"ჰერტა" კრასიმირ ბალაკოვს უმიზნებს

AutoSharing Option
"ჰერტას" ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის ძებნას აგრძელებენ. გუშინ "სქაი სპორტი" იტყობინებოდა, რომ ბერლინული კლუბის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ბულგარელ სპეციალისტ კრასიმირ ბალაკოვთან, რომელიც ახლა სპლიტის "ჰაიდუკში" მუშაობს.

მას აქტიური საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გერმანიაში, კერძოდ "შტუტგარტში" აქვს გატარებული, სადაც 1995-დან 2003 წლამდე თამაშობდა.

"ბილდი" კი წერს, რომ "ჰერტას" მენეჯერი მიხაელ პრეეტცი მოლაპარაკებებს გერმანელ მწვრთნელ თომას დოლთანაც აწარმოებს.

ხსენებული გამოცემის ცნობით, პრეეტსა და დოლის მრჩეველ ვოლფგანგ ფიოგესთან პირველი კონტაქტი გუშინ დილას შედგა. დოლი ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობდა, სადაც "ალ ჰალილ რიადს" ავარჯიშებდა, ეს
კლუბი 22 იანვარს დატოვა და ახლა ბუნდესლიგაში დაბრუნება უნდა.

აღსანიშნავია, რომ თომას დოლი გერმანიაში ბოლოს სამწლინახევრის წინ მოღვაწეობდა - 2008 წლის მაისში ის დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სლომკამ ლალა მოკვეთა
"ჰანოვერის" მთავარმა მწვრთნელმა მირკო სლომკამ ვეტერანი ალბანელი ფეხბურთელი ალტინ ლალა გუნდიდან ერთი კვირით მოკვეთა.

ეს სასჯელი გამოცდილმა ნახევარმცველმა იმის გამო დაიმსახურა, რომ ორშაბათს, ვარჯიშზე, სლომკას ასისტენტ ნორბერტ დიუველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ახლა, ლალა ერთი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად ივარჯიშებს და "ჰანოვერს" უახლოეს ორ მატჩში (ევროპის ლიგაში, "ბრიუგესთან" და ბუნდესლიგაში "შტუტგარტთან") ვეღარ დაეხმარება. ეს "ჰანოვერისთვის" მტკივნეული დანაკლისი არ არის, რადგან სლომკა ლალას ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ათამაშებს ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული