ფელიქსმა ვან დერ ვაარტს გახედა

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ, ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ჰამბურგთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა თქვა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჩვენს გუნდში კიდევ ბევრი რამ მოხდებაო. ამრიგად, ლევან ყენიას გუნდში წმენდა-განახლების პროცესი გრძელდება: გუშინ "შალკემ" მორიგი, რიგით მეცხრე ახალწვეული გაიფორმა და არ იკითხავთ, ვინ არის ის? 34 წლის ჰანს შარპეი, ვეტერანი განელი ფეხბურთელი, რომელიც გელზენკირხენში "ლევერკუზენიდან" გადავიდა. "ბაიერისა" და "შალკეს" შეფებმა გუშინ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

შარპეი, რომელმაც "შალკეს" უკანა ხაზი უნდა გააძლიეროს, მაგათის მეცხრე ახალწვეულია და როგორც ხედავთ, წინასწარმეტყველება ახდა:
ლევან ყენიას გუნდი ბუნდესლიგურ კლუბებს შორის, სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა. შედარებისთვის, გერმანიიდან ჩემპიონთა ლიგაში გასულმა სხვა გუნდებმა გაცილებით ნაკლებად, ან თითქმის საერთოდ არ იაქტიურეს: "ბაიერნს" არცერთი ფეხბურთელი არ უყიდია (განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნება არ ითვლება), "ვერდერმა" კი ახალი სეზონის წინ მხოლოდ სამი ახალწვეული წარადგინა. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ "შალკეს" დიდი ამბიციები აქვს.

ამ ყველაფერთან ერთად, ფელიქს მაგათი "შალკეში" მადრიდის "რეალში" ჩამოწერილი ფეხბურთელების შეგროვებას იწყებს. როგორც იცით, "დესპოტმა ფელიქსმა" "სამეფო გუნდიდან" მცველი კრისტოფ მეტცელდერი და გოლეადორი რაული წაიყვანა, ახლა კი ჰოლანდიელ ნახევარმცველს, 27 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტსაც უმიზნებს. "ბილდის" ინფორმაციით, მაგათი უკვე შეეხმიანა "რეალის" ხელმძღვანელებს და მათ ვან დერ ვაარტზე ჩამოუგდო სიტყვა. ჰოლანდიელს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ის არ სჭირდება და "რეალიც" მზადაა, რაფაელი გაყიდოს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკეს" ვან დერ ვაარტი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

"შალკე" ძალიან კარგი გუნდია, რაულისგან და მეტცელდერისგან ამ გუნდის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია. ბოლოს და ბოლოს, ბუნდესლიგაში ვთამაშობდი (ჰამბურგის ღირსებას იცავდა) და თვითონაც ვიცი, რას წარმოადგენს გელზენკირხენული კლუბი," - უთხრა ვან დერ ვაარტმა "ბილდს".

მაგათი ვან დერ ვაარტს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იყიდის, თუ "ვოლფსბურგიდან" ზვიეზდან მიშიმოვიჩის გადაბირებას შეძლებს. მაგრამ ამ უკანასკნელისთვის ბრძოლაში "შალკეს" "გალათასარაის" სახით ძალიან სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია: 31 აგვისტომდე "შალკეში" კიდევ რაღაც მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული