ცემა-ტყეპაში მეკარეც მოყვა!

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში დაბრუნებულმა "ზანკტ პაულიმ" სეზონი გამარჯვებით დაიწყო, დაამარცხა რა "ფრაიბურგი" სტუმრად 3:1. მატჩის შემდეგ, გუნდი და გულშემატკივრები ჰამბურგში მატარებლით გაემგზავრნენ. უმეტესობა ჰამბურგის ცენტრში ჩავიდა, სათადარიგო მეკარე ბენედიქტ პლიკე და დაახლოებით 50 ქომაგი კი მატარებელს გარეუბან ალტონამდე გაჰყვნენ. სწორედ ალტონას სადგურში მოხდა ის, რაზეც გუშინ მთელი საფეხბურთო გერმანია ლაპარაკობდა: სადგურზე პლიკეს და 50-მდე ფანს, "ზანკტ პაულის" მოსისხლე მტრის, "ჰამბურგის" 15-მდე ფანი დახვდა, რომლებიც ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები. მათ "ზტ. პაულის" ფანებსა და მეკარეზე მიიტანეს იერიში. პლიკე სერიოზულ
ტრავმას ძლივს გადაურჩა -
მისი თქმით, რამდენიმე ბოთლი კინაღამ თავში მოხვდა.

პოლიცია საქმეში სწრაფად ჩაერთო, მაგრამ ძალადობა უმტკივნეულოდ მაინც ვერ აღკვეთა. "ზანკტ პაულის" სამი ქომაგი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ზტ. პაულის" ქომაგებს შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცებიც - "ჰამბურგის" ხულიგანი ქომაგები კი არავის დანდობას აპირებდნენ. მძიმედ დაშავდა ერთი პოლიციელიც, რომელსაც დაახლოებით 16 წლის ხულიგანმა თავი გაუტეხა. სამართალდამცავებმა სამი დამნაშავე ადგილზე დააკავეს, ხუთი დანაშაულის ადგილის სიახლოვეს, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს. დაკავებული ფანებიდან რვავე მათგანს "ჰამბურგის" მთელი სეზონის აბონემენტი აქვს და რვავე ფან-კლუბ "სუპორტერსის" წევრია...

"ეგრეთ წოდებული "ჰამბურგის" ფანები ძალიან ცუდად მოიქცნენ, იმდენად ცუდად, რომ მათ ქალებს და ბავშვებსაც კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენთვის გაქცეული დამნაშავეების ვინაობაც ცნობილია და მათ მალე ავიყვანთ," - აცხადებს ბუნდესპოლიციის პრეს-მდივანი რაინერ ურბანი. ახლა პოლიცია იმაზე ფიქრობს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული ჰამბურგული დერბის დროს, რომელიც ერთ თვეში, "ზანკტ პაულის" სტადიონ "მილერნტორზე" უნდა გაიმართოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული