არც ცოლი, არც გელფრენდი...

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარემ რომან ვაიდენფელერმა გერმანული გაზეთ Bild-ის ჟურნალისტს თავისი პირადი ცხოვრების ერთი დეტალი გაანდო, რომელმაც მთელი გერმანიის ყურადღება მიიპყრო. 30 წლის გოლკიპერის თქმით, ის ეძებს "ნამდვილ ქალს, ოღონდ არა გასართობად, არამედ თანაცხოვრებისთვის".

ვაიდენფელერის გულახდილობამ სრულიად გერმანიის სუსტი სქესის წარმომადგენელთა თავისუფალი, მარტოხელათა ნაწილი ააფორიაქა – რომანს არც გარეგნობა დაეწუნება, არც ფინანსური მდგომარეობა, თან მთელი ქვეყნის მასშტაბით დამსახურებული და პოპულარული კაცია...

მერე კი გაირკვა, რომ "ბორუსიას" რიგებში მარტოხელა მხოლოდ ვაიდენფელერი როდია. კიდევ სამია ასეთი...

21 წლის შინჯი კაგავა დორტმუნდში იაპონიიდან აგვისტოში
ჩავიდა, მაგრამ ქალებზე ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებობს: "გაოგნებული ვარ დორტმუნდში ლამაზი ქალების სიმრავლით. განსაკუთრებით ქერათმიანი გოგონები მომწონს".

თუმცა, იაპონელ ნახევარმცველს ჯერჯერობით არ სცალია "არასაფეხბურთო" კავშირების დასამყარებლად: "ამ ეტაპზე მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. თავისი უნარების განვითარებას მხოლოდ ის ახერხებს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს".

ეს დევიზი დორტმუნდული კლუბის მეორე მეკარე მიტჩელ ლანგერაკსაც მოუხდება, ვისაც მშობლიური მელბურნისგან და, შესაბამისად, ოჯახისგან 16 355 კილომეტრი აშორებს. თუმცა მარტოობა მას ჯერჯერობით არ აწუხებს.

"აქ გულღია, კეთილი ხალხი ცხოვრობს. მე ეს მომწონს", - თქვა 22 წლის ავსტრალიელმა. უნდა ითქვას, რომ ლანგერაკი დორტმუნდელი გოგონების საოცნებო მამაკაცად მიიჩნევა...

სერბი მცველი ნევენ სუბოტიჩი "ბორუსიას" ორი წლის წინათ შეუერთდა და იმხანად მისი გული ჭოკითმხტომელ ლიზა რიჟიხს ეკუთვნოდა, გერმანიაში გადასახლებულ რუს გოგონას. მათი ურთიერთგატაცება ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა სუბოტიჩი ამბობს, მე და ლიზა მეგობრებად დავრჩითო. "როცა ლიზამ ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მე პირველი ვიყავი, ვინც სმს-ით მიულოცა", - იხსენებს 21 წლის მცველი.

ასეა – დორტმუნდის "ბორუსიის" მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია მარტოხელა და გერმანული ყვითელი პრესის ფლაგმანი Bild-ი მოუთმენლად ელის, თუ ვინ გამოაკლდება პირველი ამ უცოლოთა და უგელფრენდოთა კვარტეტს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული