ფრიდრიხი საოპერაციო მაგიდაზე, ბარძალის ძაღლის ბედი ჰქონია...

AutoSharing Option
ორი აზრი არ არსებობს: არნე ფრიდრიხს "ვოლფსბურგში" გასატარებელი პირველი სეზონი სულ სხვანაირად წარმოედგინა. გერმანიის ნაკრების გამოცდილმა მცველმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, "ვოლფსბურგში" კი ამ ზაფხულს, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული "ჰერტადან" გადავიდა, პირველი ტური (1:2 ბაიერნთან) ზურგის პრობლემების გამო გააცდინა. ახლა კი გაირკვა, რომ 31 წლის უკანახაზელს სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ორი თვე ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. დიდი შანსია, რომ ფრიდრიხმა გაცილებით დიდხანსაც დაისვენოს.

"ოპერაცია გარდაუვალია, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯერ არც ის ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს უქმად ყოფნა.
ექიმები მეუბნებიან, მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებო. რას ვიზამ, ბედს უნდა შევეგუო, ოპერაციის შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვჯანმრთელდე," - უთხრა ფრიდრიხმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

არნეს "ვოლფსბურგის" მაისურით ჯერ არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, მანამდე კი, "ჰერტას" კაპიტანი გახლდათ და ბერლინური კლუბის ღირსება ბუნდესლიგის 231 მატჩში (14 გოლი) აქვს დაცული. ამასთან, ფრიდრიხს გერმანიის ნაკრებში 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისმა ტრავმამ უდავოდ ძალიან გაახარა "მგლების" იტალიელი მცველი ანდრეა ბარძალი, რომელიც ფრიდრიხისა და სიმონ კიაერის ტრანსფერების შემდეგ, "ვოლფსბურგის" დატოვებაზე ფიქრობდა. ახლა კი, არსად გაუშვებენ, რადგან "ვოლფსბურგს" იტალიელი ძალიან სჭირდება. სხვათა შორის, "ბაიერნთან" ბარძალიმ ძალიან კარგად ითამაშა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის ქება დაიმსახურა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული