ახალგაზრდა გარემარბმა ბუნდესლიგის პირველი წრე იმდენად ბრწყინვალედ ჩაატარა, რომ 2012 წელს საუკეთესო პერსპექტივებით შეხვდა. წელს ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც როისი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აუცილებლად იასპარეზებს. გარდა ამისა, მან წელს უნდა მიიღოს კარიერის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ და იქნებ, მისმა "გლადბახმა" გერმანიის ჩემპიონობისთვისაც იბრძოლოს.
ამ სამი თემიდან, ყურადღების ცენტრში ახლა როისის მოსალოდნელი ტრანსფერია. "ბაიერნისა" და დორტმუნდის
- 2012 წელი თქვენთვის ძალიან დატვირთული და ემოციური უნდა გამოდგეს. მზად ხართ?
- ასი პროცენტით!
- ევროპის ჩემპიონატი, "გლადბახი", "ბაიერნი", "დორტმუნდი"... ახლა "რეალიც"!..
- "ბარსელონა" რატომ დაგავიწყდათ?
- დაგვავიწყდა?
- ვიხუმრე. მე ერთი რამ ვიცი: ვარჯიშებზე და თამაშებში ასი პროცენტით უნდა დავიხარჯო, სხვა დანარჩენი კი თავისით მოვა და მოხდება.
- ძალიან მარტივად საუბრობთ...
- მარტივია და იმიტომ! მშობლებმა მასწავლეს: არაფრისგან არაფერი მოდის! სადაც მითამაშია, ყველგან ყველაზე პატარა და სხვათა შორის, სუსტი ვიყავი - ყოველთვის ბევრი უნდა მეშრომა და მებრძოლა. მართალია, 22 წლის ვარ, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე.
- რას მოგიტანთ 2012 წელი?
- ფაქტია, რომ არა მარტო ჩემთვის, არამედ მთლიანად გერმანული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იქნება. ყველა მეუბნება, ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული გაქვსო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და ევრო 2012-ზე ბუნდესგუნდის განაცხადში ყოფნაზე ვოცნებობ.
- ფაქტია, რომ 2011 წელი თქვენთვის საუკეთესო იყო - თქვენი "აქციები" გასულ წელს ძალიან გაძვირდა. ვინ იყიდის ამ აქციებს ზაფხულში?
- ბევრი ჭორი თუ მართალი ვრცელდება და აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ჩემზე ბევრს წერენ და საუბრობენ, მაგრამ ხომ იცით, საბოლოო სიტყვა მე უნდა ვთქვა! ჯერ ვდუმვარ და ველოდები, რა იქნება ზაფხულში.
- ეს დისკუსიები ნერვებს გიშლით?
- არა, ოდნავადაც არ მაწუხებს. პირიქით, მსიამოვნებს, რადგან ეს ყველაფერი იმის დამადასტურებელია, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ. განა ცუდია, როცა შენზე ამბობენ, "ბაიერნს", "დორტმუნდს" და "რეალს" უნდიხარო? მოკლედ, ეს საუბრები არ მაწუხებს.
- ბევრს აწუხებს ხოლმე...
- მე კი არა, რადგან ეს ყველაფერი ლოგიკურია და სპეკულაციებს მშვიდად ვხვდები.
- ამბობენ, რომ ძალიან ბევრი შემოთავაზება გაქვთ...
- ამ თემაზე ჩემს მრჩეველს ხშირად ვესაუბრები ხოლმე. უბრალოდ ახალ ამბებს ვიგებ და მეტი არაფერი.
- კარიერის კონკრეტული გეგმა გაქვთ?
- როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მხოლოდ ერთი მინდა: მოვიგო რაც შეიძლება ბევრი ტიტული და მერე, ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ამ მედლებით ვიამაყო.
- მაშინ ასე გკითხავთ: რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - შედარებით მოკრძალებულ კლუბში თავს რომ კარგად გრძნობდეთ, თუ ის, რომ ნებისმიერ ფასად სუპერგრანდში გადახვიდეთ?
- რა თქმა უნდა, პირველი მირჩევნია, რადგან ისეთი ადამიანი ვარ, რომლისთვისაც გარემოში თავის იდეალურად გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მხოლოდ ასეთ დროს ვთამაშობ თავისუფლად და შესაბამისად, კარგად.
- ყველზე ხშირად ვის რჩევებს ითვალისწინებთ?
- ჩემი პირველი მწვრთნელი და მრჩეველი მამაჩემი იყო, რომელიც დღემდე ჩემი უდიდესი კრიტიკოსია. მის რჩევა-დარიგებებს ყოველთვის ვისმენ და ვცდილობ, გავითვალისწინო. საერთოდ, ყველანაირი კრიტიკის მიღებას ვცდილობ - მაშინაც, როცა განსხვავებული აზრი მაქვს.
- ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობა გაქვთ?
- რა თქმა უნდა - თითქმის ყველასთან! ზოგიერთ ვარსკვლავს კი არ ვგავარ, წარმატებები თავში რომ აუვარდებათ და ძველ მეგობრებს ივიწყებენ. არც ჩემი ძველი მეგობრები შეცვლილან - მათზე უკეთ ვერასდროს ვერავინ გამიგებს.
- თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი ყველას აქვს?
- რა თქმა უნდა, ნომერი არასდროს შემიცვლია.
- რამდენად ხშირად ეკითხებით საკუთარ თავს, დორტმუნდის "ბორუსია" ჯობია, თუ მიუნხენის "ბაიერნი"?
- თითქმის არასდროს. თუ ჩემს შესაძლო ტრანსფერს გულისხმობთ, მართლა არასდროს და საერთოდ, მირჩევნია, რომ ფეხბურთის შესახებ საუბარი აქ შევწყვიტოთ.
- მაშინ ვისაუბროთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ...
- ჩემი პირადი ცხოვრების გამომზეურებასაც ვერიდები. ჩემი მეგობარი გოგონა კარო ძალიან მიყვარს და ერთად ბედნიერები ვართ. მას დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ დორტმუნდში ცხოვრობს. იქ მუშაობს და მასაც სურს ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა. მე კი ეს მომწონს და ყველანაირად ხელს ვუწყობ.
- 2012 წლისთვის პირადი, არასაფეხბურთო სურვილები გაქვთ?
- მინდა, ჯანმრთელად ვიყო. ეს ეხება ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობრებსაც. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ცხოვრებაში ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"