შეიძლება, არა წელს, არამედ გაისად, რადგან ახლა "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში როისის ადგილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მარკო მიუნხენელებსაც უნდოდათ, "გლადბახის" ვარსკვლავმა კი არჩევანი "დორტმუნდის" სასარგებლოდ გააკეთა, რაც მიუნხენური გრანდისთვის მინიმუმ დამაფიქრებელი უნდა იყოს - გერმანიაში ტალანტები "ბაიერნს" ხომ ძალიან იშვიათად
ამრიგად, ზაფხულში როისი მეორე "ბორუსიაში" გადავა და "დორტმუნდის" ქომაგებს უკვე აბოდებთ შემტევი ნახევარმცველების ბრწყინვალე და უდიდესი მომავლის მქონე ტრიოზე: მარჯვნივ როისი, ცენტრში გიოტცე, მარცხნივ გროსკროიტცი. იმისათვის, რომ დორტმუნდელთა საგაისო ნახევარდაცვას სრულიად გერმანიის საუკეთესო შემტევი შუა ხაზი დავარქვათ, ამ ტრიოს მხოლოდ მესუთ იოზილი აკლია, რომელიც მადრიდის "რეალში" თამაშობს.
კიდევ ერთხელ: როისი, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ წრეში 13 გოლი გაიტანა და ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "გლადბახმა" სეზონის პირველი ნახევარი ყველასათვის მოულოდნელად მე-4 ადგილზე დაასრულა, BVB-ს 17.5 მილიონი ევრო დაუჯდება - მარკო "დორტმუნდთან" ხუთწლიან კონტრაქტს (2017-მდე) გააფორმებს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფეხბურთელსაც და ორივე კლუბსაც ზაფხულამდე ტრანსფერის გასაიდუმლოება უნდოდათ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან წინ სეზონის მეორე ნახევარია და სულაც არ იყო საჭირო, რომ ტრანსფერი წინასწარ ყოფილიყო ცნობილი.
როისის "დორტმუნდში" გადასვლის ამბავი მხოლოდ იმის გამო გახმაურდა, რომ "გლადბახის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა ისურვა ასე. ეს თავად ფეხბურთელმა დაადასტურა: "ლუსიენ ფავრმა სამშაბათს დამიბარა და მთხოვა, ტრანსფერი გავახმაუროთ, დამალობანა და საიდუმლოებები არ გვჭირდება და არც არაფერში გვარგიაო," - უთხრა როისმა "ბილდს".
დიდი ხანია, დორტმუნდს ფეხბურთელში ამდენი ფული არ გადაუხდია
როისი დორტმუნდში დაიბადა და გაიზარდა, მისი მეგობარი გოგონა კარო და მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ. ფეხბურთის თამაში თავად მარკომაც BVB-ში დაიწყო და 16 წლამდე "შავ-ყვითლებში" თამაშობდა.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: 5 წლის წინ როისი დორტმუნდში დაიწუნეს და უფასოდ გაუშვეს, რაც იმით დაასაბუთეს, რომ ფიზიკურად ზედმეტად სუსტი იყო. იმ დღიდან ხუთი წლის შემდეგ კი, "დორტმუნდს" როისში 17.5 მილიონი ევროს გადახდა უწევს!
"რამდენიმე წელია, ფეხბურთელში ბევრი ფული არ გადაგვიხდია. მას მერე, რაც ჩვენი კლუბი გაკოტრებას გადაურჩა (2003 წელს - გ.ლ), სასურველ მოთამაშეში 6 მილიონზე მეტი არ დაგვიხარჯავს. წლების მანძილზე ფულს ვზოგავდით და ყოველი სატრანსფერო პერიოდის ბოლოს, გარიგებების ჯამში მოგებაში ვრჩებოდით.
ეს ყველაფერი სწორედ აი, ასეთი სიტუაციისთვის კეთდებოდა. მარკო როისი ის შემთხვევაა, რომლისთვისაც განსაკუთრებული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ის დორტმუნდელი ბიჭია და ჩვენც ვთქვით, რომ მისი სახლში დაბრუნება 17.5 მილიონად გვიღირდა. მიხარია, რომ ზაფხულიდან ჩვენთან ერთად იქნება," - ეს გერმანიის მოქმედი ჩემპიონის გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება როისისა და 19 წლის მარიო გიოტცეს ტანდემი. ამ უკანასკნელმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, ფანტასტიკურ ფეხბურთელს ვყიდულობთ, ბედნიერი ვარ, რომ როისი ჩვენთან გადმოვაო.
"ასეთი ტრანსფერის განხორციელება ძალიან ძნელია და მადლობა შეფებს, რომ კარგად და სწრაფად იმუშავეს. პირადად მე მარკოს შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ და ამიტომაც ვუთხარი ხელმძღვანელებს, რომ როისში ამხელა თანხის გადახდა გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა," - აცხადებს "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი.
როისი: იმედია, ფანები არ მიწყენენ...
სანამ "შავ-ყვითელ" ფორმას მოირგებს, მარკო პირობას დებს, რომ დარჩენილ 6 თვეში "გლადბახისთვის" თავს არ დაზოგავს: "იმედია, გულშემატკივრები არ მიწყენენ, მე პირობას ვდებ, რომ "გლადბახისთვის" ბოლომდე დავიხარჯები. კარიერაში მორიგი ნახტომის გაკეთება მსურდა, მინდოდა, ისეთ გუნდში გადავსულიყავი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
დორტმუნდის "ბორუსია" სწორედ ასეთი გუნდია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოც და ვფიქრობ, დორტმუნდში საუკეთესო საფეხბურთო გარემოა. მე დორტმუნდელი ვარ და ბავშვობიდან BVB-ს ვქომაგობ, ამიტომაც, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ გადაწყვეტილება ჩემი მშობლიური კლუბის სასარგებლოდ მივიღე. დარჩენილ 6 თვეში ჩემი მიზანი ის იქნება, რომ მიონხენგლადბახს გერმანიის თასით დავემშვიდობო."
მიონხენგლადბახელები თავისი "მარგალიტის" შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოდნენ და უკანასკნელ მომენტში როისს ახალი კონტრაქტი (გაზრდილი ხელფასით, 2016 წლამდე) შესთავაზეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან მარკოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა - დორტმუნდის "ბორუსიას" სასარგებლოდ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"