გახდება ვან ნისტელროი ყველა დროის ყველაზე ბებერი ბომბარდირი?

AutoSharing Option
ულფ კირესტენი 32.43 წლის იყო, როცა 1998 წელს, "ლევერკუზენის" ფებხურთელის რანგში, 22 გოლით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გერმანიის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გერდ მიულერი კი 32.48 წლის გახლდათ, როცა 1977 წელს, ბუნდესლიგაში 24 გოლი გაიტანა და ასევე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "მიუნხენ 1860-ის" ყოფილი ფორვარდი მარტინ მაქსი კი, 2002 წელს სულაც 33.74 წლის იყო, 18 გოლით რომ მოიპოვა საუკეთესო ბომბარდირის წოდება. როგორც მიხვდით, მაქსი ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია...

გასულ უქმეებზე ბუნდესლიგა 2010/11-ის პირველი ტური გაიმართა და გამოჩნდა, რომ
"ჰამბურგის" ჰოლანდიელ თავდამსხმელ რუუდ ვან ნისტელროის შეუძლია, მაქსის რეკორდი მოხსნას. რუუდი 34 წლისაა და პირველი ტურის შემდეგ, ორი გოლი აქვს გატანილი. რაც მთავარია, რუუდი შესანიშნავ ფორმაშია: გარდა "შალკეს" კარში გატანილი ორი გოლისა, გერმანიის თასის პირველ რაუნდში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"ახლა თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც 2006 წელს. ასეთ კარგ ფორმაში მარტო მაშინ ვიყავი," - ამბობს რუუდი. 2006 წელს ის მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იყო და 25 გოლით პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. დაამხობს ვან ნისტელროი მაქსის რეკორდს? "თუ ვან ნისტელროიმ არ დაამხო, სხვამ ვინ უნდა დაამხოს? რუუდი გენიალური თავდამსხმელი და გოლეადორია," - ეს რეკორდსმენ მაქსის სიტყვებია.

34 წლის ვან ნისტელროის "სიბერეში" საუკეთესო ბომბარდირობას კირსტენიც უწინასწარმეტყველებს: "რუუდის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ "ჰამბურგი" ძალიან ძლიერი გუნდია, რაც პირველივე ტურში დამტკიცდა და შესაბამისად, რუუდს ბომბარდირობის ჩინებული შანსი აქვს. თუ ვან ნისტელროი სეზონს ტრავმის გარეშე ჩაატარებს და მატჩებიც გამოტოვება არ მოუხდება, ვფიქრობ, ბომბარდირობა ნამდვილად შეუძლია," - ამბობს ულფი.

ვან ნისტელროის შესაძლებლობებში ეჭვი არც მის თანამემამულე ერიკ მეიერს ეპარება, რომელიც 2000-დან 2003 წლამდე "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა, ახლა კი მეორე ბუნდესლიგური აახენის "ალემანიას" მენეჯერია: "რუუდი ჰოლანდიაში, ინგლისსა და ესპანეთში ბომბარდირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლისაა, გოლების გატანა ახლაც ძველებურად ეხერხება. დარწმუნებული ვარ, რომ ბომბარდირთა დავაში მინიმუმ საუკეთესო სამეულში მოხვდება."

თვითონ ჰოლანდიელი გოლეადორი კი მოკრძალებულია: "ცხადია, საუკეთესო ბომბარდირობა ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. უპირველესი მიზანი ის არის, რომ "ჰამბურგმა" წარმატებული სეზონი ჩაატაროს," - ამბობს რუუდი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული