ბეკენბაუერმა დემიკელისს გადაუარა

AutoSharing Option
როცა მარტინ დემიკელისი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, ეს კი წლების წინ მოხდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები არგენტინელ მცველს ახალ ფრანც ბეკენბაუერს უწოდებდნენ. წლები გავიდა, დემიკელისმა რეკორდმაისტერში არაერთი თამაში ჩაატარა, მაგრამ ახალი ბეკენბაუერი ვერ გახდა. ახლა კი, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 29 წლის მარტინი მიუნხენს დატოვებს.
"ვოლფსბურგთან" მატჩის წინ, ძირითად შემადგენლობაში ვერმოხვედრის გამო გამოთქმული პროტესტის შემდეგ, "ზებენერშტრასეზე" ვისაც არ დაეზარა, ყველამ დემიკელისი გააკრიტიკა. არგენტინელის წინააღმდეგ ხმა თვით ბეკენბაუერმაც აიმაღლა, რომელიც ახლა რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტია.

"დემიკელისმა გასულ სეზონშიც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და არც მანამდე
იყო სტაბილური მოთამაშე. მარტინი ძალიან კარგი, უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ მას პრობლემა თავში აქვს: სირბილი ეზარება! - თქვა "კაიზერმა" ტელეკომპანია "სქაის" პირდაპირ ეთერში დემიკელისის შესახებ, რომელსაც მადრიდის "ატლეტიკო" ეპატიჟება და იქვე დასძინა, - დემიკელისი მრავალმხრივი ფეხბურთელია და მას მცველის გარდა, საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულებაც შესანიშნავად ეხერხება, მაგრამ ყოველთვის დაცვაში თამაში ერჩივნა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მარტინი ძალიან ზარმაცია. ნახევარდაცვაში ბევრი უნდა ირბინოს, დაცვაში კი ძალიან ცოტა. ამასთან, იმდენ შეცდომას უშვებს, რომ ეს ყველაფერი უკვე აუტანელია."

დემიკელისი აღარც ვან გაალს სჭირდება. ლუისმა ამ დღეებში არაერთხელ აღნიშნა, რომ არგენტინელის წასვლის შემთხვევაში წუწუნს არ დაიწყებს. თვითონ დემიკელისიც კი ამბობს, რომ "ბაიერნიდან" მისი აბარგება გადაწყვეტილი ამბავია და ამ დღეებში ტრანსფერი განხორციელდება.

არენდით იუვეში?

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის არგენტინელი უკანახაზელი. ფაქტია, რომ მისი გადაბირება, "ატლეტიკოსთან" ერთად, ტურინის "იუვენტუსსაც" უნდა. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელებმა მიუნხენელ კოლეგებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ოღონდ, "იუვეს" არგენტინელი არენდით უნდა. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა შეხვდა და ესაუბრა დემიკელისის აგენტს. მარტინის აყვანა ტურინელთა დამრიგებლის, ლუიჯი დელ ნერის სურვილი ყოფილა. არგენტინელის აგენტი "იუვესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ სხვა კლუბებთანაც აქვს ურთიერთობა. მისივე თქმით, დემიკელისით "ბარსელონა", "ჩელსი" და "სევილიაც" არიან დაინტერესებულები.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული