კლუბისთვის სასურველ მწვრთნელებს შორის ბულგარელი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც სჯერა, რომ "კაიზერსლაუტერნის" გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. პრესკონფერენციაზე ბალაკოვმა თქვა, რომ "ლაუტერნში" იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდება და 1. FCK-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა.
წინა დღეებში გერმანული პრესა წერდა, "კაიზერსლაუტერნმა" ბალაკოვის აწ უკვე ყოფილ კლუბ სპლიტის "ჰაიდუკს" ერთი მილიონი ევრო უნ
"ლაუტერნის" მენეჯერმა შტეფან კუნტცმა აღნიშნა, რომ ბალაკოვის დანიშვნა იდეალური გამოსავალი იყო და ბულგარელი სპეციალისტი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო. მონდომებული და მოტივირებულია თავად კრასიმირიც, რომელმაც "კაიზერსლაუტერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი დღის წინ გათავისუფლებული მარკო კურცი შეცვალა.
მთავარია, თავი არ დავკარგოთ!
"მთავარია, თავი არ დავკარგოთ! - თქვა ბალაკოვმა, - ახლა გუნდი ისეთ სიტუაციაშია, რომ შექმნილ ვითარებას მსუბუქად უნდა შევხედოთ. უნდა დავმშვიდდეთ, რადგან ზედმეტი ნერვიულობა არაფერს გვარგებს. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და დარჩენილ მატჩებში შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
მე მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს საკმარისი პოტენციალი იმისათვის, რომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადაურჩეს. ამიტომაც დავთანხმდი აქ მუშაობაზე. ვიცი, რომ დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ ცდას არ დავაკლებთ."
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ლაუტერნი" მაინც გავარდა? ამ კითხვაზე ბალაკოვმა და კუნტცმა ერთხმად უპასუხეს, თანამშრომლობა გაგრძელდებაო. ბულგარელის თქმით, მას "კაიზერსლაუტერნში" ხანგრძლივი მისია აქვს, რაც ახალი გუნდის აშენებას და "ეშმაკებისთვის" ძველი დიდების დაბრუნებას გულისხმობს.
კრასიმირ ბალაკოვმა აქტიური სპორტული კარიერის საუკეთესო წლები "შტუტგარტში" გაატარა და სამწვრთნელო კარიერაც შვაბურ კლუბში 2003 წელს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებისთანავე დაიწყო. ჯერ ფელიქს მაგათის ასისტენტი გახლდათ, მერე კი მათიას ზამერისა.
"შტუტგარტში" ასისტენტობის შემდეგ ის შვეიცარიულ კლუბებში: "სენტ გალენსა" და "გრასჰოპერსში" მუშაობდა, რის შემდეგაც ბულგარულ "ჩერნომორეცს" წვრთნიდა. ამ ხნის მანძილზე სერიოზული წარმატებებისთვის არ მიუღწევია. ხოლო სპლიტის "ჰაიდუკი" კი მის ხელში ხორვატიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გახლდათ.
ფეხბურთელი ბალაკოვი, რომელსაც ბულგარეთის ნაკრებში 94 მატჩი აქვს ჩატარებული, მკითხველებს "შტუტგარტიდან" ეხსომებათ, სადაც 1995-იდან 2003 წლამდე ბუნდესლიგის ეგიდით 236 მატჩი ჩაატარა და ჯოვანი ელბერსა და ფრედი ბობიჩთან ერთად "მაგიური სამკუთხედის" ფენომენი შექმნა - 1996/97 წლების სეზონში ამ სამეულმა 49 გოლის გატანა შეძლო. ახლა კი ბალაკოვი ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა.
მისი დებიუტი შაბათს შედგება: "კაიზერსლაუტერნს" ბუნდესლიგის 27-ე ტურში უშუალო კონკურენტ "ფრაიბურგთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"