ფრანკ რიბერი: ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ!

AutoSharing Option
ფრანკ რიბერიმ ბუნდესლიგის პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა. რაც მთავარია, გერმანიის ჩემპიონატის 17-ივე შეხვედრაში ითამაშა და სეზონის პირველი ნახევარი ტრავმის გარეშე დაასრულა.

ამასთან, მან 8 გოლის გატანა შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის ყველაზე გოლუხვი ნახევარმცველია.

ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს 9 საგოლე პასიც - რიბერი გერმანიაში საუკეთესო მეპასეა. "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ამ ყველაფრის მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

- ჰერ რიბერი, თქვენი ვაჟი 4 თვის გახდა. უკვე "ბაიერნშიც" ხომ არ ჩაწერეთ?
- არა, ჯერ არა. ვნახოთ,
რამდენს შემოგვთავაზებს ული ჰიონესი (იცინის)...

- პირველი ვაჟი გეყოლათ და ალბათ ბედნიერი ხართ...
- რა თქმა უნდა. გოგონები ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ვაჟიც მყოლოდა. ცხადია, ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს...

- რაკი მიუნხენში დაიბადა, ეს
"ბაიერნის" სამუდამო ერთგულებასაც ხომ არ ნიშნავს?
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ მიუნხენში უნდა ემშობიარა, რადგან ვაჰიბა აქ თავს ძალიან კარგად გრძნობს. თავიდან ასე არ იყო, მაგრამ მერე მიეჩვია და ახლა მიუნხენი შეუყვარდა კიდეც. სახლი ვიყიდეთ, უკვე ყველა ქუჩა ზეპირად იცის, ჩვენი გოგონები, ჰიზია და შაჰინესი სკოლასა თუ საბავშვო ბაღში თავს ძალიან კარგად გრძნობენ, გვყავს შესანიშნავი მეგობრები და ა.შ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის მიუნხენი უკვე მშობლიური ქალაქია და შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ აქ სამუდამოდ დავრჩე. რა იცით, იქნებ სულაც "ბაიერნის" პრეზიდენტი გავხდე (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და მოკლედ, აქ თავს მართლა შესანიშნავად ვგრძნობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სიცოცხლეში ასე კარგად სხვა დროს და სხვაგან არ ვყოფილვარ.

- არადა, თავიდან მიუნხენში არცისე ბედნიერი იყავით...
- ასეა და ამის მიზეზი ხშირი ტრავმიანობაც იყო. ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ფიასკო და სამარცხვინო სკანდალიც დაემატა და თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი. თუმცა ცუდს ყოველთვის კარგი პერიოდი მოსდევს ხოლმე და ახლა ბედნიერი ვარ.

- რა იყო გარდამტეხი?
- ბევრი რამ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ული ჰიონესს და კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რომლებიც ჩემზე ყოველთვის ზრუნავენ. ული და კალე მძიმე დროს მხარში ამომიდგნენ და პირდაპირ ვიტყვი, ხელმძღვანელებისგან ასეთი სითბო სხვა არცერთ კლუბში არ მიგრძვნია. ვატყობ, რომ ასე მხოლოდ "ბაიერნში" ხდება ხოლმე. მინდა, მადლობა ჩვენს ფიზიოთერაპევტ ჯანი ბიანკისა და ფიტნესმწვრთნელ თომას ვილჰელმისაც გადავუხადო - ისინიც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.

- მას მერე, რაც
"ბაიერნში" თამაშობთ, პირველად მოხდა ისე, რომ ბუნდესლიგის პირველი წრის 17-ივე მატჩი ითამაშეთ...
- ჰო და სწორედ ეს არის ბიანკისა და ვილჰელმის დამსახურება. განსაკუთრებით ახლოს ჯანისთან ვარ - ჩვენ ოჯახებით ვსტუმრობთ ხოლმე ერთმანეთს და ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით. ერთი სიტყვით, სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რომ სეზონის პირველი ნახევარი კარგად ჩავატარე. როცა მოედანს მიღმა არაფერი მაწუხებს, მინდორზე ყოველთვის ძალიან კარგად ვთამაშობ. იუპ ჰაინკესი დამავიწყდა - "ბაიერნში" ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი "დონ იუპიცაა". ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, მიუნხენში რომ დაბრუნდა.

- იყო დაპირისპირებებიც. მაგალითად, თქვენმა ყოფილმა მრჩეველმა სასამართლოში გიჩივლათ. არადა, იყო დრო, როცა მასაც ახლო მეგობრად მოიხსენიებდით...
- როგორც აღმოჩნდა, მწარედ ვცდებოდი. მას უბრალოდ რაღაც-რაღაცების შეშურდა...

- არ გეშინიათ, რომ შესაძლოა, სხვა პიროვნებებშიც ცდებოდეთ?
- არა, რადგან ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებთან ერთად უკვე ბევრი რამ გადავიტანე - ისინი გამოვცადე როგორც ცუდ, ისე კარგ დროსაც და ახლა მათში უკვე 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. რომ არა ჩემი მეგობრები, არასდროს დამავიწყდებოდა, საიდანაც მოვდივარ...

- რას გულისხმობთ?
- მხოლოდ და მხოლოდ ათი წელია გასული მას მერე, რაც მამაჩემი გზების მშენებლობაზე უბრალო მუშად მუშაობდა. მისთვის, ისევე, როგორც მთელი ჩემი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, საოცნებო იყო ის, რასაც მივაღწიე და ეს ყოველთვის მახსოვს. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ გულახდილი და თბილი ადამიანი ვარ. მიუხედავად ამდენი წარმატებისა და ასეთი პოპულარობისა, დღეს მაინც ის, ძველი ფრანკი ვარ. ბულონჟში დღესაც მუდმივი ურთიერთობა მაქვს იმ მეგობრებთან, რომლებთანაც ბავშვობაში ახლოს ვიყავი.

- ამას წინათ ბულონჟში ბარიც გახსენით...
- ადრე იქ ასეთი ბარები არ იყო. მინი კაფე-ბარები საღამოს 10 საათზე იკეტება, ჩემი ბარი კი დიდხანს მუშაობს. იქ შესაძლებელია ჩილიმის მოწევაც. სხვათა შორის, მეგობრებთან ერთად ჩილიმს ხანდახან მეც ვეწევი ხოლმე. ალკოჰოლს კი არ ვეკარები - ჩვენ ხომ მუსულმანები ვართ.

-
"ბაიერნზე" და ბუნდესლიგაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, მეორე წრის პირველ მატჩში (გლადბახთან) დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებთ... აღიარებთ, რომ "კიოლნთან" ცუდად მოიქეცით?
- მოედანზე ყოველთვის ძალიან მონდომებული და ხშირად აგრესიულიც ვარ. ასეთია ჩემი მენტალიტეტი, რომელსაც უკვე ვეღარავინ შეცვლის. სხვათა შორის, ადრე უფრო აგრესიული ვიყავი. როცა ფეხებში ბევრს მირტყამენ და ჩემს პროვოცირებას ცდილობენ, მოთმინებას იოლად ვკარგავ ხოლმე. ვაღიარებ, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, რადგან ჩემი თავშეუკავებლობის გამო გუნდი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ საკუთარ თავს დიდად არ ვამტყუნებ. თუმცა ის კი ვიცი, რომ მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა ვიყო.

- რა მიზნები გაქვთ ამ სეზონში?
- მინდა, მინიმუმ ისე კარგად ვითამაშო, როგორც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ვთამაშობდი. თუ ასე გავაგრძელებ, ნამდვილად მექნება იმის შანსი, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. თუმცა "ბაიერნთან" ერთად ტიტულების მოგება უფრო მნიშვნელოვანია.

- და ორი აზრი არ არსებობს, პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობთ...
- რა თქმა უნდა! ძალიან მინდა, რომ ფინალში გავიდეთ. 2010 წლის ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვიასპარეზე და მაშინ ამის გამო კინაღამ დეპრესია დამეწყო. ვოცნებობ იმაზე, რომ 19 მაისს ული ჰიონესს ჩემპიონთა ლიგის თასი ვაჩუქო! სხვათა შორის, გული კარგს მიგრძნობს. დღეს "ბაიერნი" ისეა მონდომებული, როგორც არასდროს და რაკი კარგი გუნდი გვყავს, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცხადია, გერმანიის ჩემპიონებიც უნდა გავხდეთ, ვფიქრობ, რომ პირველი კონკურენტი დორტმუნდის "ბორუსიაა". საკმაოდ ძლიერია "შალკეც".

- როგორ ფიქრობთ, რა უფრო სავარაუდოა:
"ბაიერნმა" რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, თუ გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი რომ გახდეს?
- პირველი! იმიტომ, რომ მე გერმანიის ნაკრები არ მაინტერესებს (იცინის)

- გინდათ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ?
- არა, რადგან ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ბრძოლა არ მინდა. ევრო 2012-ის მთავარ ფავორიტებად გერმანია და ესპანეთი მიმაჩნია. ფაქტია, რომ საფრანგეთის ნაკრები ისევ მძიმე წნეხის ქვეშ იქნება მოქცეული. ჩვენთვის მთავარი ჯგუფიდან გასვლაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული