რეკორდმაისტერმა ჰამბურგში ვერ მოიგო (1:1), "შალკემ" საკუთარ მოედანზე "მაინცს" მხოლოდ ერთი ქულა დაატოვებინა (ასევე 1:1), მიონხენგლადბახის "ბორუსია" კი ვოლფსბურგში დამუხრუჭდა (0:0).
მოწინავე ოთხეულიდან მხოლოდ "დორტმუნდმა" შეძლო სამი ქულის მოპოვება (2:0 ნიურნბერგში) და ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად სწორედ იურგენ კლოპის ბიჭები ჩაუდგნენ.
უშუალოდ დორტმუნდის კუთხით კი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უდავოდ ლუკას ბარიოსის გოლია.
შესაბამისად, მისი ზეიმი ძალიან ემოციური იყო: ლუკასი დორტმუნდელ ფანებთან მიიჭრა მუშტებს მკერდზე ისე იბრაგუნებდა, იფიქრებდით, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არისო - მონატრებულმა გოლმა ბარიოსი რამდენიმე წამით ჭკუიდან შეშალა!
მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ბარიოსი "ბორუსიაში" თავისი სურვილით დარჩა. დორტმუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს ინგლისურმა "ფულჰემმა" ისეთი წინადადებით მოგვმართა, რომ ჩვენ უკვე თანახმა ვიყავით, მაგრამ BVB-დან წასვლა ბოლოს თავად ლუკასმა იუარაო.
ეს თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა: "თანაგუნდელები და ფანები სულ მეუბნებოდნენ, არ წახვიდეო. მეც ჩემს გულისთქმას მივენდე და გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი, - თქვა ბარიოსმა მატჩის შემდეგ და იქვე დაამატა, - ვარჯიშებზე თავს არ დავზოგავ და ვიცი, რომ მწვრთნელი ამას დამიფასებს."
ცხადია, კლოპიც გახარებულია, ლუკასი დორტმუნდში რომ დარჩა და ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე პირველი გოლიც გაიტანა.
* * *
კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ "დორტმუნდი" "ბაიერნზე" გაცილებით უკეთეს ფორმაშია: "ბორუსიამ" ჰამბურგში ამას წინათ 5:1 მოიგო, მიუნხენელებმა კი იქ მხოლოდ 1:1-ს მიაღწიეს და ლიდერობაც დაკარგეს. რომ არა "ჯოკერი" ივიცა ოლიჩი, "ბაიერნი" სულაც დამარცხდებოდა - რეკორდმაისტერს ქულა სწორედ შეცვლაზე შესულმა ხორვატმა თავდამსხმელმა გადაურჩინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბაიერნი" ამ სეზონში აქამდე მხოლოდ ერთხელ, მე-14 ტურის შემდეგ არ იყო ლიდერი...
ამიტომაც იყო ბავარიული გრანდის სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი გაბრაზებული - მეორე წრე ძალიან ცუდად დავიწყეთ, 3-ქულიანი უპირატესობა გავანიავეთ, ახლა 2-ქულიანი ჩამორჩენა გვაქვს და უკვე ცხადია, რომ მაგრად დავიწნეხეთო. "ჰამბურგმა" კი ქულა ნაღდად დაიმსახურა, რადგან ექს-ბაიერნელი ტორსტენ ფინკის ბიჭებმა საკმაოდ დისციპლინირებული ფეხბურთი ითამაშეს, თავდამსხმელმა პაულო გერერომ კი სულაც ასეთი რამ თქვა, სულელური გოლი მივიღეთ, "ბაიერნმა" დღეს ფრეც კი არ დაიმსახურაო.
ჰამბურგის პუბლიკამ 20 წლის იტალიელი ფეხბურთელის, აქამდე ბევრისთვის უცნობი ჯაკოპო სალას ბრწყინვალე გოლით გაიხარა. ამ ბიჭს ახლავე გაგაცნობთ: სალა 15 წლის იყო, როცა ბერგამოდან ლონდონში გადასახლდა და "ჩელსის" ფორმა მოირგო. ზაფხულში ის "ჰამბურგში" ჩაიყვანეს და მას მერე თითქმის სულ ტრავმირებული გახლდათ, ახლა კი, მესამე თამაშში პირველი გოლი გაიტანა და თანაც როგორი - მაკრატელა! სიხარულისგან გაოგნებული ვარო, ამბობდა ახალგაზრდა იტალიელი მატჩის შემდეგ.
"ბაიერნში" არავის არაფერი გახარებია და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში რეკორდმაისტერმა "ჰამბურგი" 5:0 გაანადგურა.
"ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო! "ჰამბურგთან" 1:1 არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირველ ადგილზე ვიყოთ. რაღაც გვაკლია, უფრო სწორად დაგვაკლდა - ზამთრის პაუზის შემდეგ," - ეს არიენ რობენის სიტყვებია.
კაპიტანმა ფილიპ ლამმა კი უფრო კონკრეტულად ისაუბრა: "იდეები არ გვქონდა, გადამწყვეტ პასებს ვერ ვაკეთებდით. ქულებს იოლად ვკარგავთ და ეს არ მომწონს."
ერთადერთი ბაიერნელი, რომელსაც ნამდვილად ვერ დავძრახავთ, ოლიჩია.
ყველაზე ნაღდი განცხადება ექს-ბაიერნელმა შტეფან ეფენბერგმა გააკეთა - რამდენიმე კვირაა, ვხედავთ, რომ ფეხბურთის თამაში დორტმუნდელებს ბაიერნელებზე მეტად სიამოვნებთო.
მართალია და ეს უკვე სატურნირო ცხრილზეც აისახა.
* * *
"შალკე" შენს გვერდითაა, რუდი!" - აი, ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გადმოფინეს გელზენკირხენელმა ფანებმა "ფელტინს არენაზე" და იქვე იყო რუდი ასაუერის ყველაზე ცნობილი ფოტოც: რუდი უეფას თასით და სიგარით. ვისაც ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება, შევახსენებთ, რომ რუდი ასაუერი "შალკეს" ყოფილი, ამ გუნდის უახლესი ისტორიის ყველაზე წარმატებული შეფია, რომელიც ახლა ძალიან ავადაა და სიკვდილს ებრძვის.
გელზენკირხენელ გულშემატკივრებს კი ძალიან უნდოდათ, რომ "მაინცთან" გამარჯვება სწორედ ასაუერისთვის მიეძღვნათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა: ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ, "შალკე" საკუთარ მოედანზე "მაინცთან" მხოლოდ 1:1-ს დასჯერდა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მაინცელთაგან გოლი მოჰამედ ზიდანმა გაიტანა - ეგვიპტელი თავდამსხმელი "სახლში" დორტმუნდიდან იმ კვირაში დაბრუნდა და კარნავალელებს პირველივე შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გოლით შეეწია. "შალკეს" გოლიც ახალწვეულის ანგარიშზეა: "ჰოფენჰაიმიდან" ნაყიდმა ჩინედუ ობასი ოგბუკემ წონასწორობა 59-ე წუთზე აღადგინა.
* * *
ხანდახან "როლს როისიც" ვერ დადის ისე, როგორც ჩვენ გვინდა - მიონხენგლადბახელებს ვოლფსბურგში ბევრი არაფერი გამოუვიდათ, თუმცა თამაშის მოგება მაინც შეეძლოთ და გადამწყვეტ მომენტში "გლადბახის" ლიდერმა მარკო როისმა, როგორც ვამბობთ ხოლმე, ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. 22 წლის გარემარბი 69-ე წუთზე "ვოლფების" კიპერ დიეგო ბენალიოსთან პირისპირ დარჩა და რვა მეტრიდან კარს ააცილა. მარკოს ამის გამო ძალიან რცხვენოდა და საფინალო სასტვენის შემდეგ ყველას მოუბოდიშა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებულ მომენტში როისს კიდევ უფრო უკეთეს პოზიციაში მყოფი ჰანკესთვის შეეძლო პასის მიცემა. მატჩის შემდეგ ამ უკანასკნელმა თქვა, როისმა მეც მომიხადა ბოდიშიო. თუმცა მიონხენგლადბახელთა დამრიგებელი ლუსიენ ფავრი ქულითაც კმაყოფილი დარჩა - ვოლფსბურგში მოგება ხომ ყველას უჭირს, ფრე ჩვენთვის კარგი შედეგიაო.
"ვოლფსბურგის" მწვრთნელ-მენეჯერმა ფელიქს მაგათმა კი თავისი რეკორდი კიდევ გააუმჯობესა - მოედანზე ახალწვეული იბრაჰიმ სისოკო რომ შეუშვა, ეს რიგით 36-ე ფეხბურთელი გახლდათ მათ შორის, ვინც "დესპოტმა ფელიქსმა" ამ სეზონში გამოიყენა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მაგათმა თავისი საუკეთესო თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი დასაჯა - ამ უკანასკნელმა წინა ტურის შემდეგ თქვა, "ვოლფსბურგიდან" წასვლაზე ვფიქრობო და როგორც ჩანს, არც ვარჯიშებზე მოინდომა ისე, როგორც მაგათი ითხოვს. სწორედ ამიტომ, "მგლების" საუკეთესო გოლეადორი შაბათს 45 წუთის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
* * *
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერლინის "ჰერტა" კრიზისშია. დედაქალაქელებმა ახალი მწვრთნელის, მიხაელ სკიბეს ხელში მესამე თამაშიც წააგეს და უკვე აღარ ეხუმრებათ! "ჰანოვერთან" (0:1) გუნდის კაპიტანი ჩვენებური ლევან კობიაშვილი იყო და ცუდია, რომ ბერლინელები ამ თამაშშიც დამარცხდნენ.
"ჰანოვერმა" კი ისევ ისე ითამაშა, როგორც თამაშობს ხოლმე და ისევ მოჰამედ აბდელაუს გოლით მოიგო. ნორვეგიელი ფორვარდის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 11 გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ გოლების ნახევარი სწორედ მას გააქვს. ამ გამარჯვებით მირკო სლომკას შეგირდები საუკეთესო "ექვსეულს სათოფეზე" მიუახლოვდნენ.
"ლევერკუზენმა" ვერც "შტუტგარტს" მოუგო (2:2) და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "ფარმაცევტები" ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას უნდა დაემშვიდობონ.
"შტუტგარტი" კი, თავის მხრივ, ევროპა ლიგის საგზურზე ოცნებას ეთხოვება. "აუგსბურგმა" "ჰოფენჰაიმთან" სასიცოცხლო მნიშვნელობის ფრეს მიაღწია - ეს გუნდი გადარჩენისთვის უკვე, როგორც იტყვიან, კბილებითა და ფრჩხილებით იბრძვის...
გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური
ნიურნბერგი-ბორუსია (დ) 0:2
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო (80. ბუნიაკუ), ვოლშაიდი, ჰლუშეკი - კოენი (60. ჩენდლერი), სიმონსი - ჰეგელერი, დიდავი, აიგლერი (59. ესვაინი) - პეკჰარტი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (22. ლაიტნერი), კელი - ბლაშჩიკოვსკი (88. გიუნდოგანი), კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (72. ბარიოსი).
გოლები: 0:1 კელი (48), 0:2 ბარიოსი (82)
გაფრთხილება: ფოილნერი (ნიურნბერგი)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 12(3)-11(61); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 45 572
ჰერტა-ჰანოვერი 0:1
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - მორალესი, ჰუბნიკი, ნოიმანი, კობიაშვილი - ოტლი (83. რუკავიტსია), ნიმაიერი - ებერტი (66. რონი), ლუსტენბერგერი, რამოსი - ლასოგა.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, კ. შულცი (36. ავევორი), პანდერი - პინტუ, შმიდებახი (46. დიუფი) - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი, აბდელაუ (89. სობიეხი).
გოლი: 0:1 აბდელაუ (68)
გაძევება: ნოიმანი (75. ჰერტა)
გაფრთხილება: ჩერუნდოლო, სობიეხი (ჰანოვერი)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 16-24; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(3)-9(4); ბურთის ფლობა: 48%-53%.
მაყურებელი: 36 997
შალკე-მაინცი 1:1
შალკე (4-1-2-1-2): უნერშტალი - ჰიოგერი, პაპადოპულოსი, ჰიოვედესი, ფუხსი - მატიპი - ობასი, დრაქსლერი (46. ხურადო) - რაული (74. პუკი) - მარიკა (46. ფარფანი), ჰუნტელაარი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ზაბავნიკი - კირხჰოფი - მ. კალიჯური (69. ნ. მიულერი), სოტო (83. მალი) - პოლანსკი (75. ბაუმგარტლინგერი) - ზიდანი, ჩუპო-მოტინგი.
გოლები: 0:1 ზიდანი (15), 1:1 ობასი (59)
გაფრთხილება: ობასი, ფუხხი - კირხჰოფი, პოსპეხი
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10(2)-15(2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 60 557
ლევერკუზენი-შტუტგარტი 2:2
ლევერკუზენი (4-1-2-1-2): ლენო - ჩორლუკა, შვააბი, მ. ფრიდრიხი, კადლეცი - რაინარტცი - კასტრო, როლფესი - ლ. ბენდერი (72. სემი/84. რენატო) - კისლინგი, შიურლე.
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი (79. ჰაინალი), გენტნერი - ოკაზაკი (76. ჰარნიკი), შიბერი - იბიშევიჩი, კაკაუ.
გოლები: 1:0 კისლინგი (11), 1:1 შიბერი (23), 2:1 როლფესი (47-პენ), 2:2 ჰარნიკი (89)
გაძევება: კადლეცი (63. ლევერკუზენი), მოლინარო (92. შტუტგარტი)
გაფრთხილება: კისლინგი - კვისტი, შიბერი, იბიშევიჩი, კაკაუ, ჰარნიკი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 19-29; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(6)-14(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 27 929
ვოლფსბურგი-ბორუსია (მ) 0:0
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში, რუსი, ფელიპე, როდრიგესი - ჟოსუე, ირჟაჩეკი - სისოკო (46. მანჯუკიჩი), მ. შეფერი - დეჟაგა (62. სიო), პოლტერი (82. ოხსი).
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი, არანგო - როისი, ჰანკე (75. დე კამარგო).
გაფრთხილება: ირჟაჩეკი - იანტშკე
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 8-13; კარში დარტყმა: 11(2)-5(0); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 30 000
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 2:2
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი - რობერტო ფირმინიო, სალიჰოვიჩი (71. ვაისი) - მლაპა (75. ლაკიჩი), ბაბელი - მუსონა (71. ვუკჩევიჩი).
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, ს. ლანგკამპი, კალსენ-ბრაკერი, დე იონგი - ბაიერი, ჰოსოგაი - მ. ნდიენგი (88. ბრინკმანი), იორლი, ვერნერი (61. კოო) - მიოლდერსი.
გოლები: 0:1 მიოლდერსი (31), 1:1 მლაპა (38), 2:1 სალიჰოვიჩი (51-პენ), 2:2 ს. ლანგკამპი (72)
გაფრთხილება: ვილიამსი, სალიჰოვიჩი, ბაბელი, ვესტერგაარდი - ს. ლანგკამპი, ბაიერი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13(4)-11(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 22 500
ჰამბურგი-ბაიერნი 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - რინკონი, იაროლიმი (92. ტეშე) - სალა (75. ილიჩევიჩი), იანსენი - პეტრიჩი (71. სონი), გერერო.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ტიმოშჩუკი (61. ალაბა), ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი, კროოსი (64. ოლიჩი) - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
გოლები: 1:0 სალა (23), 1:1 ოლიჩი (71)
გაფრთხილება: ვესტერმანი, რინკონი - ბოატენგი, კროოსი
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13(1)-22(8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 57 000
ფრაიბურგი-ვერდერი 2:2
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, ჰიონი, ლუმბი - ფლუმი, მაკიადი - შმიდი (74. დ. კალიჯური), როზენტალი (62. სანტინი) - პუცილა (56. რაიზინგერი) - იენდრიშეკი.
ვერდერი (4-2-2-2): ვიზე - ფრიტცი, აფოლტერი, სოკრატისი, ჰართერცი - იგნიოვსკი, იუნუზოვიჩი - თრაიბული (76. შმიტცი), ექიჩი (63. მარინი) - როზენბერგი, პისარო.
გოლები: 0:1 პისარო (29), 1:1 მაკიადი (32), 1:2 პისარო (47), 2:2 შმიდი (70)
გაფრთხილება: იენდრიშეკი, დ. კალიჯური - პისარო, ექიჩი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18(6)-8(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 22 000
კაიზერსლაუტერნი-კიოლნი 0:1
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, იაია, როდნი, ბუგერა (63. იესენი) - ტიფერტი, ბორისიუკი - შაჰანი, იორგენსენი (78. სვიერჩოკი) - ვაგნერი, შეხტერი (46. კირხი).
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - სერენო, მაკენა, ჟერომელი, აიხნერი - ლანიგი (70. იშაკი), რიტერი - კლემენსი, პეჟკო (70. როში) - იაიალო - ნოვაკოვიჩი (88. პეცონი).
გოლი: 0:1 როში (72)
გაძევება: ბორისიუკი (40. კაიზერსლაუტერნი)
გაფრთხილება: როდნი, შაჰანი
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 6(3)-18(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 38 043
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 20 13 4 3 45-14 43
2. ბაიერნი 20 13 2 5 47-14 41
3. შალკე 20 13 2 5 46-25 41
4. ბორუსია (მ) 20 12 4 4 31-12 40
5. ვერდერი 20 9 5 6 33-34 32
6. ლევერკუზენი 20 8 7 5 28-27 31
7. ჰანოვერი 20 7 9 4 22-24 30
8. ჰოფენჰაიმი 20 6 6 8 22-24 24
9. კიოლნი 20 7 3 10 29-40 24
10. ვოლფსბურგი 20 7 3 10 24-36 24
11. შტუტგარტი 20 6 5 9 26-28 23
12. ჰამბურგი 20 5 8 7 25-34 23
13. მაინცი 20 5 7 8 28-34 22
14. ნიურნბერგი 20 6 3 11 19-31 21
15. ჰერტა 20 4 8 8 25-31 20
16. კაიზერსლაუტერნი 20 3 9 8 15-24 18
17. აუგსბურგი 20 3 8 9 19-33 17
18. ფრაიბურგი 20 4 5 11 25-44 17
ბომბარდირები
17 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე), 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 12 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი); 10 - რაული (შალკე).
მომდევნო ტური
10 თებერვალი: ვოლფსბურგი-ფრაიბურგი.
11 თებერვალი: ბორუსია (დ)-ლევერკუზენი, მაინცი-ჰანოვერი, ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი, ვერდერი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ჰერტა, ბორუსია (მ)-შალკე.
12 თებერვალი: აუგსბურგი-ნიურნბერგი, კიოლნი-ჰამბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"