ბრემენული კლუბის ფორვარდ სანდრო ვაგნერის სისხლიანი მაისურა "ვერდერის" ქომაგებს ალბათ არასდროს დაავიწყდებათ. 68-ე წუთზე "სამპდორია" 2:0-ს იგებდა და ეს
ვაგნერს მოედანზე დაბრუნება სურდა და მის შეცვლას არც "ვერდერის" მწვრთნელი თომას შააფი აპირებდა, მაგრამ გაირკვა, რომ ვაგნერის სათადარიგო მაისურა არ არსებობდა - "ვერდერის" სკამზე სანდროს ახალი, სუფთა ფორმა არ აღმოჩნდა! წესის მიხედვით, სისხლიანი მაისურით თამაში აკრძალულია. შესაბამისად, რაკი, სუფთა მაისურა ვერც გასახდელში აღმოაჩინეს, შააფი იძულებული გახდა, თავდამსხმელი შეეცვალა და მოედანზე შვედი ფორვარდი როზენბერგი შეუშვა. გაგრძელება უკვე იცით: როზენბერგმა 93-ე წუთზე სასიცოხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა. მაგრამ რომ არა სანდრო ვაგნერის დასისხლიანება, შააფი როზენბერგს თამაშში არ ჩართავდა, რაც ბრემენელთა მწვრთნელმა საფინალო სასტვენის შემდეგ დიდსულოვნად აღიარა.
"საფეხბურთო ღმერთმა გადმომხედა!" - ბედნიერი იყო თამაშის შემდეგ როზენბერგი, რომელსაც "ვერდერიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ბრემენულ კლუბში იმედები ვერა და ვერ გაამართლა. ამ გოლის შემდეგ კი, შეიძლება, ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ შეიცვალოს...
ვერდერის დაცვას სილვესტრი გააძლიერებს
ზოგადად, ბრემენულ კლუბს ახალ სეზონში ბევრი მატჩი არ ჩაუატრებია, მაგრამ რაც ჩაატარა, ყველგან გამოჩნდა, რომ შააფს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. ბრაზილიელი ნალდო ტრავმირებულია და შააფი ამიტომაც ეძებდა ახალ მცველს, რომელიც როგორც ირკვევა, უკვე იპოვნა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33 წლის მიკაელ სილვესტრი კარიერას "მუსიკოსებში" გააგრძელებს. ფრანგი უკანახაზელი ბოლოს "არსენალში" თამაშობდა, ახლა კი უკლუბოდაა და როგორც იცით, ცოტა ხნის წინ შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ "ქაისერში" გადასვლა იუარა - როგორც ჩანს იმიტომ, რომ "ვერდერთან" მოლაპარაკებები უკვე დაწყებული ჰქონდა.
გუშინწინ სილვესტრი "სამპდორიასა" და "ვერდერის" მატჩსაც კი დაესწრო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვერდერის" შეფები სილვესტრთან მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა აწარმოებენ და მას უკვე თითქმის ყველაფერზე შეუთანხმდნენ. მენეჯერმა კლაუს ალოფსმა "კიკერთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ფრანგთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.