ფაქტია, რომ კლუბების მენეჯერებმა ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიაში ყურადღების ცენტრში სულ რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელია მოქცეული: მიხაელ ბალაკი, კლაუდიო პისარო, ლუკას ბარიოსი, მარკო როისი, ჯეფერსონ ფარფანი და რაული. რამდენად დიდია იმის შანსი, რომ მათ გუნდები გამოიცვალონ და რა ხდება რეალურად ამ მოთამაშეების
მიხაელ ბალაკი (ლევერკუზენი)
გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერ არ გადაუწყვეტია, რას იზამს - ახალს გააფორმებს, სხვაგან გადავა, თუ საერთოდ ფეხბურთიდან წავა. ფაქტი ის არის, რომ ბალაკით რამდენიმე ინგლისურ კლუბთან ერთად (ბლექბერნი, ფულჰემი, ტოტენჰემი), ჩინური "შანხაიცაა" დაინტერესებული. გარდა ამისა, არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ 37 წლის ბალაკს აშშ-სა და ყატარშიც ეპატიჟებიან.
ცნობილია, რომ ბალაკი თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ახალი წლის დასაწყისში მიიღებს. ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ზაფხულში მიხაელი "ლევერკუზენს" აუცილებლად დატოვებს. ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ბალაკს ინგლისში დაბრუნება სურს და არც აშშ-ზე იტყოდა უარს. აი, ჩინეთში ან ყატარში გადასვლა კი ნამდვილად არარეალურია.
კლაუდიო პისარო (ვერდერი)
33 წლის პერუელი თავდამსხმელი ბრემენის "ვერდერის" წარმატებების უმთავრესი გარანტიაა და ცხადია, რომ "მუსიკოსებს" არ ეთმობათ. მიუხედავად ასაკისა, პისარო ძალიან კარგ ფორმაშია, რაც პირველ წრეში 12 გოლით დაადასტურა.
კლაუდიოს "ვერდერთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და რაკი წელიწადში 4 მილიონი ევროს სახით "ვერდერისთვის" ზედმეტად მაღალ ხელფასს იღებს, ბრემენში მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჯერ კიდევ ორჭოფობენ, რადგან არ იციან, შეძლებს თუ არა ბრემენული კლუბი გაისად ევროსარბიელზე მოხვედრას, რაც კლუბისთვის დამატებითი, პისაროს ხელფასის დასაფინანსებელი ფულის მიღების გარანტია იქნებოდა.
ცოტა ხნის წინ "ვერდერის" ბოსმა კლაუს ალოფსმა თქვა, პისაროს ზამთარში არაფრისდიდებით არ დავთმობთო, მაგრამ ფაქტია, რომ თუ პერუელი მართლა კარგ წინადადებას მიიღებს, "მუსიკოსებს" მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ. ცნობილია, რომ მისით მილანის "ინტერის" შეფები არიან დაინტერესებული, მაგრამ კონკრეტული არაფერი თქმულა. და თუ ეს არც ამ დღეებში მოხდება, ფაქტია, რომ პისარო ამ სეზონს "ვერდერში" ჩაამთავრებს. სეზონის ბოლოს კი ისიც გაირკვევა, ექნებათ თუ არა ბრემენელებს მისი ხელფასის სახდელი ფული.
მარკო როისი (ბორუსია მ)
22 წლის მარკო როისი ბუნდესლიგის პირველი წრის მთავარი აღმოჩენა და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ სულაც საუკეთესო ფეხბურთელია.
ამიტომაცაა, "გლადბახის" "მარგალიტს" მთხოვნელების დიდი რიგი რომ დაუდგა. ყველაზე სერიოზულად მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" არიან დაინტერესებულები. საინტერესო ისაა, რომ თუკი მიუნხენური გრანდის შეფები ჯერ მოცდას ამჯობინებენ და თანახმა არიან, რომ როისმა მიონხენგლადბახში კიდევ ერთი წელი ითამაშოს, "დორტმუნდს" უნიჭიერესი გარემარბის ყიდვა ახლავე ან ზაფხულში უნდა, რამაც შესაძლოა, ტრანსფერის დაჩქარება "ბაიერნსაც" აიძულოს.
"გლადბახს" როისის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ "არსენალიდან", "მანჩესტერ სიტიდან", "ინტერიდან", "მილანიდან" და "იუვენტუსიდანაც". ჰო, დარეკეს მახაჩყალის "ანჟიდანაც", მაგრამ ცხადია, რომ მარკო რუსეთში არ წავა.
ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ როისი ამ სეზონს აუცილებლად მიონხენგლადბახში ჩაამთავრებს, თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას კი სადღაც აპრილში, ან მაისში მიიღებს. მარკოს მიონხენგლადბახელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და ამას წინათ თქვა, მინდა ცოტა დავიცადო და გავიგო, მოიპოვებს თუ არა ჩვენი გუნდი ევროსარბიელზე თამაშის უფლებასო.
ანუ, თუ "გლადბახი" ევროპის ლიგაზე ან სულაც ჩემპიონთა ლიგაში გავა, როისი 99 პროცენტით კიდევ ერთი წელი დარჩება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მისთვის მთავარი ბრძოლა "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის გაჩაღდება.
ჯეფერსონ ფარფანი (შალკე)
27 წლის გარემარბს "შალკესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გადაბირება უკვე ძალიან ბევრ კლუბს უნდა.
ტოპ-გუნდებიდან ყველაზე მეტად მილანის "ინტერი" აქტიურობს, ყველაზე მეტი მთხოვნელი კი პერუელს რუსეთში ჰყავს, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივი", ყაზანის "რუბინი" და "ანჟი" ეპატიჟებიან.
აი, ფარფანის შემთხვევაში ნამდვილად არ არის გამორიცხული ის, რომ მან რუსეთში წასვლაზე თანხმობა განაცხადოს, რადგან მისთვის ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს. გელზენკირხენელებს კი არ ეთმობათ და "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა რამდენიმე დღის წინ თქვა, არაუგვიანეს თებერვლისა უნდა ვიცოდე, აგრძელებს თუ არა ჯეფერსონი ჩვენთან კონტრაქტსო - "შალკემ" ფარფანს ხელშეკრულების 2014 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა.
თუკი ფარფანისთვის ფული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ "შალკეს" მიერ შეთავაზებულ ხელფასზე (წელიწადში 6 მილიონი) უარს იტყვის, ფაქტია, რომ გელზენკირხენელები არ მოუმატებენ და ასეთ შემთხვევაში ჯეფერსონი ლევან ყენიას კლუბს დატოვებს.
რაული (შალკე)
ლეგენდარულმა ესპანელმა გოლეადორმა მე-17 ტურის შემდეგ, რომელშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა, გასაგებად ანიშნა ფანებს, რომ "შალკეში" დარჩენა უნდა. მის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის და პრობლემა ის არის, რომ ჯერ არავინ იცის, დათანხმდება თუ არა რაული ხელფასის შემცირებას.
გაირკვა, რომ ყატარში და მოსკოვის "დინამოში" მას სამჯერ მეტ ჯამაგირს ჰპირდებიან. "შალკე" გონსალეს ბლანკოს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ლუკას ბარიოსი (ბორუსია დ)
27 წლის ბარიოსი წინა სეზონში "დორტმუნდის" პირველი და საუკეთესო გოლეადორი იყო, ამ სეზონში კი BVB-ს მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სათადარიგოთა სკამს ახეხინებს და მის პოლონელ კონკურენტ რობერტ ლევანდოვსკის ენდობა.
ლუკასმა (კონტრაქტი 2014 წლამდე) თქვა, თუ მეორე წრეშიც არ მათამაშებენ, მირჩევნია, ზამთარში სხვაგან გადავიდეო. ბარიოსის შეძენის სურვილი უკვე გამოთქვეს "სევილიასა" და "ესპანიოლში". ამ უკანასკნელს ლუკასი ახლავე სურს და თანაც არენდით, მის სრულფასოვნად შეძენას კი კატალონიელები ზაფხულში გეგმავენ.
ფაქტია, რომ დორტმუნდელებს მისი განათხოვრება არ აწყობთ და ბარიოსს 12 მილიონ ევროდ აფასებენ. ასე რომ, თუ ამ თანხას რომელიმე კლუბი გადაიხდის, ტრანსფერი ძალიან მალე განხორციელდება, რაც "ბორუსიას" შეფებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"