კლოზე რეკორდებისკენ

AutoSharing Option
მირო მათეუსისა და გერდ მიულერის ტახტიდან ჩამოგდებას გეგმავს

აზერბაიჯანთან მატჩის მეორე დღეს მიროსლავ კლოზე იქ იყო, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად უყვარს: სახლში, სამზარეულოს მაგიდასთან. მის ტყუპებს, ლუანს და ნოას (5) იმ დღეს სასურველი კერძის მირთმევის უფლება ჰქონდათ, მეუღლე სილვია, პოლონურ ბორშჩს ამზადებდა, "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი კი ბედნიერი გახლდათ. ბუნდესგუნდმა აზერბაიჯანს 6:1 მოუგო, კლოზემ კი დუბლი შეასრულა და ამ მატჩით ისტორია შექმნა.

ეს იყო მიროს რიგით 103 შეხვედრა ბუნდესგუნდში და ამ მაჩვენებლით ის თვით ფრანც ბეკენბაუერს გაუთანაბრდა. ამას გარდა,
კლოზეს გერმანიის ნაკრების მაისურით უკვე 55 გოლი აქვს გატანილი, რითაც ბუნდესგუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა.

"შესანიშნავი განცდაა ის, რომ ასეთ სტატისტიკას ჩემი კარიერის დასრულების შემდეგაც კი არავინ დაივიწყებს. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი კარიერა გრძელდება. პირდაპირ გეტყვით: ჩემი მიზანი გერდ მიულერისა და ლოთარ მათეუსის რეკორდების დამხობაა," - უთხრა კლოზემ "ბილდის" კორესპონდენტს. მიულერი და მათეუსი გერმანული ფეხბურთის მთავარი რეკორდსმენები არიან:

"ნაციის ბომბარდირად" წოდებულ გერდს ბუნდესგუნდის ფორმით 68 გოლი აქვს გატანილი, მათეუსს კი 150 მატჩი აქვს ჩატარებული.
"ცხადია, გერდ მიულერის კვოტის გაუმჯობესება შეუძლებელია, რადგან მას 62 მატჩში გატანილი 68 გოლით არაამქვეყნიური ბალანსი აქვს. მან ორ მუნდიალზე 14 გოლი გაიტანა - ესეც განუმეორებელი შედეგია. შესაბამისად, ჩემი მხრიდან საკუთარი თავის მიულერთან შედარება უაზრობაა, მაგრამ მასზე მეტი გოლის გატანა კი მინდა და ვფიქრობ, გერმანიის ნაკრებში მინიმუმ 13 გოლის გატანას ნამდვილად შევძლებ და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გავხდები.

მინდა, ლოთარსაც გავასწრო, მაგრამ ეს უფრო ძნელი იქნება, რადგან გამოდის, რომ გერმანიის ნაკრებში კიდევ 47 მატჩი უნდა ჩავატარო," - აცხადებს კლოზე, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე სურს გერმანიის ნაკრებში თამაში, მათეუსის რეკორდის დამხობა უტოპიად აღარ მოგვეჩვენება.

32 წლის მიროს კარიერაში ჩავარდნებიც ჰქონდა, მაგრამ... "ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კარგი და ცუდი პერიოდები. მთავარია, სასოწარკვეთას არ მიეცე და ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების," - ამბობს მირო, რომელმაც ისიც კარგად იცის, რომ თუკი უნდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყოს, სანაკრებო დონეზე მინიმუმ ერთი ტიტული მაინც უნდა მოიგოს. კლოზეს მიზანი 2012 წელს ევროპის ჩემპიონობა, ხოლო 2014-ში კი მსოფლიოს ჩემპიონობაა.

ბუნდესგუნდში ჩატარებული მატჩები
1. ლოთარ მათეუსი	150
2. იურგენ კლინსმანი	108
3. იურგენ კოლერი	105
4. მიროსლავ კლოზე	103
5. ფრანც ბეკენბაუერი	103

ბუნდესგუნდში გატანილი გოლები
1. გერდ მიულერი       	68
2. მიროსლავ კლოზე	55
3. იოახიმ შტრაიხი   	55
4. იურგენ კლინსმანი	47
5. რუდი ფიოლერი	47
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული