ლევან კობიაშვილის კაცური საქციელი: ლუკასს ჩემთვის არ დაურტყამს

AutoSharing Option
10 მარტს, "კიოლნისა" და "ჰერტას" უმძაფრეს მატჩში, რომელიც "თხებმა" 1:0 მოიგეს, მსაჯმა ერთმანეთში კინკლაობისთვის ბერლინელთა ქართველი კაპიტანი ლევან კობიაშვილიც გააძევა და "კიოლნის" ლიდერი ლუკას პოდოლსკიც (იხილეთ ვიდეო).

კობიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა; ლუკასს კი პირდაპირ წითელი აუფრიალეს და შესაბამისად, შედარებით ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.

12 მარტს გერმანიის საფეხბურთო კავშირმა პოდოლსკისაც მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თუმცა კიოლნელები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებენ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კობიაშვილმა "ბერლინერ ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოდოლსკი დაიცვა!

"ლუკას პოდოლსკის
ჩემთვის არ დაურტყამს, არც დარტყმა უცდია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოუყენებია. გაძევებას არც ლუკასი იმსახურებდა და არც მე.

მსაჯის გადაწყვეტილება გადაჭარბებულად მიმაჩნია. ინციდენტის შემდეგ ლუკასმა და მე გასახდელში მშვიდად ვისაუბრეთ და ბოლოს ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით," - უთხრა 34 წლის ქართველმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

დიდი შანსია, რომ კობის ასეთი განცხადება პოდოლსკის დისკვალიფიკაციის მოხსნაში დაეხმაროს.

რაც შეეხება ჰერტას...
აუგსბურგში 0:3, "ვერდერთან" 1:0, კიოლნში 0:1 - აი, ასეთია ოტო რეჰაგელის მონაგარი ბერლინის "ჰერტაში" დანიშვნიდან დღემდე. მართალია, "ვერდერთან" გამარჯვებამ სიტუაცია ოდნავ გამოასწორა, მაგრამ ბერლინელთა 73 წლის დამრიგებელი გვირაბის ბოლოს სინათლეს ჯერ კიდევ ვერ ხედავს.

"ბოლო ორ შეხვედრაში ბიჭები უკვე კარგად იბრძოდნენ, მაგრამ კიოლნში მხოლოდ ბრძოლა საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, "ჰერტას" ხარისხიანი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია. მომდევნო ტურში "ბაიერნს" ვხვდებით და ისევ მხოლოდ ბრძოლისუნარიანობისა და იღბლის იმედად უნდა ვიყოთ", - უთხრა რეჰაგელმა "კიკერს".

კობიაშვილმა "კიკერთან" საუბრისას შემტევი ფეხბურთელები გააკრიტიკა: "თითოეულმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, შეუძლია და უნდა თუ არა ასი პროცენტით დახარჯვა. პირადად მე, ჩვენი წინა ხაზის შემართება და მონდომება არ მაკმაყოფილებს", - თქვა ლევანმა.

რეჰაგელი კი უფრო კონკრეტულად საუბრობს, ვინც გოლეადორი არ არის, არ არის და მორჩაო, რითაც ენის ბენ-ჰატირას აკრიტიკებს, რომელმაც ბოლო წუთებზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა - ნაცვლად იმისა, რომ ცარიელ კართან მდგარი ორი თანაგუნდელიდან რომელიმესთვის პასი მიეცა, თავად დაარტყა და კარს ააცილა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევანი მაგარი კაცია.. ჩვენს ნაკრებსში ყველაზე დიდ პატივს მას ვცემ ..
nika
10:56 14-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული