ული ეფეზე ფიქრობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი ხვალ 60 წლის ხდება, მაგრამ პენსიაში გასვლაზე ჯერ არ ფიქრობს. პრეზიდენტის რანგში მას აღარ აქვს ისეთი დამღლელი ყოველდღიურობა, როგორიც მენეჯერობის დროს ჰქონდა.

"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში რეკორდმაიტსერის მთავარმა ბოსმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობაში სერიოზულ ცვლილებებზე ფიქრობს.

დღესდღეობით "ბაიერნს" ჰიონესი, ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და ფინანსური დირექტორი კარლ ჰოპფნერი სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად მართავენ. კლუბის მენეჯერი კი ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ნერლინგერია, რომელმაც ამ პოსტზე სწორედ ჰიონესი შეცვალა - როცა ული პრეზიდენტი გახდა. ფრანც ბეკენბაუერი
დღეს მხოლოდ "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტია.

"უკვე დროა, რომ ნელ-ნელა ხელმძღვანელობაშიც ვიფიქროთ ცვლილებებზე. კლუბის თითოეული ბოსის შემცვლელი წინასწარ თუ არ მოვნახეთ, მერე შეიძლება პრობლემები შეგვექმნას. "ბაიერნში" ასეთი საკითხები მინიმუმ ხუთწლიანი წინსწრებით უნდა იყოს გარკვეული," - აცხადებს ჰიონესი.

ეს მართლაც ასეა, მაგრამ ექსპერტების აზრით, ული ამ საკითხს ასე უბრალოდ და უმიზეზოდ წინა პლანზე არ წამოსწევდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები თითქმის დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ამ განცხადებით ჰიონესმა კრისტიან ნერლინგერის შეცვლის სურვილი გააჟღერა.

"რა თქმა უნდა, "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელებზე ვიფიქრებთ - ისეთებზე, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის თავდადებულები იყვნენ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შტეფან ეფენბერგი, ოლივერ კანი და მეჰმეთ შოლი მახსენდება.

უდიდესი სიმპატიებით ვარ განწყობილი მარკ ვან ბომელისა და იენს იერემისის მიმართაც. ძალიან მომწონს მათიას ზამერიც, რომელიც ახლა გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორია და რამდენიმე წელია, თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებს," - ამბობს ჰიონესი ხსენებულ ინტერვიუში.

რაც შეეხება ნერლინგერს: ული არ მალავს, რომ მას მერე, რაც ეს უკანასკნელი "ბაიერნის" მენეჯერია, იმედებს ყოველთვის ასი პროცენტით ვერ ამართლებდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ბოლო დროს კრისტიანთან კარგი ურთიერთობა აქვს. ჰიონესი არც იმას მალავს, რომ ნერლინგერი ყველაზე მეტად და ხშირად ლუის ვან გაალის მწვრთნელობის ხანაში არ მოსწონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული