კობიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა; ლუკასს კი პირდაპირ წითელი აუფრიალეს და შესაბამისად, შედარებით ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.
12 მარტს გერმანიის საფეხბურთო კავშირმა პოდოლსკისაც მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თუმცა კიოლნელები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებენ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კობიაშვილმა "ბერლინერ ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოდოლსკი დაიცვა!
"ლუკას პოდოლსკის
მსაჯის გადაწყვეტილება გადაჭარბებულად მიმაჩნია. ინციდენტის შემდეგ ლუკასმა და მე გასახდელში მშვიდად ვისაუბრეთ და ბოლოს ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით," - უთხრა 34 წლის ქართველმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
დიდი შანსია, რომ კობის ასეთი განცხადება პოდოლსკის დისკვალიფიკაციის მოხსნაში დაეხმაროს.
რაც შეეხება ჰერტას...
აუგსბურგში 0:3, "ვერდერთან" 1:0, კიოლნში 0:1 - აი, ასეთია ოტო რეჰაგელის მონაგარი ბერლინის "ჰერტაში" დანიშვნიდან დღემდე. მართალია, "ვერდერთან" გამარჯვებამ სიტუაცია ოდნავ გამოასწორა, მაგრამ ბერლინელთა 73 წლის დამრიგებელი გვირაბის ბოლოს სინათლეს ჯერ კიდევ ვერ ხედავს.
"ბოლო ორ შეხვედრაში ბიჭები უკვე კარგად იბრძოდნენ, მაგრამ კიოლნში მხოლოდ ბრძოლა საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, "ჰერტას" ხარისხიანი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია. მომდევნო ტურში "ბაიერნს" ვხვდებით და ისევ მხოლოდ ბრძოლისუნარიანობისა და იღბლის იმედად უნდა ვიყოთ", - უთხრა რეჰაგელმა "კიკერს".
კობიაშვილმა "კიკერთან" საუბრისას შემტევი ფეხბურთელები გააკრიტიკა: "თითოეულმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, შეუძლია და უნდა თუ არა ასი პროცენტით დახარჯვა. პირადად მე, ჩვენი წინა ხაზის შემართება და მონდომება არ მაკმაყოფილებს", - თქვა ლევანმა.
რეჰაგელი კი უფრო კონკრეტულად საუბრობს, ვინც გოლეადორი არ არის, არ არის და მორჩაო, რითაც ენის ბენ-ჰატირას აკრიტიკებს, რომელმაც ბოლო წუთებზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა - ნაცვლად იმისა, რომ ცარიელ კართან მდგარი ორი თანაგუნდელიდან რომელიმესთვის პასი მიეცა, თავად დაარტყა და კარს ააცილა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"