„ბაიერნს“ „ვოლფსბურგთან“ გამარჯვება ისე სჭირდება, როგორც არასდროს, მაგრამ ფელიქს მაგათი რისი ფელიქს მაგათია, რაიმე საინტერესო არ ჰქონდეს მოფიქრებული. მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ შეეცდება, ბოლოს და ბოლოს მოუგოს „ჰოფენჰაიმს“ - ეს გუნდი BVB-სთვის ხომ „კერკეტი კაკალია“.
ჩემპიონობაზე ოცნებობენ გელზენკირხენსა და მიონხენგლადბახშიც, თუმცა „შალკეც“ და მეორე „გლადბახიც“ ამ ტურში გასვლით მატჩებს გამართავენ. საინტერესო ამბებია გადარჩენისთვის ბრძოლაშიც: ბოლო ოთხეულის წარმომადგენლები უშუალოდ ერთმანეთს ეთამაშებიან. მე-19 ტური გუშინ, „ჰანოვერისა“ და
ბაიერნი ვალდებულია, მოიგოს!
სეზონის მეორე ნახევარი რეკორდმაისტერისთვის ცუდად (1:3 მიონხენგლადბახში) დაიწყო. შესაბამისად, დღეს ბავარიული გრანდი ვალდებულია, სამი ქულა აიღოს. თანაც, „ბაიერნს“, ერთი შეხედვით, ისეთი მეტოქე ჰყავს, რომლის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს - „ვოლფსბურგს“ მიუნხენში ხომ არასდროს მოუგია. არადა, „მგლების“ თავკაცი „ბაიერნის“ დაუძუნებელ მტრად ქცეული ფელიქს მაგათია, რომელიც მთელი კვირის მანძილზე ცდილობდა, თავისი შეგირდებისთვის ამ მატჩით გამოწვეული წნეხი აერიდებინა - „დესპოტი ფელიქსი“ ამბობდა, „ბაიერნს“ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავს და დიახაც, ფავორიტიაო.
ცხადია, მაგათს „ალიანს არენაზე“ წაგებაზე ხელი არ აქვს მოწერილი და ორი აზრი არ არსებობს, თავისი შეგირდების მიმართ დღეს განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება. რეკორდმაისტერისთვის კი, პირდაპირ ვთქვათ, ქულების დაკარგვა აკრძალულია, რადგან ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მიუნხენელებმა ლიდერობა დაკარგონ.
ბავარიელთა თავკაც იუპ ჰაინკესს ამ კვირაში მცველი დანიელ ვან ბუიტენი გამოაკლდა - ბელგიელი დაშავდა და ლაზარეთში მინიმუმ ორ თვეს გაატარებს. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაციამოხდილი ფრანკ რიბერი ბრუნება.
განაგრძობენ დორტმუნდელები ფრენას?
„ბაიერნის“ პირველი მდევარი „დორტმუნდია“, რომელმაც მეორე წრე ბრწყინვალე გამარჯვებით (5:1 ჰამბურგში) დაიწყო. იურგენ კლოპის გუნდის ერთადერთი პრობლემა დღეს მარიო გიოტცეს ტრავმაა - ვუნდერკინდს ექიმებმა ორთვიანი იძულებითი პაუზა გამოუწერეს. ეს „ბორუსიასთვის“ უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ჰამბურგში დორტმუნდელებს მარიოს არყოფნა არ დასტყობიათ, კლოპი კი ამბობს, მართალია, გიოტცე გენიალური ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მის გარეშეც ვიფუნქციონიროთო.
დორტმუნდელებს ამჯერად „ჰოფენჰაიმთან“ ექნებათ საქმე - გუნდთან, რომლის დამარცხებას BVB საკუთარ მოედანზე ვერაფრით ვერ ახერხებს! „ჰოფემ“ დორტმუნდში უკვე სამჯერ ითამაშა და სამივე მატჩი ფრედ დასრულდა. თავის მხრივ, „სოფლელებსაც“ აქვთ საკადრო პრობლემა: „ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელ ჰოლგერ სტანისლავსკის დღეს პირველად მოუწევს მთავარი გოლეადორის, ვედად იბიშევიჩის გარეშე თამაში. ეს უკანასკნელი ორიოდ დღის წინ „შტუტგარტში“ გადავიდა...
მდევრების დუელი ბრემენში
საუკეთესო ოთხეულთან ყველაზე ახლოს დღეს „ვერდერი“ (30 ქულა) და „ლევერკუზენი“ (29) იმყოფებიან. ეს გუნდები დღეს „ვეზერშტადიონზე“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბრემენულ კლუბში საინტერესო საკადრო ცვლილებები მოხდა: ვოლფი „მონაკოში“ გადავიდა, სანდრო ვაგნერი კი „კაიზერსლაუტერნში“.
სამაგიეროდ, „მუსიკოსებმა“ ახალგაზრდა შვეიცარიელი მცველი აფოლტერი გადაიბირეს, რაც აუცილებელიც იყო, რადგან პრიოდლისა და ნალდოს ტრავმებმა „ვერდერის“ უკანა ხაზი უკიდურესად შეასუსტა. თანაც, ამ ტურში ბრემენულ კლუბს მარცხენა მცველი შმიტციც დისკვალიფიცირებული ჰყავს.
„ლევერკუზენში“ კი, სიმშვიდემ ვერა და ვერ დაისადგურა. მართალია, „ბაიერმა“ წინა ტურში „მაინცი“ 3:2 დაამარცხა, მაგრამ „ფარმაცევტების“ თავკაც რობინ დუტს მაინც კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა და ფანებმაც უსტვინეს, მიხაელ ბალაკი რატომ გამოცვალეო. ერთი რამ ფაქტია: ამ თამაშში გამარჯვებული ლიდერთა ოთხეულთან მეტ-ნაკლებ სიახლოვეს შეინარჩუნებს, ფრე კი არცერთს არ აწყობს.
ბრძოლა გადარჩენისთვის, ნაწილი I
„აუგსბურგმა“ წინა ტურშიც მძიმე ბრძოლა გადაიტანა („ფრაიბურგთან“ წააგო და ისევ ბოლო ადგილზე დაქვეითდა) და ახლაც თრილერი ელის: ბუნდესლიგის დებიუტანტი გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „კაიზერსლაუტერნს“ მასპინძლობს. აუგსბურგელებისთვის ამ თამაშის წაგება აკრძალულია (თუ მართლა უნდათ, რომ არ გავარდნენ), მოგების შემთხვევაში კი ბოლო ადგილს თავს დააღწევენ და „ლაუტერნსაც“ გაასწრებენ.
„ეშმაკებს“ მთავარი ფორვარდი კუემაა აკლიათ, სამაგიეროდ, 1.FCK-ს ფორმას დღეს პირველად მოირგებს „ვერდერიდან“ იჯარით აყვანილი თავდამსხმელი ვაგნერი. სხვათა შორის, „კაიზერსლაუტერნმა“ ამ კვირაში დაცვა კიდევ ერთი ფეხბურთელით გააძლიერა - გადაიბირა რა ექს-ბოხუმელი მცველი ანტარ იაია.
სკიბე ფინკის წინააღმდეგ: საით, ჰერტა? საით, HSV?
ასევე ცხრილის ქვედა ნაწილზე უწევთ ორიენტირება „ჰერტას“ და „ჰამბურგსაც“. წინა ტურში ბერლინელთა ახალ მწვრთნელ მიხაელ სკიბეს დებიუტი ჩაუმწარდა (0:2 ნიურნბერგში) და დედაქალაქელები გასავარდნ ზონას მიუახლოვდნენ. „ჰამბურგი“ კი შავ ზონასთან სულაც „ჰერტაზე“ ახლოსაა - წინა ტურში HSV-მ პირველი მარცხი (1:5 დორტმუნდთან) იგემა მას მერე, რაც ამ გუნდს ტორსტენ ფინკი წვრთნის.
მიუხედავად ასეთი სირცხვილისა, ფინკი და სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი მთელი კვირა გაიძახოდნენ, სანერვიულო არაფერია, აი, ნახავთ, ჩვენ ამ სეზონშივე ევროპა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთო. ამ მატჩმა უნდა გვიჩვენოს, რეალურად რა შეუძლიათ ამ სეზონში როგორც „ჰერტას“, ისე „ჰამბურგს“.
შალკე კიოლნში
საღამოს, „კიოლნი“ „შალკეს“ მიიღებს და გელზენკირხენელებს საკადრო პრობლემები აწუხებთ: ჰიოვედესი, კლუგე, ჰოლტბი და ფერმანი ტრავმირებულები არიან, ჯონსი კი დისკვალიფიცირებულია. ფარფანი გამოჯანმრთელდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა აქვს, რომ დიდი შანსია, არ ათამაშონ. მეტსაც გეტყვით: კითხვის ნიშნის ქვეშაა რაულის თამაშიც! „კიოლნს“ შეიძლება ლუკას პოდოლსკი დაუბრუნდეს.
ბრძოლა გადარჩენისთვის, ნაწილი II
ხვალ, პირველი მატჩი გადარჩენის მეორე დუელია: მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითებული „მაინცი“ „ფრაიბურგს“ ელის. თუკი მაინცელები წინა ტურში უიღბლოდ დამარცხდნენ (ლევერკუზენთან), „ფრაიბურგმა“ უპრინციპულესი თამაში მოიგო (აუგსბურგთან). საკმარისია, „ფრაიმ“ ახალი მწვრთნელის, კრისტიან შტრაიხის ხელში ზედიზედ მეორე თამაშიც მოიგოს, რომ გასავარდნი ზონის დატოვებაც კი შესაძლებელია.
გლადბახი საშიშ მეტოქესთან
„ბაიერნთან“ ხმაურიანმა გამარჯვებამ „გლადბახის“ რენომე გაზარდა. მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენას ამ ტურში საშიშ მეტოქესთან უწევს პაექრობა: მიონხენგლადბახელებს „შტუტგარტი“ ბოლო 27 მატჩში (!) მხოლოდ ერთხელ ჰყავთ დამარცხებული - 2:0 2005 წელს. თუმცა ლუსიენ ფავრის გუნდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ დიდი შანსია, ეს ნეგატიური სერია შეწყვიტოს.
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, „შტუტგარტის“ თავკაცმა ბრუნო ლაბადიამ სასურველი თავდამსხმელი მიიღო: „ჰოფენჰაიმიდან“ ნაყიდი იბიშევიჩი ის კაცია, ვისაც შვაბენლანდურ კლუბში ახლა გოლების გატანა პირველ რიგში ევალება. ბოლო დროს შვაბებს გოლების გატანა ძალიან უჭირდათ...
გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
დღეს
ვერდერი-ლევერკუზენი 18:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: შმიტცი (ვერდერი)
ტრავმა: მილიტცი, ნალდო, პრიოდლი, ბოროვსკი, ჰანტი - ადლერი, ბარნეტა, რენატო, სემი
ჰერტა-ჰამბურგი 18:30
პირველ წრეში: 2:2
დისკვალიფიკაცია: რაფაელი (ჰერტა)
ტრავმა: ფრანცი - ილიჩევიჩი, ტიორე
აუგსბურგი-კაიზერსლაუტერნი 18:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: შეხტერი (კაიზერსლაუტერნი)
ტრავმა: ბელინგჰაუზენი, ბა, კაპლანი - დე ვიტი, კუემაა
ბორუსია (დ)-ჰოფენჰაიმი 18:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: ვორსა (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: კოხი, გიოტცე - იბერტსბერგერი, იაისლე
ბაიერნი-ვოლფსბურგი 18:30
პირველ წრეში: 1:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კონტენტო, ვან ბუიტენი - მადლუნგი, ჰიტცლშპერგერი, ლაკიჩი
კიოლნი-შალკე 21:30
პირველ წრეში: 1:5
დისკვალიფიკაცია: ჯონსი (შალკე)
ტრავმა: ბუხტმანი, პეტიტი, ჩიჰი, უთი - ფერმანი, ჰიოვედესი, ბაუმიოჰანი, ჰოლტბი, ყენია, კლუგე
ხვალ
მაინცი-ფრაიბურგი 18:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: მუიჯა, ფლუმი (ფრაიბურგი)
ტრავმა: გოპკო, შიონჰაიმი, სვენსონი, ივანშიტცი, რისსე, შტიბერი - ბართი, შუსტერი
შტუტგარტი-ბორუსია (მ) 20:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბულარუზი, აუდელი, გებჰარდტი, გენტნერი (ყველა შტუტგარტი)
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 18 12 1 5 44-13 37
2. ბორუსია (დ) 18 11 4 3 40-13 37
3. შალკე 18 12 1 5 41-23 37
4. ბორუსია (მ) 18 11 3 4 28-12 36
5. ვერდერი 18 9 3 6 30-31 30
6. ლევერკუზენი 18 8 5 5 25-24 29
7. ჰანოვერი 18 5 9 4 20-24 24
8. ჰოფენჰაიმი 18 6 5 7 19-19 23
9. ვოლფსბურგი 18 7 2 9 24-34 23
10. შტუტგარტი 18 6 4 8 24-23 22
11. კიოლნი 18 6 3 9 27-36 21
12. ნიურნბერგი 18 6 3 9 19-28 21
13. ჰერტა 18 4 8 6 24-28 20
14. ჰამბურგი 18 4 7 7 22-32 19
15. მაინცი 18 4 6 8 24-32 18
16. კაიზერსლაუტერნი 18 3 8 7 13-21 17
17. ფრაიბურგი 18 4 4 10 22-39 16
18. აუგსბურგი 18 3 6 9 15-29 15
ბომბარდირები
16 - გომესი (ბაიერნი); 15 - ჰუნტელაარი (შალკე); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 12 - პისარო (ვერდერი); 11 - როისი (ბორუსია /მ/); 10 - რაული (შალკე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"