დიდი შანსია, რომ მარკუსს მაშინაც სცოდნოდა, „ჰოფეში“ რომ დანიშნავდნენ - სხვანაირად გაუგებარია, რატომ თქვა მან „ჰერტასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი, რასაც მოჰყვა კიდეც ბერლინული კლუბის ბოსებთან ჩხუბი და მისი გათავისუფლება. ასეა თუ ისე, ახლა ბაბელი „ჰოფეს“ დამრიგებელია. მან „სოფლელებთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. „ჰოფენჰაიმმა“ მარკუსი გათავისუფლებული ჰოლგერ სტანისლავსკის შემცვლელის რანგში ოფიციალურად გუშინ წარადგინა.
ფაქტია, რომ ბევრი საქმე
ფაქტია, რომ ელიტაში გადასვლისა და პირველივე სეზონში უდიდესი სენსაციის მოხდენის შემდეგ (მაშინ დებიუტანტმა „ჰოფემ“ ბუნდესლიგის პირველი წრე მოიგო), „სოფლელებმა“ პროგრესი ვეღარ განიცადეს და ერთ ადგილს ტკეპნიან - არც ვარდებიან და ვერც მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გასაკვირი ის, რომ ბაბელს არ დაუკონკრეტებია, რა უნდა იყოს „ჰოფენჰაიმის“ მიზანი ამ სეზონში. ფაქტია, რომ გუნდს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრება.
„ჩემთვის ახლა უმთავრესი ის არის, რომ გუნდი კარგად გავიცნო, ფეხბურთელებს ვესაუბრო და გავიგო, რა უნდა თითოეულ მათგანს. საბოლოო ჯამში ჩემი ამოცანა გუნდის პროგრესირება იქნება. ფაქტია, რომ „ჰოფენჰაიმში“ უდიდეს პოტენციალს ვხედავ - ასე რომ არ იყოს, აქ მუშაობაზე არ დავთანხმდებოდი,“ - აღნიშნა ბაბელმა პრესკონფერენციაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"