ბუნდესლიგა. შალკეს მათი გოლები სჭირდება!

AutoSharing Option
ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკლუბი ფეხბურთი გვიბრუნდება. პარასკევის მატჩი ბუნდესლიგის მესამე ტურშიც ძალიან საინტერესოა, რადგან დღეს ზინსჰაიმში ლიდერი "ჰოფენჰაიმი" და ორი ტურის შემდეგ უქულოდ მყოფ "შალკეს" მასპინძლობს. მართალია, ორი ტურის შემდეგ სერიოზული დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ "ჰოფე" ბუნდესლიგის ცხრილს დამსახურებულად ლიდერობს: "სოფლელებმა" პირველ ტურში "ვერდერს" გადაურბინეს (4:1), მეორე ტურში კი "ზანკტ პაული" დაამარცხეს (1:0) და თავს ექვსი ქულით იწონებენ.

"შალკე" კი აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობაშია: ფელიქს მაგათის ამბიციურმა გუნდმა ორივე თამაში წააგო, რაც იმას
ნიშნავს, რომ დღეს გელზენკირხენულ კლუბს მინიმუმ ქულა ჰაერივით სჭირდება. შექმნილი კრიზისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო იმისა, რომ მაგათმა აგვისტოს ბოლოს მილიონები დახარჯა და ათ ახალწვეულს კიდევ სამი მაღალი კლასის მოთამაშე მიამატა: კლაას იან ჰუნტელაარი, ნიკოლა პლესტანი და მანუელ ხურადო. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დღეს რაულს ჰუნტელაარის სახით იდეალური მეწყვილე ეყოლება, მაგათს კი სასწრაფოდ სჭირდება ამ დუეტის გოლები, რათა "შალკემ" შვებით ამოისუნთქოს.

დღეს "დესპოტი ფელიქსი" სავარაუდოდ ახალგაზრდა იაპონელ მარჯვენა მცველს, აცუტო უჩიდას ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი ტრავმირებულია და საღამომდე გამოჯანმრთელება არ უწერია. თუმცა უჩიდას არყოფნა "შალკესთვის" სერიოზული დანაკლისი ნაღდად არ არის, რადგან იაპონელმა ფეხბურთელმა პირველ ორ თამაშში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და "კიკერისგან" საშინელი შეფასებები (ორივე მატჩში 5 ბალი) დაიმსახურა.

სამაგიეროდ, ჯეფერსონ ფარფანს ძირითად შემადგენლობაში თამაში ჰუნტელაარის ყიდვის შემდეგაც კი განაღდებული აქვს. მაგათი ამბობს, ფარფანს სასტარტოდან ამოვარდნის საფრთხე არ ემუქრებაო. "ბოლო წამს" ნაყიდ ახალწვეულთაგან კი ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ მხოლოდ ჰუნტელაარი ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები
ჰოფენჰაიმი (4-3-3): შტარკე - ბეკი, შიმუნიჩი, ვორსა, კომპერი - ვაისი, ლუის გუსტავო, სალიჰოვიჩი - მლაპა, იბიშევიჩი, ბა.
შალკე (4-1-3-2): ნოიერი - ჰიოვედესი, მატიპი, მეტცელდერი, შარპეი - ჯონსი - კლუგე, რაკიტიჩი, ფარფანი - რაული, ჰუნტელაარი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შალკე არ წააგებს, მაგრამ შეიძლება ვერ მოიგოს. ბუნდესლიგაში ორ ტურში მარტო ერთი ნიჩია დაჯდა ისე.. მოიკლედ, დღეს შალკე არ აგებს რა
Germaneli
13:11 10-09-2010
0
დღეს შალკე გაიმარჯვებს
koba
11:29 10-09-2010
0

სიახლეები პოპულარული