ყენიას ახალი კონკურენტი

AutoSharing Option
ბოლო დროს რამდენჯერმე ვწერდით, რომ აგვისტოს ბოლოს "შალკე" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდებოდა და ასეც მოხდა: გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა "ლევერკუზენიდან" 34 წლის მცველი ჰანს შარპეი გადაიბირა, გუშინ კი, "ხუმარების" ბოსმა ფელიქს მაგათმა კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყო და რუმინელი წინახაზელი, 24 წლის ჩიპრიან დეაცი გადაიბირა. ეს უკანასკნელი "შალკეში" "კლუჟიდან" გადავიდა და გელზენკირხენულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

1.77 მეტრი სიმაღლის ჩიპრიან დეაცი მრავალმხრივი ფეხბურთელია: შეუძლია, როგორც ცენტრფორვარდის, ისე გარემარბისა და გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში. მაგათს დეაცი სწორედ ფლეიმეიქერად სჭირდება, რადგან ყველაზე
მეტად ამ პოზიციაზე უჭირს. ამრიგად, დეაცი ტრავმირებული ყენიას პირდაპირი კონკურენტია.

"ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩიპრიან დეაცს წინა ხაზზე ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. როცა მივხვდი, რომ "ვოლფსბურგიდან" ზვიეზდან მიშიმოვიჩს ვერ ვყიდულობდი, მაშინვე დეაცზე გავაკეთე აქცენტი. ჩიპრიანი უნიჭირესი ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს. ჩვენი სკაუტები მას დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ," - განუცხადა მაგათმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

რაც შეეხება მიშიმოვიჩს: მაგათის თქმით, "ვოლფსბურგის" შეფმა დიტერ ჰიონესმა მას ფულთან ერთად ჯეფერსონ ფარფანიც მოსთხოვა, რაზეც ფელიქსმა კოლეგას მაშინვე უარი შეუთვალა. ასე ჩაიშალა ბოსნიელი გამთამაშებლის ტრანსფერი. ფარფანის გასხვისებას არაფრისდიდებით არ ვაპირებო, ამბობს მაგათი. ზემოთხსენებულმა, ვეტერანმა შარპეიმ კი, "შალკეში" რაფინიას წასვლით ("ჯენოაში" გადავიდა) შექმნილი სიცარიელე უნდა შეავსოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული