოდ მომყვებოდა ყველგან, სადაც სათამაშოდ მივდიოდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდებოდით ვენაში, ეს ჩვენი სახლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული