გამოსავალი: ბალამი!

AutoSharing Option
რასაც გუშინდელ ნომერში ვწერდით, გუშინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა: გერმანიის ნაკრების კაპიტანი ისევ მიხაელ ბალაკია, ოღონდ, 33 წლის ნახევარმცველმა ფორმა უნდა აღიდგინოს და ბუნდესგუნდში თამაში დაიმსახუროს. უახლოესი ორი შეხვედრისთვის კი (ბელგიასთან და აზერბაიჯანთან) მიხაელი გამოძახებული არაა და ამ თამაშებში გერმანიას ფილიპ ლამი უკაპიტნებს. მოკლედ, ლიოვმა არც ბალაკი გაანაწყენა და არც ლამი, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ გერმანიის ნაკრებს ორი კაპიტანი ჰყავს.

"დღეისათვის, გერმანიის ნაკრების საყრდენ ნახევარდაცვაში ბასტიან შვაინშტაიგერსა და სამი ხედირას ადგილები გარანტირებული აქვთ, მაგრამ
თი მიხაელ ბალაკი ძველებურ ფორმას დაიბრუნებს და ბუნდესგუნდში თამაშს დაიმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს და გუნდის კაპიტანიც იქნება. როცა ბალაკი არ ითამაშებს, მაშინ ბუნდესგუნდს მოედანზე ფილიპ ლამი გაიყვანს," - განაცხადა ლიოვმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. "ბილდმა" ასეთი "დასკვნა" გამოიტანა: ცოტა ბალაკი, ცოტა ლამი - გერმანიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს: ბალამი!

ლიოვი: "ბალაკთან ძალიან გულახდილი და სასარგებლო საუბარი მქონდა. მე მას ვუთხარი, რომ დღევანდელი მდგომარეობით გერმანიის ეროვნულ გუნდში თამაშს არ იმსახურებს და როცა დაიმსახურებს, აუცილებლად გამოვიძახებ და კაპიტნის სამკლავურსაც გავუკეთებ. ავუხსენი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახალ სიტუაციას ახლებურად უნდა მივუდგეთ."
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ლიოვმა ბალაკი შვაინშტაიგერთან და ხედირასთან კონკურენციაში ჩააბა. იოგი: "ბალაკი სამი თვის მანძილზე ტრავმირებული იყო, სეზონის წინ მოსამზადებელი პერიოდი სრულად არ გაიარა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, მან თვითონაც იცის, რომ არაა საუკეთესო ფორმაში. სამაგიეროდ, ძალიან მონდომებულია და მეც მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიხილო ძველებური მიხაელ ბალაკი."

ბელგიასთან და აზერბაიჯანთან მატჩებისთვის მიხაელი გამოძახებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეხვედრებში ბუნდესნაკრებს ლამი უკაპიტნებს. ცხადია ისიც, რომ ასპროცენტიანი კაპიტანი არც ბალაკია და არც ლამი. ვნახოთ, რას მოუტანს ეს ყველაფერი გერმანიის ნაკრებს...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული